„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სტუდენტის შეკითხვაზე, მიესალმება თუ არა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას, თუკი ამის შესახებ არსებული ჭორები გამართლდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მიესალმება. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გარკვეული სიმორცხვით პასუხობენ, ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შემთხვევაში კი ყველაფერი გარკვეული იქნება.
„მე თავიდანვე ვსაუბრობდი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, რომ ადეკვატური იქნებოდა, პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც მიაჩნიათ ერთმნიშვნელოვნად ლიდერად, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. რაც ახლა ხდება და რაც კითხვის ნიშანს ბადებს სახელმწიფოებრიობის მიმართ, გახდებოდა გასაგები. ჩემთან ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა, რა სახელმწიფო მოწყობა გვაქვს. იციან საპრეზიდენტო რესპუბლიკები, მონარქიები და ა.შ. თუმცა ეს მოწყობა არც ერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. ეს კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოს მიმართ. ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი. კარგი იქნება, თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ამით როგორც ერთ სიმღერაშია - „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. გარდა ამ ყველაფრისა, მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა“,- განაცხადა მარგველაშვილმა.