Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► ოქროსუბნის მცხოვრებლები კორპუსების ნაცვლად პარკის გაშენებას ითხოვენ

17 ნოემბერი, 2018 18:51

ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსკოლის ტერიტორიაზე შესაძლოა კორპუსები აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ადგილას პარკის მოწყობას მოითხოვს. დღეს 14:30 საათზე ოქროსუბნის მცხოვრებლებმა „ქალაქგეგმარების რეალურ ლაბორატორიასთან“ ერთად აქცია გამართეს და მერიისგან მოსახლეობის საჭიროების და სურვილის გათვალისწინება მოითხოვეს.

 

 

„ოქროსუბნელებს პარკი ჰაერივით ჭირდებათ, ეს კი ერთადერთი შესაძლებელი ადგილია მისი მოწყობისთვის.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტერიტორია თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, მერიას ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს - პოლიტიკური ნებაა საჭირო“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ოქროსუბანში, ნინოშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოედანია. თუმცა, განაშენიანების ნებართვა მერიისგან კომპანია m2-მა ოფიციალურად მოითხოვა. მოედნის გადაღმა, სხვა კომპანია საცხოვრებელ კორპუსს უკვე აშენებს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამ სივრცის შენარჩუნებას ცდილობენ, მათ ამისთვის ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, მაგრამ შიშობენ, რომ მათზე მეტად მერია ბიზნესის ინტერესებს გაითვალისწინებს.

 

 

 

„ეს არის ერთადერთი ადგილი მთელ ოქროსუბანში და უფრო დიდ არეალზეც, სადაც შესაძლებელია პარკის გაკეთება. არადა, ამ უბანს ჰაერი ისე უჭირს, გამწვანება ისე უჭირს, რომ ახლა საცოდაობა იქნება, რომ აქ მერიამ პარკი არ გააკეთოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ტერიტორია მერიის, ქალაქის საკუთრებაა და არა კერძო ტერიტორია.

ამიტომ, ყველანაირად უნდა გიათვალისწინოს მერიამ მოსახლეობის აზრი. რამდენიმე გამოკითხვის შედეგად არის დადგენილი, რომ აქ მოსახლეობის თითქმის 100%-ს უნდა აქ პარკის გაკეთება თავისი სპორტით.

არადა ახლა გაისმა ხმა, რომ m2-ს სურს ააშენოს აქ კორპუსები. ოფიციალური განცხადებაც შეიტანა მერიაში. ურბანული განვითარების სამსახურს სთხოვს, რომ მისცეს ურბანული განაშენიანების გეგმის გაკეთებაზე დავალება. ამის დაშვება არაფრით შეიძლება, დავალება თუ გაიცა მერე წაგებული იქნება საქმე.

ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მერიამ ეს დავალება არ გასცეს. მერიასთან ჩვენი პროექტის პრეზენტაციაც გვქონდა, რომელსაც უკვე წელიწად-ნახევარია ვაკეთებთ აქ. ეს ვაჩვენეთ ურბანული განვითარების სამსახურს, მათ იციან მოსახლეობის სურვილი და ეს დავალება არაფრით არ უნდა გასცენ“, - უთხრა „ლიბერალს“ ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ.

 

 

 

ავტოსკოლის ტერიტორიის გვერდით უბანში სპორტული კომპლექსია. კორპუსების აშენება მოედანთან ერთად ამ სპორტული დარბაზების ადგილასაც იგეგმება. არადა, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აქ სპორტული ცხოვრება თითქმის 100 წლის წინ დაიწყო და დარბაზს მდიდარი ისტორია აქვს.

„1927 წელს აქედან დაიწყო თბილისმა სპორტული ცხოვრება. ჩვენ გვჭირდება მხარში დგომა. არავის უნდა მივცეთ ჩვენი ისტორიული და კულტურული ძეგლების დანგრევის უფლება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აქციაზე.

 

 

 

 

აქციის მონაწილეების თქმით, სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ტერიტორია მრავალფეროვანი აქტივობებით დაიტვირთოს. მწვანე საფართან ერთად აქ შესაძლებელია სპორტული მოედნების, კულტურული ღონისძიებების და თავშეყრის ადგილის მოწყობა. ამის ნაცვლად კი მათ შესაძლოა მაღალსართულიანი შენობები, დახშული ჰაერი და ძველი უბნის ვიწრო ქუჩებზე საცობები მიიღონ.

„ოქროსუბანი არის წითელი ზონა, სადაც მხოლოდ სამ სართულიანი შენობებია დასაშვები. არ გვინდა კორპუსები, გვიდნა კარგი პროექტი, კარგი პარკი. ქალაქის ხელმძღვანელობა არ მოვიდა ჩვენთან შესახვედრად, ამიტომ შემდეგ აქციაზე მოდით ისევ ყველა თქვენი ოჯახები, რომ გავაპროტესტოთ ეს არარეალური პროექტი, უაზრო მშენებლობა. დავიცვათ ჩვენი უბანი და გავაკეთოთ პარკი“, - მოუწოდა შეკრების ბოლოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აქციის მონაწილეებს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

EMC რატიანის საქმეზე პროკურატურას მიმართ ...

„პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან ერთი წელი გავიდა. თუმცა, პროკურატურაშ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კახიანი: დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ს ...

ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯ ...

პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. „კოლეგების უპასუხისმგებლ ...
^