Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სფეროები, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გადაუდებელ რეფორმებს მოითხოვს

09 ნოემბერი, 2018 17:28

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საფრთხე ექმნება სახელმწიფოში კანონის უზენაესობას და საკვანძო ინსტიტუტების ფუნქციონირებას.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აღნიშნული პრობლემების აღიარება არაპირდაპირ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწიათ. დღეს ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით. ვფიქრობთ, არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ წამოიწყოს რეფორმები“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით რეფორმების თაობაზე რეკომენდაციები წარმოადგინა:

  • „საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეიქმნას რეფორმების დაგეგმვისა და კოორდინაციის ჯგუფი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით;
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელია შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის და საარჩევნო კოდექსის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად რეფორმირება;
  • ჩატარდეს სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მმართველობის დაბალანსებული  სისტემის შესაქმნელად (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონდებლო  რეგულირება, მოსამართლეების დანიშვნის წესის დახვეწა, სასამართლოს თავმჯდომარეების თავად მოსამართლეების მიერ არჩევითობის შემოღება და სხვა);
  • ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება სასამართლოში კლანური მმართველობის წინააღმდეგ და შეწყვიტოს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის (ჩინჩალაძე, მურუსიძე, ფხაკაძე, კაპანაძე და სხვა)  მხარდაჭერა და აღარ გამოიყენოს ისინი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ასევე, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სასამართლო სისტემაში კორუფციის ყველა სავარაუდო შემთხვევა;
  • კორუფციის (განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის) შესაძლო შემთხვევების მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით, ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნის შესაძლებლობა;
  • ჩატარდეს სამართალდამცავი და უსაფრთხოების  ინსტიტუტების რეფორმა და მოხდეს მათი დეპოლიტიზაცია:
    • უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს გამოეყოს გამოძიების და განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება, ასევე ფარული მოსმენების სისტემა და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად
    • პროკურატურის მიმართულებით, შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი, დაიწყოს საგამოძიებო სისტემის რეფორმა
    • შეიქმნას პროკურატურისგან რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც შეძლებს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას
  • მოხდეს გახმაურებული საქმეების დროული და ეფექტიანი გამოძიება - ხორავას ქუჩის, გენერალური აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის, ე.წ. “ომეგას” საქმიდან გამოკვეთილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულის, პირადი ჩანაწერების შეგროვების და გავრცელების საქმე და ა.შ.
  • გაძლიერდეს პარლამენტის როლი, საზედამხედველო ფუნქცია  და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პრაქტიკაში განხორციელდეს ეფექტიანი კონტროლი (საპარლამენტო ოპოზიციისთვის გარკვეული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციის დათმობა, საპარლამენტო ზედამხედველობაში ოპოზიციის როლის გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში);
  • ხელისუფლებამ შეწყვიტოს დამოუკიდებელი ტელეარხების მუშაობის ხელის შეშლის ან ჩარევის ნებისმიერი მცდელობები - შეწყვიტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ნებისმიერი უკანონო ქმედება, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების არაეთიკური კრიტიკა. მოხდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პრობლემების სიღრმისებული შესწავლა, მათ შორის არაგეგმიური აუდიტის მეშვეობით და ნეპოტიზმის მიმართულებით. უნდა გადადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელისუფლებასთან აფილირებული გენერალური დირექტორი და გამჭვირვალე და ღია პროცესის შედეგად უნდა მოხდეს ახალი  ხელმძღვანელის  შერჩევა;
  • შეწყდეს მმართველი პარტიის უკანონო ჩარევა საჯარო სამსახურის საქმიანობაში და საჯარო მოსამსახურეების გამოყენება მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნების მისაღწევად. აღიკვეთოს ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის შემთხვევები საჯარო სამსახურში მიღების პროცესში;
  • დაიწყოს თვითმმართველობის რეალური, მათ შორის ფისკალური, დეცენტრალიზაციის პროცესი, რათა ადგილებზე ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური რესურსები და ქონება საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
  • კრიტიკულად დაბალ დონეზე არსებული სასკოლო განათლების ხარისხის ასამაღლებლად, მთავრობამ დროში გაწერილი, პრობლემის მოგვარებაზე ორენტირებული საბიუჯეტო პროგრამები უნდა შეიმუშაოს;
  • ეკონომიკური გარემოს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეებისა და მეწარმეების აზრი.მთავრობამ უარი უნდა თქვას ე.წ. პოპულისტურ საკანონმდებლო ინიციატივებზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონკურენციის სააგენტოს ეფექტური მუშაობა, სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს არა წინასაარჩევნოდ სოციალური დახმარებების გაზრდაზე, არამედ  სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებაზე“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, ამ რეფორმების მოკლე ვადებში განხორციელება და შესაბამისი შედეგების მიღწევა რთულია, თუმცა არის საკითხები, სადაც ეფექტური და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უახლოეს პერიოდშიც შეიძლება(მაგალითად, ზოგიერთი გახმაურებული საქმის გამოძიება (სადაც სავარაუდოდ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები იკვეთება), რაც მდგომარეობის რეალური გამოსწორების პოლიტიკური ნების მანიშნებელი იქნებოდა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^