22 ოქტომბერს, დილით ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ავტომანქანის მძღოლი სამუშაოს შესრულების პროცესში დაიღუპა. ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს.
როგორც გამოცემას ზვარელებმა უთხრეს, თავდაღმართში მიმავალი ავტომანქანა მეორე მანქანას დაეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, მათ ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, უბედური შემთხვევა, ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევის შედეგად მოხდა.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში აცხადებენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.