Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

PHR-ის კვლევა: შშმ პირები დისკრიმინაციულ მოპყრობას უმეტესად საჯარო დაწესებულებებში აწყდებიან

23 ოქტომბერი, 2018 16:47

როგორ ხდება ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და რა პრობლემები გვაქვს ამ მხრივ საქართველოში - საკითხის კვლევას ორგანიზაციამ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთი წელი დაუთმო და შესაბამისი რეკომენდაციებიც გამოსცა. 

შესწავლილი 28 შემთხვევიდან (20 საქმე ეხება შშმ პირებს, 8 - სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს), ყველაზე მეტ - 20 საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა საჯარო დაწერებულებების მხრიდან მოდის. მათ შორის ლიდერობენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრო, კერძო დაწესებულებებს შორის კი - „ლიბერთი ბანკი" და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი".

ასევე, ერთ-ერთი საქმე ეხება სანოტარო მომსახურების სფეროს, როდესაც ნოტარიუსმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ორ ადამიანს მომსახურებაზე უარი უთხრა და ამის მიზეზად დაასახელა, რომ ეს პირები „მარწმუნებელთა სახით წარმოდგენილნი იყვნენ აშკარა ვიზუალური, ფიზიკური და გამოხატული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომელთაც ახასიათებდათ სხეულის უნებლიე მოძრაობები, ვერ იმორჩილებდნენ მიმიკურ კუნთებს და არაადეკვატურები იყვნენ“.

დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მიზნით ორგანიზაციამ უკვე მიმართა სახალხო დამცველს, საქმეების ნაწილი კი სასამართლოშია გაგზავნილი.

PHR-ის იურისტმა და ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ანი სალდაძემ სწორედ სასამართლო გამოცდილების პრობლემებზე ისაუბრა. იურისტის განმარტებით, სასამართლოს გადატვირთულობის გამო, საქმეების გაჭიანურების პრაქტიკა მნიშვნელოვნად აფერხებს უფლების დაცვის პროცესს. ამიტომ, აუცილებელია, გაიზარდოს მოსამართლეების რაოდენობა  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. 

ასევე, PHR-ის მკვლევრების შეფასებით, სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელების საკითხი: „სასამართლოსა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მიმართ, ინდივიდუალური მიდგომის გამოყენების უგულებელყოფა, ერთი მხრივ, აფერხებს სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესს, ხოლო მეორე მხრივ წარმოშობს რისკებს, რომ მხარდაჭერის მოდელის ნაცვლად კვლავ მოხდება ნების სრული ჩანაცვლების პრაქტიკის გამოყენება და პირის ნების ავტონომიაში მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ჩარევა", - წერია კვლევაში.

ანგარიშის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა აქტივისტი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე მარიამ მიქიაშვილი, მან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და სასამართლო დავაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ აქვს.

მარიამს და მის კოლეგას, რომლებიც უსინათლოები არიან, ბანკში მომსახურების დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანა სურდათ, თუმცა სარჩელის მომზადებისას აღმოაჩინეს, რომ  უსინათლო მოქალაქეებისთვის როგორც სასარჩელო, ისე სასამართლოს დანარჩენი ოფიციალური ფორმების შევსება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული -  ელექტრონული ფორმების გამოყენება უსინათლო პირებისთვის ხელმისაწვდომი წამკითხველი პროგრამის დახმარებით შეუძლებელი იყო.

PHR-მა 2017 წელს განცხადებით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა მოითხოვა. საბჭომ მათ განცხადებაზე არ უპასუხა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია და 2017 წლის 29 ივნისს არ დააკმაყოფილა სარჩელი: „ჯერჯერობით, არ ჩაგვბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც ჩვენთვის უცნობია, თუ რა მოტივაციას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. უნდა აღინიშნოს, რომ PHR დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე გეგმავს ბრძოლის სააპელაციო წესით გაგრძელებას", - აღნიშნა ანგარიშის პრეზენტაციაზე ანა აბაშიძემ, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია. 

კვლევაში განხილულია ასევე 14 წლის ეტლით მოსარგებლე მოსწავლის შემთხვევა, როდესაც იგი განათლების სამინისტროს მხრიდან განათლების უფლების დისკრიმინაციულ შეზღუდვას ეხება.

იგი 2009 წლიდან ირიცხება თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. სკოლამ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში შეიცვალა შენობა, რომელიც მდებარეობს ნ.მ-ს სახლიდან მოშორებით, ამიტომ ნ.მ-ს მშობელი ტრანსპორტის გარეშე ვერ ახერხებს ბავშვის სკოლაში ტარებას.

კვლევაში განხილულია ასევე 14 წლის(ნ.მ) ეტლით მოსარგებლე მოსწავლის შემთხვევა, რომელსაც ორგანიზაციის შეფასებით, სწავლა დისკრიმინაციული ნიშნით ეზღუდება. არასრულწლოვანი  2009 წლიდან თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ირიცხება. 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლამ შეიცვალა შენობა, რომელიც მდებარეობს ბავშვის სახლიდან მოშორებით, ამიტომ  მშობელი ტრანსპორტის გარეშე ვერ ახერხებს ბავშვის სკოლაში ტარებას.

სკოლამ ბავშვებს არაადაპტირებული ტრანსპორტი გამოუყო, ამიტომ ნ.მ-ს დედამ სკოლასა და მასთან ერთად განათლების სამინისტროს ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ამის გამო, დედა იძულებული გახდა,  ბავშვი დროებით შინ სწავლების პროგრამაში ჩაერთო.

სკოლისა და განათლების სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით, PHR-მა სარჩელით მიმართა თელავის საქალაქო სასამართლოს.

ორგანიზაციის პოზიციით, განათლების უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი აქტით. განათლების უფლება არ გულისხმობს მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას, არამედ მოიცავს სოციალურ ინკლუზიასაც. სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირება: „სწორედ ამიტომ, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები შინ სწავლების ფორმით სწავლის გაგრძელება და აღნიშნული არ უნდა იქნეს აღქმული განათლების მიწოდების ალტერნატიულ გზად მაშინ, როდესაც სკოლა და განათლების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ადაპტირებული გარემოს შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის" - წერია ანგარიშში. 

ამ და სხვა დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევებზე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" რეკომენდაციებით მიმართავს სხვადასხვა საჯარო უწყებას, მათ შორის საქართველოს პარლამენტს, რათა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც დისკრიმინაციის საქმეებზე სასამართლოსადმი მიმართვის ვადებს გაზრდის. ასევე, ორგანიზაციის მოსაზრებით, ცვლილება უნდა შევიდეს იმ ნაწილშიც, რომელიც „გონივრული მისადაგების" პრინციპების გამოყენებას განსაზღვრავს, როგორც ვალდებულებას. 

ასევე, PHR-ის რეკომენდაციაა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა, რათა გადატვირთულობისა და საქმეთა გაჭიანურების პრობლემები მოგვარდეს; სასამართლომ და ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ფსიქოსოციალური საჭიროების შეფასებისას ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენოს; სკოალმდელმა და სკოლის დაწესებულებებმა შშმ ბავშვებთან მიმართებით თანასწორობის პრინციპით ისარგებლონ და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შშმ პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესაცვლელად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^