Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა. ერთ-ერთი კითხვა, მეორე ტურს ეხებოდა. გამოკითხული ადამიანების 51% ფიქრობს, რომ მეორე ტურში მონაწილეობის შანსი სალომე ზურაბიშვილს აქვს, 47%-ის აზრით - გრიგოლ ვაშაძეს, 23%-ის აზრით კი - დავით ბაქრაძეს.
რაც შეეხება უშუალოდ მეორე ტურს, კვლევის თანახმად, თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გავლენ, გამოკითხულთა 40% მხარს ვაშაძეს დაუჭერს, 27% კი - ბაქრაძეს. რესპონდენტთა 33%-მა განაცხადა, რომ არ იცის, ვის დაუჭერდა მხარს.
კვლევის თანახმად, თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი გავლენ, რესპონდენტთა 44% მხარს ვაშაძეს დაუჭერს, ხოლო 29% - ზურაბიშვილს. გამოკითხულთა 27%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას.
იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და დავით ბაქრაძე გავლენ, გამოკითხულთა 42% მხარს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს დაუჭერს, ხოლო 29% - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. 29%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის, ვის დაუჭერს მხარს.
„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, Edison Research-ის მკვლევარებმა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხეს.