Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წლებთან ერთად შშმ ბავშვთა მშობლებს გვიუარესდება ჯანმრთელობაც, ვბერდებით - ღია წერილი მთავრობას

20 ნოემბერი, 2018 11:48

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ, დაენიშნოთ ფულადი დახმარება, ე.წ. ,,მზრუნველის დახმარება“, საარსებო მინიმუმის ოდენობით. 

„მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი“ დღეს 60-მდე შშმ ბავშვის მშობელს აერთიანებს, რომელთა შვილებსაც აღენიშნებათ მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენა ან მრავლობითი დარღვევები და მუდმივად, 24-საათიან მზრუნველობას საჭიროებენ.

მშობლების ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ, რომელიც ასევე მიემართება ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დევნილთა მინისტრს:

„შშმ პირთა ეს სპეციფიური ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს საქართველოში, რადგან ეს ბავშვები სრულიად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე (ძირითადად დედებზე) კვების, გადაადგილების, ტუალეტის, კომუნიკაციისა და სხვა ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროს.

შესაბამისად, დედები შვილის მუდმივი მზრუნველობის საჭიროების გამო, უმრავლეს შემთხვევაში იძულებულნი ვართ ვიცხოვროთ მუდმივ სიღარიბეში და შშმ შვილის პენსია - 180 ლარი - მოვახმაროთ, როგორც შვილის ძვირადღირებულ აუცილებელ საჭიროებებს, ისე საკუთარ თავს. ჩვენთვის დასაქმებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგან დღის ცენტრებში და სკოლებში ბავშვის დატოვებაც გარკვეული დროით შეგვიძლია, რამდენიმე საათით სამსახურის მოძიება კი ურთულესი ამოცანაა. დასაქმების შემთხვევაში კი ანაზღაურება იმდენად მცირეა რომ შშმ ბავშვის მომვლელის დაქირავებასაც კი არ ჰყოფნის, რომ არაფერი ვთქვათ სხვა საჭიროებებზე.

ეს მძიმე ტვირთი მზრუნველების ზურგზე გადადის, იდება უდიდესი შრომა და რესურსი დედების მხრიდან, რასაც ეწირება ჩვენი ჯანმრთელობა. შშმ შვილის მოვლა, რომელსაც 24-საათიანი მეთვალყურეობა ესაჭიროება, მშობლებისაგან ყოველდღიურად მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას, გამძლეობას, თუნდაც იმ სიმძიმეების აწევის მხრივ, რაც ახლავს ბავშვის გადაადგილებას. წლებთან ერთად შშმ ბავშვთა მზრუნველებს გვიუარესდება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაც, ქვეითდება ჩვენი უნარები, ვბერდებით. ამას სდევს თანდათანობით უფრო და უფრო გაღარიბება. 

საქართველოში მცხოვრები 30 000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მზრუნველთა სახელით, რომლებისთვისაც არათუ თქვენამდე მოღწევა, ზოგადად სახლიდან გამოსვლაც კი არ შეუძლიათ შშმ პირის/ბავშვის ზრუნვის აუცილებლობის გამო. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ ხედვა ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მოიცავს მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის და/ან მრავლობითი დარღვევები მქონე პირების სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას. კერძოდ:

1. ყველა ის პირი (მშობელი, მეურვე, მხარდამჭერი), რომელიც ზრუნავს სხვა მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე შშმ ბავშვზე და/ან სრულწლოვან პირზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს და ასევე საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნას, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფი. რაც შესაბამისი ხელშეწყობის მხარდაჭერით აისახება შშმ პირის სოციალურ პაკეტში;

2. აღნიშნული ჯგუფის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მასზე დამოკიდებული შშმ ბავშვის/პირის გამო უმუშევარნი არიან, დაენიშნოთ ფულადი დახმარება, ე.წ. ,,მზრუნველის დახმარება“, საარსებო მინიმუმის ოდენობით. 

3. იმ შემთხვევაში თუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მეურვე/მზრუნველი დასაქმებულია, განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 17000 ლარს.

გთხოვთ, დაგვეხმაროთ შევქმნათ ისეთი სოციალური დაცვის სისტემა და შესაბამისი სერვისები, რომ ოჯახებს სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება ქველმოქმედების ობიექტებად არ დარჩნენ. ეს ცვლილებები ჩვენს ოჯახებს ტვირთს შეუმსუბუქებს და დაიცავს, როგორც შშმ ბავშვებს/პირებს, ისე მზრუნველ ოჯახის წევრებს, და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ეს ერთგვარი პრევენციაა, რომ წლების შემდეგ შშმ პირები არ აღმოჩდნენ ინსტიტუციებში ან თავშესაფრებში. 2 თვის წინ ამავე მოთხოვნებით, მთავრობის კანცელარიაში შემოტანილ წერილს თან დავურთეთ პეტიცია 5000-მდე მოქალაქის ხელმოწერით.

გთხოვთ, ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით შეგვხვდეთ რამდენიმე მშობელს", - წერია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^