პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ციხეში მირზა სუბელიანის მონახულების ნებართვა 5-ჯერ (6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერს და 14 ოქტომბერს) მისცა.
საქართველოს პარლამენტიდან „ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ ჯაფარიძეს გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ მირზა სუბელიანთან სპეციალური ნებართვის გარეშე მონახულების უფლება ბოლოს 14 ოქტომბრის ბრძანებით მისცა.
საქმე ისაა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მირზა სუბელიანსა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ფარული ჩანაწერის შესახებ გადაცემა P.S.-ს ანონსი სწორედ, კვირას, 14 ოქტომბერს, დილის 9 საათამდე გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ბრძანება, ამავე, არასამუშაო დღეს გასცა.
„ლიბერალის“ შეკითხვას - ციხეში ბოლოს როდის მოინახულა მირზა სუბელიანი? ვიქტორ ჯაფარიძე არ პასუხობს.
„მირზას, როცა მოუნდება, როცა მეტყვის და მოისურვებს, მაშინ შევხვდები. ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემაც დამირეკა და მთხოვა, რომ კიდევ შევხვდე. მირზას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა“, - გვითხრა ვიქტორ ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ ციხეში მირზა სუბელიანის მონახულების მიზნით ჯაფარიძისთვის გაცემული დანარჩენი 4 ნებართვის შესახებ ბრძანებები სამუშაო დღეებშია გაცემული.
P.S.-ს ანონსი:
გადაცემა P.S-ში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი 14 ოქტომბერს გავიდა. სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, იგი 11 ოქტომბერს არის ჩაწერილი. დღეს კი პროკურატურამ გამოაქვეყნა, როგორც თავად აცხადებს, 6 ივლისს ჩაწერილი აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ გახმაურებულ საქმეებზე ტყუილს იტყვის, რასაც ხალხი დაიჯერებს.