Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISFED: საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის სტანდარტი მკვეთრად გაუარესდა

08 ნოემბერი, 2018 13:40

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) შეფასებით, მკვეთრად არის გაუარესებული საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის სტანდარტი.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზოგადი ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი სახის დარღვევაზე განურჩევლად მისი სიმძიმისა საუბნო კომისიის წევრები ახსნა-განმარტებას წერენ, რაც საკმარის საფუძვლად მიიჩნევა არა მარტო ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, არამედ ასევე შესაბამისი კომისიის წევრის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად; ანალოგიური მიზნით გამოიყენება ასევე შესწორების ოქმები. 

ორგანიზაციის ცნობით, საოლქო კომისიები მაქსიმალურად ცდილობენ, ნებისმიერი არგუმენტით თავი აარიდონ არათუ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას, არამედ საუბნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც.

„მსგავსი პრაქტიკა ბოლო წლებში არჩევნებზე დაფიქსირებული ტენდენციის გაგრძელებაა, რამაც საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და განმტკიცდა. ასეთი მიდგომა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ცდილობს ყველა მეთოდის გამოყენებით, გაამართლოს ნებისმიერი სახის დარღვევა. ამ ფონზე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დავების განხილვის სტანდარტი გაუარესდა. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაციის დაჟინებული მცდელობა არ დააკმაყოფილოს საჩივრები და კანონმდებლობის დამრღვევ კომისიის წევრებს არ დააკისროს პასუხისმგებლობა მთლიანად აზრს უკარგავს საჩივრების წარდგენას და არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვის პროცესს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები, მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეფექტური რეაგირება და არ წაახალისოს საარჩევნო დარღვევები საარჩევნო კომისიის წევრთათვის პასუხისმგებლობის არიდებით.

*************

''სამართლიანმა არჩევნებმა'' 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 127 საჩივარი წარადგინა. აქედან, 15 საჩივარი დაკმაყოფილდა, 13 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 40 არ დაკმაყოფილდა და 18 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ერთი საჩივარი თავად ორგანიზაციამ მოხსნა. რამდენიმე საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.

საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. რამდენიმე შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შედეგების ბათილობა, საიდანაც არცერთი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული მოთხოვნები დაყენებულ იქნა ძირითადად ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც შემაჯამებელი ოქმში გადასწორებული იყო მონაცემები; არ დგებოდა ბალანსი, კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღმატებოდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^