დედა სიდონია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტოლერატობის ჯილდო გადასცა, საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას აფასებს.
საპატრიარქო დედა სიდონიასთვის ტოლერანტობის ქომაგის პრიზის გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს
„ლიბერალთან“ საუბრისას მონაზონმა სიდონიამ საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას „მტკივნეული და არაეთიკური“ უწოდა. მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გაავრცელა საპატრიარქომ ეს განცხადება, რომელშიც, მისივე თქმით, არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა დაშვებული.
„განცხადებაში უზუსტობები ინფორმაციის არქონის გამო დაუშვეს, თუ გამიზნულად გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია ჩემი პიროვნული დისკრედიტაციისთვის? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს“ - ამბობს დედა სიდონია.
„ჩემთვის პირველ რიგში ძალიან არაეთიკური და სტრესული იყო, როცა ჩემს ჯანმრთელობაზე ჩანაწერს მოვკარი თვალი. რა შუაში იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ იცოდნენ ჩემი მდგომარეობის შესახებ, აქამდე არასოდეს მოვუკითხივარ ვინმეს, როგორ ვარ და როგორ ვუმკლავდები ამ სირთულეებს.
კიდევ უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა. განცხადების ეს ნაწილი იმდენად არაერთიკური იყო, გადაფარა მთელი განცხადება.
როცა საქართველოს ეკლესიაში ვიყავი და საბერძნეთში პატრიარქის კურთხევით წავედი, ჩემთვის არავის მოუცია ცნობა იმის თაობაზე, რომ აღარ ვარ საქართველოს ეკლესიის წევრი. ეს აქ იურიდულად მოუწესრგებელია. განტევების ფურცელი არ მოუციათ. იურიდიულად დღემდე ბუნდოვანია, ვარ თუ არა საქართველოს ეკლესიის წევრი. თუ ვარ საბერძნეთის ეკლესიის წევრი, ესეც არაფერს ცვლის, რადგან მე ვარ მართლმადიდებელი მონაზონი ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, რომელიც ევქარისტულ კავშირშია საქართველოს ეკლესიასთან.
იქ ჩემი ცხოვრების წესზეც იყო ჩანაწერი. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების წესს – რის საფუძველზე დაწერეს, რომ განდეგილი ცხოვრების წესი მაქვს არჩეული და მან, ვინც ეს განცხადება დაწერა, რა იცის, როგორი ცხოვრების წესი მაქვს ? ჩემი აღსარება ჩაიბარა? განდეგილ ცხოვრებაში იგულისხმება ის, რომ მონაზონს არ უნდა ჰქონდეს მიწიერი სიკეთეებისკენ ლტოლვა და მოხვეჭის სურვილი. ჩემგან განსხვავებით ზოგიერთი მათგანი ფუფუნებაში ცხოვრობს და მე მანქანაც კი არასოდეს მყოლია. ადამიანებს რომ გვერდზე დავუდგე, ამას მონაზნური აღქმა არ გამორიცხავს. განცხადებაში ბევრი უზუსტობა იყო. ეს უზუსტობები ინფორმაციის არქონის გამო დაუშვეს, თუ გამიზნულად გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია ჩემი პიროვნული დისკრედიტაციისთვის? - ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.“ - განუცხადა „ლიბერალს“ მონაზონმა სიდონიამ, საპატრიარქოს განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, საპატრიარქოს ამ განცხადების გამო, მას არაერთი სასულიერო პირი დაუკავშირდა მხარდაჭერის გამოსახატავად.