Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

BBC: ქალთა შვილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოს ქვეყნების ნახევარში მკვეთრად იკლო

09 ნოემბერი, 2018 15:01

BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოში მნიშვნელოვნად იკლო ქალებში შვილიანობის მაჩვენებელმა. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ეს მაჩვენებელი მსოფლიოს ქვეყნების ნახევარში განახევრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს არსებული პოპულაციის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მკვლევართა აზრით, შესაძლოა, საზოგადოება ასეთ მოცემულობამდე მივიდეს - მეტი ბებია-პაპა, ვიდრე შვილიშვილი.

Lancet-ის მიერ ჩატარებული კვლევა 1950-2017 წლის პერიოდსა და ყველა ქვეყნის მონაცემებს მოიცავს. ამ კვლევის თანახმად, 1950 წელს ქალებს ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 4,7 ბავშვი ჰყავდათ. გასულ წელს კი ბავშვების რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრდა, თუმცა კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ერებს შორის ამ თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა. მაგალითად, ნიგერიაში შვილიანობის მაჩვენებელი 7,1-ია, მაგრამ კვიპროსში  ქალებს, საშუალოდ, ერთი შვილი ჰყავთ.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თუ ქვეყნების ნახევარში შვილიანობის მაჩვენებელი 2.1-ს ქვემოთ დაეცა, მსოფლიო პოპულაცია შემცირებას დაიწყებს. კვლევის დასაწყისში, 1950 წელს ამ ნიშნულზე არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა. 

მკვლევართა განმარტებით, ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში (მათ შორის, ევროპის უმეტეს ქვეყანაში, ამერიკაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში)  შვილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში პოპულაცია მცირდება, რადგან ეს დამოკიდებულია როგორც შვილიანობის, ასევე სიკვდილიანობისა და მიგრაციის მაჩვენებელზე. 

მკვლევრები იმ ძირითად მიზეზებს განმარტავენ, რომელთა გამოც ქალებში შვილის ყოლის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო:

  • რაც უფრო ნაკლებია ბავშვთა სიკვდილიანობა, მით უფრო ცოტა შვილს აჩენენ ქალები;
  • მეტი წვდომა თავის დაცვის საშუალებებზე;
  • უფრო მეტი ქალი სწავლობს და მუშაობს.

მკვლევართა შეფასებით, გარკვეული თვალსაზრისით, შვილიანობის დონის დაცემა დადებით ტენდენციებზეც მიუთითებს. 

რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ამან მსოფლიო? მკვლევართა განმარტებით, მიგრაციის გარეშე ქვეყნების მოსახლეობა დაბერდება და შემცირდება. ამიტომ დაზარალებულმა ქვეყნებმა მიგრაციის ზრდაზე უნდა იმსჯელონ. თუმცა ეს, თავის მხრივ, სხვა პრობლემებს წარმოშობს. მეორე ვერსია კი ისეთი პოლიტიკის შემუშავებაა, რაც ქალებს მეტი შვილის გაჩენისკენ წაახალისებს, თუმცა, მკვლევართა შეფასებით, ეს ხშირად ვერ ხერხდება. ამიტომ მივიღებთ მოცემულობას, სადაც ცოტა ბავშვი და 65 წელს ზევით მყოფი ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. 

მიზეზი, რის გამოც განვითარებულ ქვეყნებს შობადობის 2.1-იანი მაჩვენებელი სჭირდებათ, არის ის, რომ ყველა ბავშვი ვერ აღწევს მოზრდილობის ასაკს. მკვლევართა შეფასებით, უფრო მეტი ბავშვია საჭირო სტაბილური პოპულაციის შესანარჩუნებლად. 

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^