Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა დარღვევებია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში - EMC-ის შემაჯამებელი ანგარიში

26 ნოემბერი, 2018 13:15

„თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ გამოუვლენია და არ დაუსჯია მომხდარზე პასუხისმგებელი პირები“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) შემაჯამებელ ანგარიშში. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს. ის ფორმალური ხასიათისაა და ყოველმხრივი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 

EMC-ში გამოძიების პროცესში გამოვლენილ ათ ძირითად ხარვეზზე საუბრობენ:

1. საქმეზე დაირღვა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი, რამაც ამოღებული მტკიცებულებების ვალიდურობა და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

სპეცოპერაციის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულსა და ოთახზე სრული კონტროლი მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ. მათ მიერვე, დამოუკიდებელი დამსწრეებისა და შემთხვევის ადგილის პირველი ეპიზოდების ვიდეო/ფოტო გადაღების გარეშე, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღება, რამაც არსებითი კითხვის ნიშნები გააჩინა ამოღებული მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) სანდოობასა და ვალიდურობაზე;

2. პროკურატურის როლი გამოძიების პროცესში უფრო მეტად ფორმალისტურ ხასიათს ატარებს.

ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე ზემოქმედება (ხელყუმბარის აფეთქება, იარაღის ნაწილის შეცვლა) სუს-მა თავად განახორციელა. სუს-ის მიერ შეკრებილი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები კი პროკურატურამ 1,5 თვის დაგვიანებით გამოითხოვა;

3. სუს-ის მიერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებების არასათანადოდ ჩატარების შედეგად პრობლემური გახდა შემდგომი ექსპერტული კვლევების ჩატარება, მათ შორის, შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა ვაზნა, რის გამოც შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა;

4. გამოძიების ფარგლებში ჩნდება ცალკეული მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და განადგურების ეჭვები.

სუს-ის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამოღებულ ხელყუმბარაზე დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა და ნივთი განადგურდა. იმ პირობებში, როდესაც საქმის სამართლებრივი შედეგისთვის აბსოლუტურად არარელევანტური იყო ხელყუმბარის ვარგისიანობის საკითხის გარკვევა. სუს-ის გადაწყვეტილებით თვითნებურად შეიცვალა იმ იარაღის ნაწილები, რომლიდანაც გასროლა მოხდა;

5. არაერთი მიმართვის მიუხედავად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი არ უზრუნველყოფს სხვდასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

მათ შორის, არ არის შესწავლილი თ. მაჩალიკაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე და ყურსასმენზე არსებული კვლები, რაც გამოძიებას იმ გარემოების შემოწმების შესაძლებლობას მისცემდა, თუ რას აკეთებდა თ. მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დაწყების მომენტში და რამდენად შეეძლო მას სათანადოდ აღექვა მომხდარი. ამ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სპეცრაზმელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ლეგიტიმურობის და პროპორციულობის შეფასებისთვის, მით უფრო, რომ გამოძიების ფარგლებში გამოკითხული მოწმეები ოთახში შევარდნისა და სროლის განხორციელების თანადროულობაზე და მყისიერობაზე უთითებენ;

6. ამ დრომდე სათანადოდ არ არის შესწავლილი თ. მაჩალიკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროულობის საკითხი.

EMC-ის მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ გასროლიდან მხოლოდ 20-30 წუთის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

7. პროკურატურის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, თ. მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ;

8. თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს, რაც არსებითად უნდა მოიცავდეს იმ სპეცრაზმელების ჩვენებაც, რომლების ადგილზე იმყოფებოდნენ და გაისროლეს;

9. EMC-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურა ამ დრომდე არ უზრუნველყოფს სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენას.

გამოძიების დაწყებისთანავე EMC არა მხოლოდ იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოძიებას ითხოვს, რომელმაც გაისროლა, არამედ სუს-ის იმ თანამდებობის პირების, რომლებმაც სათანადო რისკების არარსებობის პირობებში ამ მასშტაბის სპეცოპერაცია დაგეგმეს თ. მაჩალიკაშვილის დასაკავებლად და არ მოახდინეს ძალის გამოყენების სათანადო მინიმიზაცია. თ. მაჩალიკაშვილის დაკავება არ მომხდარა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და სუს-ს ამ ღონისძიების გატარება ნაკლებად შემზღუდავი საშუალებებით შეეძლო. მოწმეების ჩვენებით, მთელი დღის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილი ჭალაში ეხმარებოდა მამას და საღამოს მეჩეთში იმყოფებოდა;

10. გამოძიების პროცესი ჭიანურდება და ეფექტიანი და დროული გამოძიების მიღწევა რთულდება.

2018 წლის 22 ივნისს კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული მოდელირების (რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს თ. მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობა გასროლის მომენტში) შედეგები ამ დრომდე უცნობია და ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ლ. სამხარაულის სახელობის სასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აჭიანურებს შესაბამისი დასკვნის გაცემას;

ამასთან, მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცოპერაციის ჩატარების დროს ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ უზურნველყოფენ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების შეწყვეტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები პერიოდულად ავრცელებს სხვადასხვა ფრაგმენტულ ინფორმაციას, რომელიც თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას ცდილობს. ეს პროცესი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს და ლახავს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრების ღირსებას და პატივს.

დასახელებული დარღვევების შესახებ სახლმწიფო უწყებების არაერთხელ ინფორიმირებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნის მიუხედავად რაიმე რეაგირება არ მომხდარა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ხელისუფლებების დროს ხეობაში ჩატარებულ არც ერთ შეიარაღებულ სპეცოპერაციას სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და პასუხისმგებელი პირების დასჯა არ მოჰყოლია. ეს კი ხეობაში მცხოვრებ ადამიანებში დაუცველობის და მათი, როგორც ადამიანის უფლების სუბიექტების არასათანადო აღიარების განცდას ქმნის.

„თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობასა და ნდობაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლება აღნიშნული საქმის უფრო ფართე სოციალურ კონტექსტს სათანადოდ ვერ იაზრებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს შექმნილი მძიმე მდგომარეობის გადასაჭრელად“.

EMC სუს-სა და პროკურატურას გამოძიების შეწყვეტისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის აღიარებისკენ მოუწოდებს. 

. . . . . . . . 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. ის ორი კვირის განმავლობაში იყო კომაში, 2018 წლის 10 იანვარს კი გარდაიცვალა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. მათვე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დასტურდება. 

 სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^