Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიდ ჰესებს გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს“ - მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევა

06 ნოემბერი, 2018 19:08

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპასა და აშშ-ში დიდმა ჰიდროელექტროსადგურებმა ბუნებას დამანგრეველი ზიანი მიაყენა.

როგორც BBC წერს, ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად ათობით დიდ ჰესს აუქმებენ, შლიან. მათი უმეტესობა სახიფათოდ და არაეკონომიურადაა მიჩნეული.

მაგრამ წყლის რესურსების შესახებ ჩატარებული კვლევის ავტორები შიშობენ, რომ ასეთი პროექტების არასტაბილურობა განვითარებად ქვეყნებში არასათანადოდ არის აღქმული. აზიისა და აფრიკის მდინარეებზე დღეს ათასობით ახალი ჰესის აშენება იგეგმება.

მსოფლიოს მასშტაბით ჰიდროენერგიაზე დღეს განახლებადი ენერგიის 71% მოდის. წყლის რესურსები ბევრ განვითარებად ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ჰესების მშენებლობა ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას დღესაც იაფი ელექტროენერგიით აცდუნებს. ამის გამო ხშირად არ ითვალისწინებენ გარემოზე ზემოქმედებას და სოციალურ-კულტურულ საკითხებს.

განვითრებულ ქვეყნებში კი, როგორც კვლევის ავტორები წერენ, დღეს უფრო მეტი ჰესის დემონტაჟი მიდის, ვიდრე ახლის მშენებლობა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ ევროპასა და აშშ-ში პიკს 60-იან წლებში მიაღწია, მას შემდეგ კი ჰესებზე სულ უფრო ნაკლებს ფიქრობენ. დღეს წყლის ენერეგია აშშ-ის ელექტროენერგიის მხოლოდ 6%-ს წარმოქმნის.

2011 წელს აშშ-ში მდინარე ელვაზე კაშხალი დაშალეს / ფოტო: Getty Images/BBC

ახალი კვლევის ავტორები მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები და მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორები ემილიო მორანი, მარია კლაუდია ლოპეზი, ნათან მური, ნორბერტ მიულერი და დევიდ ჰინდმენი არიან.

კვლევის მიხედვით, XX საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ აშენებული ჰესების 90% იმაზე ძვირი უჯდებოდათ სახელმწიფოებს, ვიდრე წარმოიდგენდნენ. ჰესები აზიანებდნენ მდინარის ეკოსისტემას და მათ გამო მილიონობით ადამიანს იძულებით მოუწია საცხოვრებლის შეცვლა. ჰიდროელექტროსადგურებს აქვთ გავლენა კლიმატის ცვლილებაზეც.

„პროექტის მესვეურები, როგორც წესი, ვარდისფერ სურათს ხატავენ და მხოლოდ სარგებელზე საუბრობენ. ბენეფიტებზე, რომლებიც ხშირად არც სრულდება. მშენებლობის საზღაურს კი არც ახსენებენ, რადგან საზოგადოება მას უფრო მოგვიანებით გრძნობს“, - უთხრა BBC-ის კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ემილიო მორანმა.

ემილიო მორანის კვლევაში ბრაზილიაში, მდინარე მადეირაზე აგებული ორი კაშხალი მოჰყავს მაგალითდ. მათი მშენებლობა მხოლოდ 5 წლის წინ დასრულდა, თუმცა კლიმატის ცვლილების გამო უკვე იმაზე ნაკლები ენერგიის გამომუშავება იგეგმება, ვიდრე თავიდან იყო ჩაფიქრებული.

განვითარებად ქვეყნებში ამჟამად დაახლოებით მცირე და დიდი 3 700 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს.

კვლევის ავტორები შიშობენ, რომ დიდი პროექტების უმეტესობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მდინარეებს, რომლებზეც მათ აშენებენ.

მდინარე კონგოზე, მხოლოდ „გრანდ ინგას“ პროექტმა მთელი აფრიკის ელექტროენერგიის მესამედზე მეტი უნდა გამოიმუშავოს. თუმცა, კვლევა მიუთითებს, რომ 80 მილიარდიანი პროექტის გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი ინდუსტრიაში წავა.

„ჰესის წარმოქმნილი ელექტროენერგიის 90%-ზე მეტი სამხრეთ აფრიკის მაღაროებში წავა, კონგოს მოსახლეობა კი დენს ისევ ვერ მიიღებს“, - წუხს მორანი.

„თუნდაც ბრაზილიაში, სადაც მე ვატარებდი კვლევას, ელექტროენერგიის სადენები 4 000 კილომეტრის მანძილზე მიუყვება დასახლებებს, იქ მცხოვრები ხალხი კი მისგან, ლოკალურად, საერთოდ ვერაფერს იღებს“, - დასძენს მორანი.

„სოფლების ელექტრიფიკაცია საერთოდ აღარ არის ამ ქვეყნების ხელისუფლების მიზანი, რადგან დიდი პროექტების ავტორები ადვილად არწმუნებენ მთავრობას ისეთი პროექტების მშენებლობაში, რომელსაც ფული ერთიანად მოაქვს, მაგრამ ხალხზე ნაკლებად აისახება“.

ჰოვერის კაშხალზე აშშ-ში წყალი ყოველ წელს იკლებს / ფოტო: Getty Images/BBC

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორების კვლევა მიუთითებს იმაზეც, რომ მდინარეებზე დიდი კაშხლების აგება მოსპობს მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობას და მეთევზეობასაც. მაგალითდ, მეკონგის მდინარის გასწვრივ 60 მილიონი მოსახლე დაკარგავს შემოსავლის წყაროს, რაც მთლიანობაში 2 მილიარდამდე ზარალს ნიშნავს.

კვლევის ავტორები შიშობენ იმაზეც, რომ ბიომრავალფეროვნებას დიდი ზიანი მიადგება და ფლორისა და ფაუნის ათასობით სახეობის წარმომადგენელი განადგურდება.

ბრაზილია, რომელიც ელექტროენერგიის 67%-ს წყლის რესურსებიდან იღებს, კლიმატის ცვლილების საპასუხოდ უფრო მეტ ჰესს აშენებს.

გარემოსდამცველები შიშობენ, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის ბოლსონეროს გაპრეზიდენტების შემდეგ ბუნებას უფრო მეტი ზიანი მიადგება.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალია ზეწოლა ქვეყნებზე, რათა მეტად იზრუნონ უსაფრთხო განახლებად ენერგიაზე ან ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაზე, თუნდაც ჰიდროენერგიის უფრო მდგრადი და გონივრული გამოყენებით.

„დიდ ჰესებს მომავალი არ აქვთ, ეს არის ჩვენი ცალსახა დასკვნა“, - ამბობს პროფესორი მორანი.

„21-ე საუკუნეში ჰიდროენერგიის გამოყენება შესაძლოა მხოლოდ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად. მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მზის ენერგიაში, ბიომასის გამოყენებაში და ჰიდროპროექტებში, მხოლოდ მაშინ, როცა შესწავლილია ყველა დეტალი - გარემოზე ზეგავლენა, სარგებელი და ხარჯები“, - დასძენს კვლევის ხელმძღვანელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^