Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისის არქიტექტურული კატასტროფა“ - The Guardian-ის სტატია დედაქალაქის არქიტექტურაზე

18 ნოემბერი, 2018 21:23

საქართველოს დედაქალაქი დიდი ხნის განმავლობაში იყო დიდი ეგოების სათამაშო - წერს გამოცემა The Guardian-ის არქიტექტურის კრიტიკოსი ოლივერ ვეინვრაითი. 

თბილისის ისტორიულ ნაწილში ავთვისებიანი სიმსივნესავით ამოზრდილი შუშის მეტასტაზები - ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პომპეზური შენობები ძნელია ვერ შეამჩნიოთ. აქვეა თეთრი „ყვავილის ფურცლების“ გროვა - იუსტიციის სახლის სახურავი. ოდნავ ქვემოთ მდინარეზე მშვიდობის ხიდი დგას ტალღოვანი სახურავით, ადგილობრივები მას „ოლვეის ულტრას“ ეძახიან ჰიგიენურ საფენთან მსგავსების გამო. მახლობლად შეერთებული მილები მოჩანს, რომელიც საკონცერტო და საგამოფენო ცენტრია, მარცხენა დაუსრულებელი და მიტოვებულია, მისი მსუქანი ფეხები დოინჯად ერტყმის ძველ თბილისს. ეს სიურეალისტური სცენაა, არასწორად წარმართული პომპეზური შენობების ტრაგიკული პაროდიაა - ამ ყველაფერს უყურებს პრეზიდენტის სასახლე - გაუაზრებელი ნეოკლასიკური შენობა, რომელსაც შუშის კვერცხი ახურავს გვირგვინად. 

„9 წლის განმავლობაში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც არქირექტურით იყო დაინტერესებული“, - ამბობს ადგილობრივი არქიტექტორი ირაკლი ჟვანია, ის ქალაქში გვიჩვენებს კორუფციული გარიგებების შედეგებს, დანგრეულ მემკვიდრეობას და პრივატიზებულ პარკებს „ეს საშინელება იყო“, - ამბობს ის. 

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი და 2000-იანებში ინვესტიციების შემოდინება, ბიძგი იყო წლევანდელი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს გამართვისთვის. 

„ქართულ საზოგადოებაში ძალიან იშვიათად განიხილავენ არქიტექტურასა და ურბანულ განვითარებას“, - ამბობს თინათინ გურგენიძე, ბიენალეს თანადამფუძნებელი. „ადამიანები დადგნენ ფაქტის წინაშე - მათი გარემო განადგურებულია და არც არსებობს ფორუმი, სადაც ალტერნატიულ განვითარებაზე იმსჯელებდნენ“. 

საქართველოში არქიტექტურა ყურადღების მიღმა არც ერთი მთავრობის პირობებში არ ყოფილა. სააკაშვილი, ნეოლიბერალი მოდერნიზატორი, რომელიც 2013 წლამდე იყო პრეზიდენტი, თანამედროვე დიზაინის მოყვარულად იყო ცნობილი, თუმცა მისი გემოვნების ფარგლები საკმაოდ ლიმიტირებული იყო.

ზემოთ ნახსენები შენობების დიზაინი ცნობილ იტალიელ არქიტექტორებს - მასიმილიანო ფუკსასსა და მიკელე დე ლუჩის ეკუთვნის, მათი უსაფუძვლო ფორმების შექმნის სიყვარული პრეზიდენტის სურვილებს მოერგო და თავიანთი სქემები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აეშენებინათ. პრეზიდენტმა ასევე დაავალა გერმანული ბლობიზმის მაესტროს იურგენ მაიერს ტალღოვანი შენობები აეშენებინა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე დაუსრულებელია.

„სააკაშვილი მეფესავით იქცეოდა, უბრალოდ თავის ფავორიტს არჩევდა კონკურსისა და განხილვის გარეშე“, ამბობს ჟვანია - „ის საწინააღმდეგო მოსაზრებებს უკუაგდებდა და რეტროგრადებად რაცხავდა“. 

ყოფილი პრეზიდენტის ფიზიკური მემკვიდრეობა კვლავ იგრძნობა ქვეყანაში - სხვებმა ენთუზიაზმით გააგრძელეს მისი დაწყებული გზა.

თბილისის ცენტრალური, თავისუფლების მოედნის ხედი შთამბეჭდავი იყო, საკრებულოს შენობითა და მე-19 საუკუნის სხვა ნაგებობებით, ფონად გარშემორტყმული მთებით. ახლა კი საკრებულოს უკან ჩაბურულმინებიანი სასტუმროს კორპუსი მოჩანს, ქედი კი მეტალისა და შუშის შერეული ცილინდრებით არის შემკული. ამ შენობას „შუშის სასახლეს“ ეძახიან, ეს გახლავთ ჯეიმს ბონდის ვილანის რეზიდენცია, რომლის მფლობელიც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, ის საქართველოში უმდიდრესი ადამიანია. 30 მილიონ გირვანქიანი შენობა იაპონელი არქიტექტორის, შინ ტაკამაცუს მიერ არის შექმნილი, მასში შედის კერძო ზოოპარკი და საბანკეტო დარბაზი, საცურაო აუზის თავზე ჩამოკიდებულ მოძრავი ვერცხლისფერი სფერო, კედლები გაფორმებულია ივანიშვილის მილიარდ დოლარად შეფასებული კოლექციის ასლებით (ის ორიგინალებს ლონდონში ინახავს). 

2012 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ ის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, ამბობენ, რომ მან გამოიყენა უზარმაზარი სიმდიდრე „კულისებიდან“ გავლენების საჩვენებლად და თავისი არქიტექტურული კვალი დედაქალაქს დაატყო. 

ივანიშვილი არ დასჯერდა საკუთარ მასშტაბურ სასახლეს და „პანორამა თბილისის“ ინიციატივით გამოვიდა, პროექტი, რომელსაც ფარაონული პროპორციები აქვს, მასში შედის ვეებერთელა მდიდრული სასტუმრო, საკონფერენციო ცენტრი და გოლფის მოედანი მეორე ქედზე, რომელიც საბაგიორებით იქნება დაკავშირებული პროექტის სხვა ნაწილებთან. თავისუფლების მოედანზე ახლა შენდება პროექტის ერთ-ერთი ბლოკი, რომელიც გარემოსთან უხეშ შეუსაბამობაშია. 

პანორამას ასახელებენ, როგორც ყველაზე მასშტაბურ მშენებლობას საქართველოს ისტორიაში, ამასთან ეს პროექტი ყველაზე წინააღმდეგობრივია. დაცულ ბუნებრივ ლანდშაპტზე, საიდანაც ბოტანიკურ ბაღს გადმოჰყურებს მშენებლობა კითხვებს აჩენს მის კანონიერებაზე, შესყიდვის გამჭვირვალობასა და ნებართვებზე, გარემოზე ზემოქმედებაზე. „პანორამის“ დაანონსების შემდეგ რეგულარულად იმართებოდა საპროტესტო აქციები, რომლებზეც აკავებდნენ აქტივისტებს, მათ შორის ქალაქის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილიც დააკავეს, მაგრამ  ბულდოზერებმა და ამწეკრანებმა შეუპოვრად განაგრძეს მუშაობა. ბეტონის ტერასების უზარმაზარი გროვის დანახვა ახლა ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება, თითქოს ქალაქს ციხესიმაგრე მუქარით ადგას თავზე. 

 

გლდანში კი „კამიკაძე მიშენებები“ მდებარეობს - 60-იანი წლების ბეტონის კორპუსებზე თვითნებური მიშენებები, სივრცის მოგებისთვის ამოშენებული აივნები,  პატარა გარაჟები, რომლებიც საცხობებად, ღვინის მაღაზიებად და სილამაზის სალონებად გადააკეთეს, სადაც ნახევრად აშენებული საბჭოთა აუზები დროებით საცხოვრებლებად არის გადაკეთებული. აქ 90-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ეს ადგილი გარდაქმნა დაუგეგმარებელმა, სპონტანურმა, ნაჩქარევმა მშენებლობებმა და მიშენებებმა, ასე ვთქვათ, არაფორმალურმა ურბანიზმმა - ეს თემა კურატორებმა თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე ფოკუსში მოაქციეს  რადგან, როგორც ისინი წერენ, „გაიღრმავონ ცოდნა ხალხის საჭიროებების შესახებ“, - „აუცილებელია, რომ შევისწავლოთ თვითნებურად აშენებული სტრუქტურების, არაფორმალური საბინაო მშენებლობის მიღმა არსებული იდეები და ურბანული რეფლექსიები, რომელიც თბილისის დღევანდელ ქალაქურ ლანდშაპტს აყალიბებს“.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ The Guardian-ზე 

ფოტო: ოლივერ ვეინვრაითი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^