Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცვლილებები, რომლებმაც გავლენა იქონია მასწავლებლების პროფესიულ ცხოვრებაზე

05 ოქტომბერი, 2018 17:47

დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. გთავაზობთ ალექსანდრე ჯეჯელავას, მიხეილ ჩხენკელისა და მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობისას პედაგოგთა საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებმაც  გავლენა იქონია მასწავლებლების პროფესიულ ცხოვრებაზე.  

საგნის გამოცდისთვის ბარიერის მოხსნა

ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის პერიოდში საგნის გამოცდის ჩაბარება გამარტივდა, ე.წ. ბარიერი მოიხსნა.  ცვლილების შედეგად კი მასწავლებლებს საშუალება მიეცათ გამოცდაზე მიღებული ქულების ეკვივალენტი კრედიტქულები მიეღოთ.

„არ შეიძლება, გამოსცადო ის ადამიანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გამოსცადა ცხოვრებამ, თაობები ჰყავს აღზრდილი და ახლა იმათ შვილიშვილებს ზრდის ლამის, ვინც თავის დროზე გაზარდა. ეს ადამიანი გამოცდილია და მისი გამოცდა აღარ შეიძლება, მისი კვალიფიკაციის დადასტურება - კი, ბატონო“, - ასე განმარტა ცვლილებების მოტივი ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცვლილები დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს, როგორც ზოგადი განათლების სისტემის გაჯანსაღებისთვის „უკან გადადგმული ნაბიჯი“. მათი შეფასებით, ცვლილებამ, კიდევ უფრო გაართულა „საკადრო ბრუნვა“ სკოლაში. მაგალითისთვის,  გამოცდების სისტემა, სკოლის დირექტორებისთვის ერთგვარი გარე ინსტრუმენტი იყო, რომელიც მათ გადაწყვეტილებას მასწავლებლის გათავისუფლების შემთხვევაში ლეგიტიმაციას აძლევდა.  მათივე შეფასებით, ამ ცვლილებით შეიქმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არ აქვს საკმარისი კომპეტენციები, სისტემაში კვლავ დაჩნენ.

ბოლო მონაცემებით, ხუთი ათასამდე სკოლის პედაგოგს სტატუსი შეეცვალათ. უფრო კონკრეტულად კი 3 512-მა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო,  172-მა - წამყვანის, 19-მა - მენტორის.

მასწავლებლის სახლის მონაცემებით, საერთო ჯამში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს 464 მასწავლებელს, ხოლო უფროსი მასწავლებლის სტატუსი - 22852-ს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებს 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე აქვთ განსაზღვრული ვადა, რათა შეინარჩუნონ სქემით განსაზღვრული, მათთვის მინიჭებული შესაბამისი სტატუსი.

პროფესიაში შესვლის ახალი გზები  - „მაძიებელი“ და „მოწვეული“ მასწავლებელი

მიმდინარე წლის ზაფხულში კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც პროფესიაში შესვლის ახალ გზებს ითვალისწინებს, - გაჩნდა „მაძიებელი“ და „მოწვეული“ მასწავლებლის სტატუსი. პროგრამა, სავარაუდოდ, 2019 წლიდან ამოქმედდება.

მოწვეული მასწავლებელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს თავისი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიაროს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ სკოლაში ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ და მათთვის სავალდებულო არ იქნება იმ საქმიანობების შესრულება, რაც, ჩვეულებრივ, მასწავლებლებს ევალებათ პროფესიული განვითარებისთვის.

რაც შეეხება „მაძიებლის“ სტატუსს, 2007-2014 წლებში არსებული მაძიებლობის პროგრამისგან განსხვავებით, „მაძიებელს“ შესაძლებლობა მიეცემა, სკოლაში მუშაობა დაიწყოს და პარალელურად პროფესიულადაც განვითარდეს. ესენი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. მუშაობის პარალელურად კი გაივლიან მაძიებლობის პროგრამას. მაგალითისთვის, ფიზიკის ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანს, შესაძლებლობა ექნება სკოლაში ვაკანსიის შემთხვევაში მუშაობა დაიწყოს. მან იცის, რა ასწავლოს, მაძიებლობის პერიოდში კი ისწავლის როგორ ასწავლოს. რატიანის განმარტებით, ეს იქნება ცენტრისა და უნივერსიტეტების ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამა, რომლის დიდი ნაწილიც ონლაინრესურსებით სწავლება იქნება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

საუკეთესო მასწავლებელი 5 ოქტომებრს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს სახელდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 5 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას გადაეცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნი სტე ...

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სტენდი, რომელშიც ნარჩენები შერეულად იყრებოდა, ექსპლოატაციაში არ იყო შესული და იყო ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

შსს-მ ის კანონები გამოიყენა, რომლებიც სა ...

„შსს-მ დასაპატიმრებლად ის კანონები გამოიყენა, რომლბიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადწყვეტილებასთან" ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ს ...

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სავარაუდოდ სოფელ ოკამის მცხოვრები ორი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების ...
^