Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორია პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვა განათლების სისტემის შესახებ

12 ოქტომბერი, 2018 16:32

გაეცანით პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის ხედვას განათლების სფეროსთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო კანდიდატების განმარტებები მომზადებულია www.prezidenti.ge-ის მიხედვით:

დავით ბაქრაძე

2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება - იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა.


2018 წლის აპრილის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 48 624 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 16 294 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.5%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, 1 659 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული


2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა. ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს გაუჭირდება მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თუ განათლებას სათანადო ყურადღება არ მიექცა. უკეთესი განათლება გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევის მაღალი ტემპი.


ჩვენი მიდგომა ორ ნაწილად იყოფა: 

1. ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლებას. ამიტომ, ჩემი გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არანაკლებ 50%-ს დაიხარჯება უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად; 
2. იმავდროულად, “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას, უკვე მომავალი წლიდან როგორ გაიზარდოს:

  • ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი;
  • სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს - მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს;
  • სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 8000 სტუდენტით.

გრიგოლ ვაშაძე

სახელმწიფოს განვითრებისა და წარმატების ფუნდამენტი ხარისხზე ორიენტირებული განათლების სისტემაა. განათლების სწორი, თანამედროვე პოლიტიკის ხედვა უნდა ეყრდნობოდეს მისი ციკლურობის, უწყვეტობის (სკოლამდელიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით), ინკლუზიურობის გააზრებას. მნიშვნელოვანია მიზნობრივი განათლების ინსტრუმენტების დანერგვა სასწავლო პროცესში - ინდივიდის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა განათლების ყველა საფეხურზე, სოციალიზაციის, პიროვნული წარმატების, თვითშეფასებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების უნარების განვითარება.


სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, ამ გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გადაიდგას გადამწყვეტი, პროგრესზე ორიენტირებული ნაბიჯები:

  • განათლების ბიუჯეტის გაორმაგება;
  • დეცენტრალიზაცია;
  • დეპოლიტიზაცია;
  • საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს კონცეფციის პრიორიტეტად ქცევა;
  • ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა;
  • გადაიხედოს პედაგოგთა სერტიფიცირების წესი, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის ეფექტურობა;
  • მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა 1000 ლარამდე;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების შეთავაზების გზით;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება-პროვაიდერი ორგანიზაციების აკრედიტაციის გზით;
  • საატესტატო და  ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია;
  • არაფორმალური განათლებისა და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა;
  • პროფესიული განათლების პოპულარიზაცია საშუალო სკოლის ბაზაზე. 
  • ბაზრის კვლევისა და მოთხოვნების, ასევე,  დამკვეთთა ინტერესების შესაბამისად,  პროფესიული სასწავლო პროგრამების ამოქმედება და პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შექმნა/პოპულარიზაცია.
  • პროფესიული და საზოგადოებრივი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, რომლითაც სარგებლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები;
  • ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემაში;
  • ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტის, რომლის სარეიტინგო ქულაც 200 000-მდეა, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ;
  • ავტორიზაცია-აკრედიტაციის სისტემის გარდაქმნა;
  • წარჩინებული სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, მათი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება;
  • უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა საქართველოში;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა;
  • სამეცნიერო გრანტების აქტივიზაცია, პრიორიტეტული სფეროების  გადახედვა და დაფინანსების  გაზრდა გამჭვირვალობის და კონკურენტუნარიანობის პრინციპის დაცვით.

შალვა ნათელაშვილი

ყველა საფეხურის განათლება უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გერმანულ-ავსტრიული მოდელის მიხედვით.

სალომე ზურაბიშვილი

კანდიდატის პასუხი ამ თემაზე უცნობია.

დავით უსუფაშვილი

პირველ რიგში, უნდა დასრულდეს „განათლების პოლიტიკის არქონის პოლიტიკა“ განათლების სისტემაში. სახელმწიფო მმართველობის სფერო, რომელიც ყველაზე სტაბილური უნდა იყოს, ყველაზე ცვალებადია და, საშუალოდ, 2 წელიწადში ერთხელ, ყველაფერი თავიდან იწყება. პრეზიდენტმა განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მრავალპარტიული კონსენსუსის მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ტაქტიკურ ცვლილებებს იწვევდეს. ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება, თუ პრეზიდენტი საკუთარი კონცეფციით გამოვა და ფასილიტატორის ნაცვლად, მხარე გახდება.


ამასობაში, პრეზიდენტმა უნდა იაქტიუროს განათლების საკითხებში საზოგადოების განათლებაზე - ცოდნის და პროფესიის, დასაქმების და კვალიფიკაციის, აღზრდის და განათლების, კონკურენციის და წარმატების ურთიერთმიმართების და ურთიერთდამოკიდებულების კარგად გასააზრებლად. პრეზიდენტმა ინდივიდების და საზოგადოების დონეზე უნდა გააღვივოს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების სურვილი, როგორც მეტი და უკეთესი განათლების მიღების მთავარი მოტივაცია.


პრეზიდენტის ხელთ არსებული შეზღუდული ფინანსური რესურსის ნაწილის მიმართვა ხელმოკლე, ან განსაკუთრებული უნარების მქონე ახალგაზრდების სტიპენდიებზე შესაძლოა არ იყოს ურიგო საქმე; მაგრამ ამავე სახსრებით მეტი ახალგაზრდისთვის შეიძლება ხელშეწყობა თუ იგი სისტემური ცვლილებებისკენ, ან კერძო ფონდების მოძიებისკენ იქნება მიმართული.


პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, უკეთ უნდა წარმოაჩინოს განათლების მნიშვნელობა XXI საუკუნეში სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - კიდევ უფრო მკაფიო გახდება მძაფრი კონკურენცია შრომის ბაზარზე, ისევე, როგორც ინფორმაციული შეტევები და პროპაგანდისტული მანიპულაციები სათანადო განათლების არმქონე სოციალურ ჯგუფებზე, რაც არ სცნობს სახელმწიფო საზღვრებს. 

ზურაბ ჯაფარიძე

საქართველოში განათლების სფერო არის კატასტროფულად მავნებლურად რეგულირებული. განათლებას სჭირდება თავისუფლება. უნდა დაინგრეს ძველი, საბჭოთა განათლების სისტემა და კერძო ბიზნესს უნდა მიეცეს საშუალება, თავად მიაწოდოს მისთვის და კლიენტისთვის სასურველი სერვისი მომხმარებლებს. სახელმწიფომ, მაქსიმუმ, გაჭირვებულ ადამიანებს დაუფინანსოს განათლება. განათლების შინაარსი, ხარისხი და მენეჯმენტი მთლიანად უნდა იქცეს კერძო სფეროს პრეროგატივად.

*************

www.prezidenti.ge 2013 წლიდან მოყოლებული  აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ამ ვებ-გვერდის მიზანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს.

ორგანიზაციის განცხადებით, შევსებული კითხვარის გამოგზავნა ვებ-გვედზე განსათავსებლად, საქართველოს პრეზიდენტობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლო, რომელიც მონაწილეობას იღებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ვებ-გვერდის შექმნის თაობაზე ღიად გამოცხადდა სხვადასხვა საშუალებებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^