„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის შეხვედრაზე „ომეგა ჯგუფის“ საკითხზეც ისაუბრა, კერძოდ, ფარულ ჩანაწერებზე და თქვა, რომ ის მართლაც შეხვდა ზაზა ოქუაშვილს.
„მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე განცხადებები ღიმილს იწვევს. მე მას, მართლაც, შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, როდესაც მაქვს, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.