Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნუცუბიძეზე კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი ფსიქიკური თერაპიის ცენტრის გადატანას მოითხოვს

09 ნოემბერი, 2018 15:52

ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრია“.

ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სხვადასხვა სერვისს აწვდის. ცენტრი წელიწადზე მეტია, რაც ნუცუბიძის პლატოზე არსებულ ერთ-ერთ კორპუსში აგრძელებს საქმიანობას.

ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი გელეიშვილის თქმით, ბენეფეციართა მცირე ნაწილი, რომლებსაც ერთმანეთთან საუბარი, აქტივობები და, ზოგადად, სოციალიზაცია სურთ, მათ ოფისშიც დადის. ასეთი სულ რამდენიმე ადამიანია და ისინი ყველას მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევიან.

ამის მიუხედავად, გუშინ ცენტრისგან მეზობლების ნაწილმა ოფისის დახურვა ან გადატანა მოითხოვა. გელეიშვილის თქმით, მასთან საღამოს რვა საათზე რამდენიმე მეზობელი მოვიდა. უთხრეს, რომ მათ აქ გადმოსვლამდე ყველა მეზობლის ნებართვა უნდა ჰქონოდა. და ოფისი უნდა გადავიდეს, რადგან ამ ნებართვას ისინი ვერ მიიღებდნენ.

„ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ფართობი და ჩვენი საქმიანობის გაგრძელების სრული უფლება გვქონდა. მაშინ ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა - ეს პაციენტები შენს სახლში გადაიყვანე და აქ შენი ოჯახი გადმოიყვანეო.

ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი ბენეფიციარები აქ არ მოგვეყვანა. რომ ვკითხე რატომ-მეთქი, პასუხი იყო, რომ მეზობელს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა სადარბაზოდან სახლამდე ჩანთების ატანაში დახმარება სთხოვა; ხოლო მეორემ ამის მიზეზად დაასახელა, რომ მისი ბავშვი ერთ-ერთ ბენეფიციარს მიაშტერდა, იმან კი უთხრა, გამარჯობას რატომ არ მეუბნებიო და ბავშვი შეშინდა“.

გელეიშვილის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ფსიქიატრიული სტიგმა. არცერთი ადამიანი, რომელიც იქ დადის, იმ 5-6 ადამიანიდან, გარშემომყოფების მიმართ აგრესიას არ გამოხატავს.

„სტატისტის მიხედვით ფსიქიკური პრობლემების მქონე მეტი ადამიანი თვითონ განიცდის ჩაგვრას, ვიდრე არის სხვისი მჩაგვრელი“, - განმარტავს გელიაშვილი.

ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს მათი ბენეფიციარების დისკრიმინაციაა. მეზობლები დაემუქრნენ კიდეც გელეიშვილს, რომ სადარბაზოს კარს ჩაკეტავდნენ, რათა ისინი შიგნით ვეღარ შემოსულიყვნენ, ხოლო ცენტრის წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარს დაწერდნენ.

გელეიშვილის თქმით, ცენტრი თავისი თანამშრომლებისა და ბენეფიციარების უფლებებს დაიცავს. მათ უკვე დაუკავშირდა სახალხო დამცველი. მეზობლებთან ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში ისინი ომბუდსმენს, ხოლო ოფისში შეჭრისას - სამართალდამცველებს მიმართავენ.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ბენეფიციარების უფლებები დავიცვათ. ვერ დავუშვებთ დისკრიმინაციას“, - დასძენს გელეიშვილი.

„ლიბერალი“ კორპუსის მცხოვრებთა ნაწილსაც ესაუბრა. რამდენიმე მათგანს ცენტრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და გუშინდელ ინციდენტში არ მონაწილეობდა.

კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, რუსიკო, ცენტრის გადატანას „ლიბერალთან“ საუბარშიც მოითხოვს.

„მეზობლები უკმაყოფილო ვართ იმით, რომ აქ პირველ სართულზე ოფისი გახსნეს. არც ვიცოდით, რა ოფისია, კაცმა არ იცის. სოციალური მუშაკები არიან. მოდიან ფსიქიატრიული პაციენტები, გაურკვეველი საერთოდ. რია-რიაა მუდამ - სტუდენტები, სიგარეტის მოწევა. პირველ სართულზე ჩამოსვლის მეშინია, ბავშვი ვერ გამოგვიშვია.

და შიგნით კიდევ ვინც შევიდა - თქვა, რაღაც ანალიზებს აკეთებენ და სუნიაო. მე ნამდვილად არ ვიცი. არცერთს არ გვინდა, სადარბაზო არ იკეტება და აქ რია-რია და ასეთი „ავადმყოფი“ ხალხის სიარული არ გვინდა“, - უთხრა „ლიბერალს“ რუსიკომ, რომელიც კორპუსში ცენტრის ფუნქციონირების წინააღმდეგია.

ცენტრის აქ ფუნქციონირებას ეწინააღმდეგება მეორე მეზობელიც. ნანა წილოსნის თქმით, მათ კორპუსში ასეთი ოფისი არ უნდა იყოს, თუმცა „ლიბერალთან“ კომენტარის მოცემისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ განცხადებას სხვა დროს ერთად შეკრებილ მეზობლებთან ერთად გააკეთებდა.

„მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“ არასამთვრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის მთავარი მიმართულებაა ასერტული სერვისი - მობილური ფსიქიატრიული მომსახურება. ამ სერვისით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან სახლში მიდის ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, დასაქმების სპეციალისტი, ექთანი.

„გარდა ამისა, ოფისშიც ტარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თერაპია. ყოველდღიურად, პროგრამაში ჩართული ადამიანები იღებენ ამ მომსახურებას. ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, გარდა მკურნალობისა, ამ ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობაც. ისინი ხალხთან ოფისში ურთიერთობენ ერთმანეთთან, რაც სოციალიზაციას ძალიან ეხმარება.

აქ გვაქვს ტრენინგებიც, მოდიან ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და ამ, ასერტულ სერვისზე იღებენ ცოდნას, გამოცდილებას“, - ჰყვება „ლიბერალთან“ ცენტრის გამგეობის წევრი ბაია ნიკოლაიშვილი.

არასამთვრობო ორგანიზაცია, რომელიც თბილისის მერიის პროგრამას ახორციელებს, 18 წელს ზემოთ მყოფ, დედაქალაქში მცხოვრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს უწევს მომსახურებას.

ბაიას თქმით, მათი დახმარებით ბენეფიციარები სოციალიზაციას გადიან და თვალსაჩინო, კარგი შედეგებიც აქვთ.

„ჩვენს პროგრამაში ჩართვის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა სტაციონარებში მიმართვის რაოდენობა, არიან უკეთ, სტაბილურად.

ვმუშაობთ მათი ოჯახის წევრებთანაც. გვაქვს ფსიქო-საგანმანათლებლო მიმართულება. ასე რომ, ეს სერვისი სასარგებლოა როგორც თვითონ ბენეფიციარებისთვის, ასევეა მათი ოჯახის წევრებისთვისაც“, - ჰყვება „ლიბერალთან“ ბაია.

მისი თქმით, პროგრამაში ჩართული პირების ნაწილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა პროგრამაში ჩართვის შემდეგ სწავლა პროფესიულ სასწავლებლებშიც გააგრძელა.

„მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“ 2012 წელს დაარსდა. ბაიას ნიკოლაიშვილის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ცენტრი მომსახურებას 2013 წლიდან უწევს. 

ბაია „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ მცირე პრობლემები მათ მეზობლად მცხოვრებ ამა თუ იმ პირთან წინა ოფისებშიც შექმნიათ. მისი აზრით, ეს ყველაფერი წინასწარი განწყობებისა და სტიგმის ბრალია.

„ეს არის ჩვეულებრივი ოფისი, სადაც მოდის ბევრი ადამიანი, მათ შორის, თანამშრომლები, სტუდენტები და ჩვენი კოლეგებიც. ან როგორ აკეთებენ ისინი დიფერენცირებას, როგორ შეუძლიათ შეაფასონ“, - ჰყვება ბაია, რომლის თქმითაც, ბენეფიციარებზე ყველაზე დადებითად თანასწორი მოპყრობა მოქმედებს, რაც უამრავი პრაქტიკით დადასტურდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^