„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. მისი განმარტებით, ამერიკელ დიპლომატს წინასაარჩევნო გარემოსა და იმ მუქარის შესახებ ესაუბრა, რომელიც მისი შვილის მიმართ განხორციელდა.
„შევხვდი ამერიკის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სულ ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, 2 კვირაა თუ არცკი; რომელსაც ჰქონდა მანამდე მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან და პირველი მე შემხვდა, რომ მესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში. მე ავუხსენი, რა მდგოამრეობაში დაიწყო საარჩევნ კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ ეს ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის კამპანია, როგორ გადაიქმნა ეს კამპანია ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად, ვიდრე ის, რასაც მე ვისურვებდი. და ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალები გავაცნე მე მას, თუნდაც ის ბოლოდროინდელი მუქარები, რომლებიც მათ შორის, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ასევე ამერიკის მოქალაქეა და ეს მისთვის აუცილებლად სათქმელი იყო, რომ სცოდნოდა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა(სტილი დაცულია).
მისი თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იმ პრიორიტეტებსა და პოზიციაზეც ესაუბრა, რაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ექნება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამერიკელ დიპლომატს იმ სირთულეების შესახებ ესაუბრა, რაც მისი პრიორიტეტების ხალხთან მიტანისას შეხვდა.
„ძალიან დაინტერესებული იყო ყველაფრით. ახალი ჩამოსულია, როგორც მოგეხსენებათ და მისთვის ყველა ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია. თვითონაც მითხრა, რომ როცა ყველას შეხვდება მეორე ნახევარში, მერე საელჩოში გაკეთდება ოფიციალური განცხადება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია მცირე კომენტარის შემდეგ დატოვა.