თიბისი ბანკი „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ „რუსთავი 2-ის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს მის საპასუხოდ.
ზაზა ოქუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მას 4 მლნ იძულებით გადაარიცხინეს ანგარიშზე, რომლიდანაც 24 საათში თანხა ნაღდი ფულით ყოველგვარი ანგარიშსწორების წესის დარღვევით, შს მინისტრის ზეწოლით გაიტანეს. ოქუაშვილის თქმით, ამ პროცედურას ესწრებოდნენ თიბისი ბანკის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეებიც, რომლებზეც ასევე ხორციელდებოდა ზეწოლა.
„ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. თიბისი ბანკს აქვს კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება" - აცხადებენ თიბისი ბანკში.
ზაზა ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იგი მუდმივ ზეწოლას განიცდიდა ხელისუფლებისგან. ამიტომაც 4 მლნ ანგარიშზე გადარიცხა.
„ეს იყო თაგვის მახე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. დირექტორებად დავნიშნე სასწრაფოდ ორი თანამშრომელი: ალიკო ხაჩიშვილი და დათო ბანქველაშვილი.
რა იყო თაგვის მახე: ფირმა გაიხსნა ოფშორით და დაისვა ანგარიშზე 24 საათში 4 მლნ. ოფშორს არ ჰქონდა წარმოდგენილი, ვინ არის. ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მლნ ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის. პროცედურა დაარღვიეს თანამშრომლებმა - მე მათ თანავუგრძნობ [...] ვნახეთ რა ზეწოლის გამო - ეს ზეწოლა ძირითადად იყო გახარიასგან, რომ გაცემულიყო ფული და ეს იყო ოთარისგან [ფარცხალაძისგან]. არსებობს ტლეფონის ზარები და ფაქტები აქაც" - თქვა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, თანხის განაღდება თიბისი ბანკიდან ხდებოდა, ამიტომ ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიბარა.
„რეკავდა გახარია, რეკავდა ფარცხალაძე" - ამბობს ოქრუაშვილი.
მისი თქმით, ბანკს თანხა უნდა დაებლოკა, რადგან კომპანიის დამფუძნებელი არ იყო წარმოდგენილი, თუმცა თანხის გატანა მაინც მოხერხდა.
„ვფიქრობდით, რომ 6 საათზე დაიკეტებოდა ბანკი. ჩვენი გეგმა იყო: თანხა იდებოდა, თანხას ვერ გაიტანდნენ, ჩვენთან არ ექნებოდათ პრეტენზია და მერე რაღაცას მოვიმოქმედებდით" -ამბობს ოქრუაშვილი.
თუმცა, მისი თქმით, ბუცხრიკიძე პირადად მივიდა ოპერატორთან და დაკეტილი ბანკიდან თანხა მაინც გამოატანინა.
„[ჩემ მიერ დანიშნული დირექტორები] მიხვდნენ რომ სხვა გზა არ ჰქონდათ და ეცადნენ, ეს თანხა ფირმაში წაეღოთ. რომ გამოვიდნენ, დაკეტილი კარები ბანკის რომ გააღეს, პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხის მიერ. ორი დღის შემდეგ მითხრეს, რომ თანხის სადმე წაღება რომ ეცადათ, მათგან სველი წერტილი დარჩებოდა.
ეს იყო დაყაჩაღება, ფული წაართვეს ფაქტობრივად, რადგან უთხრეს, რომ ჩანთას, რომელშიც ფული იდო, წინა მანქანაში ჩადებდა. რომ შეიარაღებული ადამიანი ელოდა, რომელზეც სახეზე შეხედვის უფლებაც არ ჰქონდა.
თუმცა სურათი გადაღებულია მათი - მათი მანქანაც, ადამიანიც, 4 მლნ წაართვეს ბანკს, ჩვენ არა. რადგან არანაირი უფლება არ ჰქონდა გაეცა" - ამბობს ოქრუაშვილი.