ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განმარტა, რომ საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხი არ გადაიხადონ. ამას არავინ წაახალისებს.
„უპასუხისმგებლო დაკრედიტება იყო. არ ხდებოდა ადამიანების შემოსავლის შემოწმება. ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები და ამის შეზღუდვა, რასაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები, ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს - როგორც საფინანსო ინსტიტუტებმა, ისე მსესხებლებმა. ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს. ამას არავინ წაახალისებს. ეს არის ერთჯერადი ფაქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ შეიცვალა თამაშის წესები. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს ასეთი დოზით ჭარბვალიანობას. თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
600 ათასი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს - ბახტაძე
ვისაც 1 წელზე ხანდაზმული, 2000 ლარამდე ვალი აქვს - ფინანსთა მინისტრი ვალის განულების კრიტერიუმზე