„გინდაც 30% სხვაობა იყოს, არანაირი მნიშვნელობა დღეს ამას არ აქვს", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი Edison Research-ის კვლევას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარდა.
„მე არაფერს არ ველოდები ამ კვლევებისგან. კომენტარი უნდა სთხოვოთ იმათ, ვინც ასეთ კვლევებზე აძლევენ დაკვეთას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ - ასეთი იყო შეკითხვა, რომლითაც მკვლევრებმა 2 000 მოქალაქეს მიმართეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სრული ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:
56% ამბობს, რომ ხმას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, ხოლო 44% - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
რაც შეეხება ალოკაციის გარეშე მიღებულ შედეგებს, ისინი ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 38%;
სალომე ზურაბიშვილი - 34%;
არ ვიცი/არ ვპასუხობ - 18%;
არც ერთს - 10%.