დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განაცხადებით, ამ დროისთვის 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების 107-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეულმა და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობამ მოიმატა. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო - ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების 107-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძის თქმით, წელს პირველად სახელმწიფო პროგრამით 40000-მდე ადამიანი აიცრა; კერძო სექტორში გაკეთებული აცრების რაოდენობა კი დაახლოებით 5 000-დან 10 000-მდეა.
„გრიპის ვირუსების გავრცელების პიკს, როგორც ყოველთვის, წელსაც დეკემბრის ბოლო კვირაში ველოდებით, შემდეგ მისი რაოდენობა ისევ შემცირდება, თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ველოდებით გავრცელების მეორე ტალღას. მიუხედავად ამისა, გავრცელება ეპიდემიურ ზღვარს არც ერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს. რისკჯგუფებს წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, ხანშიშესული ადამიანები და პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, დიაბეტის, სუნთქვასთან დაკავშირებული და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები)“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, მისი თქმით, საჭიროა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ასევე, ხელების ხშირად დაბანა და გაციების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.