Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეწინააღმდეგება თუ არა კანონმდებლობას ინაუგურაციის თელავში გამართვა - ორგანიზატორების განმარტებები

05 დეკემბერი, 2018 17:55

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის თქმით, დღევანდელ კანონმდებლობასთან ჰარმონიაში არ მოდის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელშიც ინაუგურაციის ადგილად თბილისია დასახელებული. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში გამართვაში კახიშვილი პრობლემას ვერ ხედავს.

კახა კახიშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 2001 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომელშიც ინაუგურაციის ადგილად თბილისი და პარლამენტის შენობა სახელდება, მისამართად კი რუსთაველის გამზირია მითითებული. დღეს მოქმედი კონსტიტუციით პარლამენტი ქუთაისშია. ასევე იქ არის მოხსენიებული სახელმწიფო მინისტრიც, რომლის თანამდებობაც აღარ არსებობს.

კახიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გამართვის წესს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში შეიმუშავებენ.

„ჩვენ ვიცით პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება, სადაც ინაუგურაციის ადგილად განსაზღვრულია რუსთაველის გამზირი თბილისში. ასევე პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს რუსთაველზე. განსაზღვრულია ის პირთა წრე, რომელიც პრეზიდენტს ხვდება, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი.

შესაბამისად, თქვენც მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება უკვე აღარ მოდის ჰარმონიაში მოქმედ კანონმდებლობასთან. ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი და ამის შესახებ გეცნობებათ მალე“, - განაცხადა კახიშვილმა.

პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულებას გამოუსადეგარს უწოდებს ლაშა ჟვანია, რომელიც მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სახელდება.

ლაშა ჟვანიაც განმარტავს, რომ ბრძანებულებაში ინაუგურაციის ადგილად თბილისია დასახელებული, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას მიჰყვებიან, კონსტიტუციისა და სახელმწიფო სისტემის არევა მოუწევთ.

„ბრძანებულება N386, რომელიც ხელმოწერილია პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 2001 წლის 27 სექტემბერს, განსაზღვრავს სახელმწიფო და სამთავრობო უწყებების პროტოკოლის ქცევის წესებს. მათ შორის, აეროპორტში დახვედრის, უმაღლესი რანგის სტუმრების მიღების წესებს. მისი 23-ე მუხლი განსაზღვრავს ინაუგურაციის წესს, თუ როგორ უნდა მოიქცეს პროტოკოლი. ის არ განსაზღვრავს პოლიტიკას, არამედ ტექნიკურ საკითხებს.

თუმცა, მოქმედი კონსტიტუციით პარლამენტი ქუთაისშია. იქ კი ასე არ არის. მეორე საკითხი ისაა, რომ ბრძანებულებაში პრემიერ-მინისტრის ნაცვლად სახელმწიფო მინისტრზეა საუბარი. ბრძანებულება კონსტიტუციისა და სამთავრობო კანონმდებლობის ცვლილებების შემდეგ გამოუსადეგარი გახდა და თუ ჩვენ მას მივყვებით, მოგვიწევს კონსტიტუციისა და სახელმწიფო სისტემის არევა“, - განაცხადა ჟვანიამ.


საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან დღეს დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება, თუმცა, პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად თბილისი და პარლამენტის შენობაა განსაზღვრული.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №386

საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ

მუხლი 23.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. ინაუგურაციის დღეს საქართველოს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და თანმხლები პირები შემოივლიან პანთეონს.

2. საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ა) საქართველოს პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ბ) ტრიბუნის წინ განლაგებულია სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დასაწყისში ცხადდება: „საქართველოს პრეზიდენტი“. საპატიო ყარაულის ჯარისკაცები აღებენ პარლამენტის ჭიშკარს. საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იკავებენ ადგილებს ტრიბუნასთან განლაგებულ სავარძლებში. საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს ტრიბუნის გვერდით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იკავებს ადგილს ტრიბუნასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოთქვამს სიტყვას და იწვევს საქართველოს პრეზიდენტს ფიცის დასადებად.

დ) საქართველოს პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქარ­თველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქარ­თველოს მოსახლეობას. სამარშო მუსიკის თანხლებით იწყება სამხედრო აღლუმი ჯარის ნაწილების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტი ესალმება დამსწრე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.

ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ...

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ზურაბიშვილმა მთაწმინდის პანთეონსა და გმი ...

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე მთაწმინდის პანთეონსა და გმირთა მე ...
^