Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

13 დეკემბერი, 2018 19:32

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ გუშინ 400 თანამშრომელი იძულებით, ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქარხნის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ქარხანაში ამბობენ, რომ გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმლის კომპლექსი.

თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვების მიზეზი კი როგორც ქარხანაში განმარტავენ, ირანიდან დემპინგურ ფასად არმატურის მოზღვავებული იმპორტი გახდა [„დემპინგური ფასი" - შიდა ბაზრის ფასებთან (მათ შორის წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯებთან) შედარებით განზრახ შემცირებულ ფასს, რომელსაც გამყიდველი აწესებს ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით].

„სამწუხაროდ, მაისიდან ქვეყანაში შემოსვლა დაიწყო ირანულმა დაბალი ხარისხის დემპინგურმა არმატურამ, ნელ-ნელა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ბაზრის 30% უკვე ირანულ არმატურას აქვს დაკავებული. ამით შემცირდა ჩვენი არმატურის გაყიდვები და შედეგად დაგვჭირდა წარმოების მოცულობის შემცირება. გავაჩერეთ და დავაკონსერვეთ იმ იმედით, რომ საჭირო გადაწყვეტილებები იქნება მთავრობაში მიღებული და ძალიან სწრაფად ისევ თავიდან ავამუშავებთ. ეს ხალხი ჩვენ სამსახურიდან ჯერ არ გაგვიშვია, გავუშვით შვებულებაში და ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას", - ამბობს ტელეკომპანია „იმედთან“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე. 

საქმე ეხება, სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს, რომლის მოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე შეჩერებულია.

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ოქტომბერს მიიღო დადგენილება „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

თუმცა, 22 ნოემბერს მთავრობამ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და მისი მოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე შეაჩერა.

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზანი კომპანიებისთვის დამატებითი დროის მიცემაა, რათა ისინი ახალი რეგულაციებისთვის მოემზადონ. მათი თქმით, რეგლამენტი 15 იანვრიდან ჩვეულებრივად შევა ძალაში.

„ჩვენ, როგორც სახელმწიფომ მათ მივეცით მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი დრო ჰქონოდათ და ამ რეგულაციებისთვის მომზადებულიყვნენ“, - გვითხრეს სამინისტროში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის  მიხეილ დუნდუას თქმით, იმპორტიორები, რომლებსაც აღნიშნული რეგლამენტი ეხებოდათ, არ იყვნენ მზად იმ დოკუმენტაციის წარდგენისთვის, რომელსაც მათ რეგლამენტი ავალდებულებდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ წლის ბოლოსთვის მათ დამატებითი ფინანსური დანაკარგები არ ჰქონოდათ. 

დუნდუა აცხადებს, რომ ვადის გადაწევაზე გადაწყვეტილება მიიღო არა ფინანსთა სამინისტრომ, არამედ - მთავრობამ. ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განაცხადა, სადაც რუსთავის ფოლადის წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ. 

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ამ საფრთხეების შესახებ პროფკავშირი ჯერ კიდევ აპრილიდან საუბრობდა, თუმცა მთავრობამ არ გაითვალისწინა.

როგორც დოლაბერიძე ამბობს, ისინი გამოთქვამდნენ ეჭვებს იმის შესახებ, რომ საქმე ეხებოდა კორუფციას და იმპორტის არალეგალურ ლობირებას.

„მთავრობამ თითქოს დაიწყო ანტიდემპინგური კანონის განხილვა და კომპანიებს დაპირდნენ ამის ამოქმედებას. რადგან იგივე პრობლემები იყო ცემენტის წარმოებაშიც, ირანიდან შემოსული ცემენტის გამო. ცემენტის კომპანიებიც კრიტიკას გამოთქვამდნენ და მთავრობა დაჰპირდა მათ, რომ დეკემბრის ბოლომდე მიიღებდნენ ამ კანონს, მაგრამ გაირკვა, რომ გადაიდო. ამან კიდევ დამატებითი ეჭვი გაგვიჩინა, რომ ისევ რაღაც ჯგუფები ცდილობენ ხელი შეუშალონ ამ პროცესს", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

„ლიბერალთან“ საუბარში თამაზ დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ რადგან კომპანიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, პროფკავშირს რამდენიმე დღე სჭირდება გაერკვეს დეტალებში, კერძოდ, რამდენად სწორია სამართლებრივად დასაქმებულების გაშვების ეს ფორმა და რას აპირებს მთავრობა. მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას.

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^