ფეისბუქზე ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი შელესილია. ფოტოებს მოქალაქე მარიამ ყიასაშვილი ავრცელებს.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს და განმარტება სთხოვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ეს ნაწილი დიდი ხანია შელესილია, მათ ახლა უბრალოდ შეღებეს და ამ სამუშაოებს ძეგლთან შეხება არ ჰქონია.
ჰქონდათ თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ნებართვა? - პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ამგვარი ნებართვა არ ჰქონიათ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით კი, „ეს არის საშინელება. ინსპექცია გაშვებულია და მოჰყვება რეაგირება, როგორც საჭიროა - დაჯარიმება და აღდგენის ვალდებულება".
სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. ვახტანგ ბატონიშვილი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“.