Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: კანონპროექტი ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს

12 დეკემბერი, 2018 11:53

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს.

მათი განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი ხდება შეიცვალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელეების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკარგავენ საჯარო მოხელის სტატუსს და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა განთავისუფლდნენ სამსახურიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვისას.

საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრის გაფართოება და მასში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოქცევა.

IDFI აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ისედაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მოსამსახურეების დანიშვნის შესაძლებლობას, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს შორის არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით უვადოდ არიან დანიშნული თანამდებობაზე. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა ცვლის ამ მოხელეების სტატუსს და უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

„IDFI უარყოფითად აფასებს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს და მიიჩნევს, რომ ის საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას. საჯარო სამსახურის რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო და მიზნად ისახავდა კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული კვალიფიციური, პოლიტიკურად ნეიტრალური, მერიტოკრატიული და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიზანი სწორედ საჯარო სამსახურის მდგრადობის უზრუნველყოფა და მოხელეთა დაცვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იყო, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის, როგორც ერთიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და დაიცვას საჯარო მოხელეები პოლიტიკური რყევებისგან...

კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რატომ მოხდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია ამ ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის და საკადრო უზრუნველყოფის შესახებ განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინსტრაციის მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო კანონპროექტის ავტორებს მოუწოდებს გაიწვიონ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რადგან ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას", - წერს IDFI.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^