Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: უნდა გავბედოთ და ჩავატაროთ ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა, რომელიც შემოთავაზებულია

21 სექტემბერი, 2018 16:27

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე Facebook-ზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვრცელ წერილს ავრცელებს და მოუწოდებს კოლეგებს, უმოკლედ დროში მიიღონ კანონპროექტი, რომელიც ერთ წელზე მეტია, პარლამენტშია ინიცირებული.

ზოიძე ყურადღებას ამახვილებს ნარკოდამოკიდებული ადამიანების პრობლემებსა და საჭიროებებზე, რისი მოგვარებაც ძირეულ და კომპექსურ მიდგომას საჭიროებს. გთავაზობთ ზოიძის წერილს:

„პირველ ყოვლისა მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო: ყველა ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება დანიშნულების გარეშე არის მავნებელი და შეიცავს ამა თუ იმ სიმძიმის, მათ შორის უმძიმეს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის! სწორედ ამიტომ დაუშვებელია მათი თავისუფალი, ლეგალური მიმოქცევა!

თითოეული ეს ნივთიერება და მათ შორის მარიხუანა, რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ ბოლო პერიოდში, უნდა იყოს მკაცრი კონტროლის ქვეშ, როგორც ამას გვავალდებულებს გაერო და გვკარნახობს საღი აზრი და შესაბამისად დაექვემდებაროს მყარ რეგულაციებს, მათ შორის აკრძალვებს და აკრძალვის დარღვევის პრევენციისთვის მკაცრ და ზოგჯერ უმკაცრეს სასჯელებს!

სწორედ ამიტომ, მე მხარი დავუჭირე მარიხუანას მიმოქცევის იმ მკაცრ მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რომელიც კრძალავს ამ ნივთიერების წარმოებას, გაყიდვას, გავრცელებას, შენახვას, იმპორტს, გადაზიდვას და ფლობას მკაცრი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სასჯელებით და აწესებს პრაქტიკულად ტოტალურ შეზღუდვებს მის მოხმარებაზე, ასევე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სასჯელების მიყენებით ასაკობრივი, პროფესიული თუ საჯარო სივრცეში მოხმარებაზე. 

პრაქტიკულად, დასჯის გარეშე რჩება მხოლოდ მოხმარება პირად სივრცეში 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანისათვის, ისიც თუ არ ესწრება 21 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანი, - ამ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა ასეთ მომხმარებელსაც სახელმწიფო მკაფიო გზავნილს უგზავნის, რომ მარიხუანას მოხმარება მავნებელია მისი ჯანმრთელობისათვის და შესაძლოა გახდეს მისთვის დამღუპველი დამოკიდებულების წყარო.

ზოგიერთს, ამ ქვეყანაში ეს მკაცრი რეგლამენტაცია და სასჯელები შეიძლება მოეჩვენოს ზედმეტად მკაცრად და არ არის გამორიცხული, რომ ესეც გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ მე მჯერა, რომ შემოთავაზებული ჩარჩო ადექვატურია დღეს არსებული გამოწვევების და იმ ქაოტური სიტუაციის და სამართლებრივი ვაკუუმის დასაძლევად, რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შედეგად, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მარიხუანას მოიხმარს ყველა, განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა, დახურული თუ ღია საჯარო სივრცისა, იქ სადაც თამბაქოსაც არ ეწევიან, - და ამას აკეთებენ ყველას, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დასანახად! როდესაც ჩვენი მომავალი თაობა აბსოლუტურად დაუცველია, იმიტომ რომ ბოლო 27 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ერთი თეთრიც არ ჩადებულა სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულ და სწორ ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია/დანერგვისათვის და ვერანაირ საფრთხეს ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ ხედავს მარიხუანას მოხმარებაში. მკაცრი რეგლამენტაციით მჯერა რომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ქაოსის დამთავრებას.

მაგრამ განხილვაში მყოფი ამ კანონპროექტის მიღებით ჩვენ ვერაფერს ვაკლებთ იმ უმძიმეს პრობლემას, რომელიც შექმნილია ჩვენს სამშობლოში ნარკოდამოკიდებულების შედეგად, როდესაც 50 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება ჰეროინზე, უმძიმეს სინთეზურ ოპიატებზე და ამფეტამინებზე დამოკიდებულების ტყვეობაში, რის შედეგადაც იღუპება ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდა, უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, მორალური და ზოგჯერ ფიზიკური წნეხის ქვეშ იმყოფება ასიათასობით ადამიანი, - მათი ოჯახის წევრები, რომელთაც საბედისწერო არჩევანი არ გაუკეთებიათ ცნობისმოყვარეობის, თანატოლთა ზეწოლით, თუ ილუზორული ბედნიერების დევნაში გაესინჯათ ნარკოტიკი და გამხდარიყვნენ მასზე დამოკიდებული. ეს კანონი ვერაფრით შეაკავებს და ვერ აგვაცილებს ამ ახალგაზრდების უეცარ ტრაგედიებს თუ გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკას და იმ c ჰეპატიტის და აივ/შიდსის ინფექციებს, რომელთა გავრცელების ერთ-ერთ ძირითადი წყაროც სწორედ ნარკოდამოკიდებულებაა. და ბოლოს ეს კანონი ვერაფერს დააკლებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“, რომელიც უკვე ჰიდრად გადაიქცა, რომელსაც თავს რომ წააცლი, უმალ ახალი თავის ამოსდის, როგორც კი შსს ამკაცრებს „ტრადიციული“ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას და საქართველოს შავ ბაზარზე მათ დეფიციტი ჩნდება.

მეტიც, არა მხოლოდ ეს კანონი, არამედ ზოგადად კანონის სიმკაცრე ვერ გადაჭრის ნარკოდამოკიდებულების პრობლემას, რაზეც მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს 50-წლიანი გამოცდილება ნარკოტიკებთან რეპრესიული ფორმით ბრძოლისა და რომელმაც კოფი ანანის სიტყვებით, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ზიანი მოუტანა ქვეყნებს, ვიდრე თვითონ ნარკოტიკებმა.

უპირველესი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ, მთელი საზოგადოება ტოსეგუს ტაძარში გამოსახული სამი ბრძენი მაიმუნივით ვართ ბრმა, ყრუ და მუნჯი, როდესაც საქმე ეხება იმ აუტანელ ტვირთს, რომელიც აწევთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ეს არის ბოროტება, რომელიც შეიძლება ჩვენ და ჩვენ შვილებსაც შეგვეხოს.

ჩვენ „ბრმა“ ვართ და არ გვინდა დავინახოთ ეს „დამღადადებული“ ადამიანები და ამიტომ ჩვენგან და ჩვენი შვილებისგან რაც შეიძლება შორს, ციხეში ვმალავდით და ვმალავთ მათ. დახმარების ნაცვლად ვსჯით ადამიანებს, რომლებმაც ნარკოდამოკიდებულების, - ამ უმძიმეს სენის გამო, რომელიც შეიძლება ადრეულ ასაკში დაშვებული, მხოლოდ ერთ შეცდომის შედეგია, - დიდი ხანია დაკარგეს თავისუფალი თუ მორალური არჩევანი, როგორი ცხოვრების წესით იცხოვრონ და ვერანაირი სიყვარული თუ სასჯელის შიში ვერ აკავებს მათში ნარკოტიკისადმი პათოლოგიურ სწრაფვას. ჩვენ ვერ ვხედავთ ნარკოდამოკიდებული ადამიანების მეუღლეების სასოწარკვეთას და მათი შვილების საწყალ თვალებს, იმიტომ რომ იმის შეგნება დიდ მორალურ დისკომფორტს გვიქმნის, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ამ მეუღლეებს და ბავშვებს პრაქტიკულად ვერაფერს ვშველით, „განრიდების“ გარდა.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილ „ყრუა“ და არ ესმის ზედოზირების შედეგად შვილმკვდარი დედის ჩუმი ტირილი, იმიტომ რომ სირცხვილად მიაჩნია ამ ნაწილს და ხშირად თვითონ დედასაც ასეთი სიკვდილი; არ ესმის კრიჭაშეკრული მამის ჩუმი გმინვა, რომელიც უსუსურად შესცქერის როგორ ეღუპება შვილი და მზადაა ის ციხეში გაუშვას, ფუჭი იმედით, რომ ფიზიკურად გადაარჩინოს. ფუჭი იმიტომ, რომ იქიდან გამოსული 99%, საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყული, - უბრუნდება ნარკოტიკს და ადრე თუ გვიან იღუპება. ჩვენ ვართ ასევე ყრუ ნებისმიერი რაციონალური არგუმენტის და მტკიცებულების მიმართ, რომელიც ნარკოპოლიტიკის უმკაცრესზე უმკაცრესი მიდგომებიდან გადახვევას გულისხმობს, არ გვესმის სიტყვები რომლებიც არ გულისხმობს „ნარკომანის“ კიდევ უფრო მკაცრად დასჯას, სამუდამო პატიმრობას, ან კიდევ უკეთესი დახვრეტას ან ჩამოხრჩობას (ზოგჯერ მაშინაც კი, თუ ის ჩვენი ოჯახის წევრს შეეხება!).

ჩვენ ვართ „მუნჯი“ და არ ვლაპარაკობთ პროფესიონალურად, არგუმენტებიგმენტებით ნარკოდამოკიდებულებაზე და ნარკოპოლიტიკაზე, იმიტომ რომ ეს თემა არის ტაბუ და ყველა ვინც არ მოითხოვს დასჯას, დახვრეტას და ამოშანთვას, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების თუ ნარკომომხმარებელთა თემის წარმომადგენელი, პროფესიონალი ექსპერტი, ჩვეულებრივი მოქალაქე თუ პოლიტიკოსი, მაშინვე ხდება უკეთეს შემთხვევაში ამრეზილი დამოკიდებულების ობიექტი ( „ამას მეტი პრობლემები არააქვს რომ „დამპალ ნარკომანებზე“ დახარჯოს მისი და ან ჩვენი ძვირფასი დრო?“). და თუ ამას გაბედავს პოლიტიკოსი ან პარლამენტის წევრი, მაშინ ის აუცილებლად გახდება ემოციური და ზოგჯერ უბრალოდ ბინძური თავდასხმების ობიექტი, მოფაშისტო პოლიტიკანების ხელდასხმა/წაქეზებით და საყოველთაო ფეისბუქ გოდება/შეჩვენების თანხლებით და მას დაბრალდება „ნარკობარიგობა და ნარკობარონობა“ ან უკეთეს შემთხვევაში მათი ლობირება. და ამ საყოველთაო დევნაში ბევრი გულწრფელი და სათნო ადამიანი ჩაერთვება, იმიტომ რომ მათაც დააჯერებენ რომ ეს ერთადერთ გზაა „ერის გადასარჩენად“ და „ნარკოგენოციდის“ აღსაკვეთად.

ძირითადი მიზეზი ამ „სიბრმავის“, „სიყრუის“ და „მუნჯობის“ არ არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება არის დაუნდობელი ან არაჰუმანური, არამედ ის რომ ჩვენ ძალიან გვეშინია 90-იანი წლების დაბრუნება, როდესაც ნარკოტიკებმა დაახრჩო ერის საუკეთესო ნაწილი და როდესაც „კაიფი“ ელიტური ცხოვრების წესის განუყრელ ნაწილად მოიაზრებოდა. 

ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია, - მიუხედავად საზოგადოების ასეთი განწყობისა და მეტიც სწორედ ამ განწყობის და დამოკიდებულების, სტიგმის შესაცვლელად უნდა გავბედოთ და ჩავატაროთ ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა, რომელიც შემოთავაზებულია.

მე მჯერა, რომ გამსაღებლების მიმართ მკაცრი და მომხმარებლების და ნარკოდამოკიდებული ადამიანების და მათი ოჯახების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებით ჩვენ შევძლებთ ამ საყოველთაო შიშის დაძლევას და ფართომასშტაბიანი პრევენციის პროგრამებით ჩვენი ქვეყნისთვის ამ მართლაც ეგზისტენციალური პრობლემის მოგვარებას დროის იმ მონაკვეთში, რომ ჩვენი თაობა მომავალი თაობის წინაშე ვალმოხდილი წავიდეს ამ ქვეყნიდან. 

სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს რომ უმოკლეს დროში დავასრულოთ შეთანხმება და მიღება იმ საკანონმდებლო პაკეტის და უკვე წელიწადნახევარია იხილება საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ. შეგახსენებთ რომ უკვე შეჯერებული ვერსია მოიცავს სამ ძირეულ პრინციპს:

1. პრევენციის სისტემა (ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ანტინარკოტიკული განათლება და პროპაგანდა, ნარკოდამოკიდებულების სპეციალური კომისიების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით) - როგროც ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი; ამ მიზნით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების მობილიზება, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება! პრევენცია არის ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირების ერთადერთი გზა.

2. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან უმკაცრესი ბრძოლა და კანონმდებლობის გამკაცრება, განსაკუთრებით „სააფთიაქო ნარკომანიის“ მიმართულებით, რომლითაც ამ მიზნით გამოყენებული ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემას გავუტოლებთ ნარკოდანაშაულს და დავსჯით შესაბამისად ხანგრძლივი პატიმრობით როგორც იმ პირს ვინც გასცა, ასევე მის ხელმძღვანელობასაც; კანონის სიმკაცრე და ეფექტიანი სამართალდაცვით ღონისძიებები აუცილებელია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ანუ გასაღება-შესყიდვასთან ბრძოლაში, რომ შეიზღუდოს ნარკოტიკების მიწოდება;

3. ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება და ციხის ნაცვლად დახმარება. რაც გამოიხატება მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაციით (ანუ ციხის ნაცვლად მხოლოდ საჯარიმო სანქციების და სხვა ადმინისტრაციული სასჯელების დატოვებით) და პორტუგალიური მოდელის მსგავსად ნარკოდამოკიდებულების კომისიების შევქმნით საზოგადოებისათვის საპატივცემულო ექიმების, იურისტების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და შესაძლოა ეკლესიის მონაწილეობით, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით გარდამტეხი იქნებიან ნარკოდამოკიდებულების გზაზე დამდგარი ჩვენი შვილების ამ დამღუპველი გზიდან მობრუნებაში და უკვე ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის და რეაბილიტაციის უზრუნველყოფაში.

მხოლოდ ასეთი დაბალანსებული მიდგომებით შევძლებთ ამ მოჯადოებული მანკიერი წრის გარღვევას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველსაყოფად!", - წერს აკაკი ზოიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^