სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის ბანერზე მისი სურათი არ მოსწონდა და ახალი სტილი ურჩევნია, რომელიც მისი აზრით უფრო ევროპულია. ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი მის მხარდამჭერ ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებით ჩანაცვლებას.
„განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი. იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი და პირველი ტურის დროს, მე სულ ვამბობდი, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს, იმედი მაქვს, თქვენც“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ბილბორდების შესახებ - ეს ახალი სტრატეგიაა
15 ნოემბრიდან თბილისსა და ბათუმში სალომე ზურაბიშვილის ახალი სააგიტაციო ბილბორდები გამოჩნდა. მათზე პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარის გვერდით ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერთა ფოტოებია გამოსახული.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის თქმით, ეს არჩევნების მეორე ტურისთვის ახალი სტრატეგიაა და ივანიშვილისა და მმართველი გუნდის სხვა წევრებთან ერთად თავად ზურაბიშვილის განახლებული ბილბორდებიც გამოიკვრება.