საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოში აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, მირტაგი ასადოვის, დაკავებაზე არ შესულა, თუმცა „საკონსულო კონტაქტზეა ოჯახთან და მუშაობს ამ საკითხზე." - ასე უპასუხეს „ლიბერალს" საგარეო საქმეთა სამინისტროში მირტაგ ასადოვის დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს იტყვიან.
სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია თავისი მოქალაქის უფლების დასაცავად.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიხი მირტაგი ასადოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, 2018 წლის შვიდ ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა.
ორშაბათს, 12 ნოემბერს, აზერბაიჯანის პოლიციამ ოჯახს გადასცა აზერბაიჯანის სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითად, მირტაგი ასადოვი დააკავეს ქალაქ ბაქოში, საზღვრიდან 533 კილომეტრის დაშორებით.
პეტიციის ტექსტში წერია, რომ აზერბაიჯანული მხარე არავის აძლევს უფლებას, შეხვდეს ასადოვს.