Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: L[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასტუმრო, რესტორნები და კინო - რა იგეგმება კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში

18 დეკემბერი, 2018 20:00

კინოთეატრი „რუსთაველი“, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, უკვე რამდენიმე თვეა, აღარ ფუნქციონირებს. პრესსამსახურში კი ჯერ კიდევ გასულ წელს „ლიბერალთან" საუბარში აცხადებნენ, რომ მომავალი კინოფესტივალისთვის ემზადებოდნენ. წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა ისე ჩაიარა, რომ „რუსთაველი“ ჯერაც არ გახსნილა. 

„ლიბერალი“ ბოლო კვირების განმავლობაში ცდილობდა გაეგო, რა იგეგმებოდა „რუსთაველის“ შენობაში, თუმცა პრესსამსახურში აცხადებდნენ, რომ კონცეფცია ჯერ შემუშავებული არ იყო. შენობის მფლობელი სააქციო საზოგადოება „კინოთეატრი რუსთაველია“.

12 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი ესკიზის შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“.

„წარმოგიდგენთ რუსთაველის კინოთეატრის რეკონსტრუქციისა და მისი სამომავლო განვითარების კონცეფციას, კერძოდ, ვგეგმავთ შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით, როგორც ინტერიერში, აგრეთვე ექსტერიერში. იგეგმება შენობის არსებული ფასადისა და ინტერიერის რესტავრაცია“, - ვკითხულობთ არქიტექტურის სამსახურში ირაკლი შარაშიძის სახელით შესულ განცხადებაში. განცხადებაში შარაშიძე მითითებულია, როგორც მთავარი არქიტექტორი/სპეციალისტი. შარაშიძის თქმით, დამკვეთი შენობის მფლობელია.

განაცხადის ავტორმა თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან უარი მიიღო, თუმცა ის „ლიბერალთან“ ამბობს, რომ კონცეფციაზე მუშაობას აგრძელებს.

მისი თქმით, პროექტი ჯერ არ შეუტანიათ და ეს უბრალოდ კოლეგიური საუბარი იყო არქიტექტურის სამსახურთან. მისივე თქმით, შენობაში, სავარაუდოდ, ერთი ან ორი კინოდარბაზი იქნება. 

ესკიზის მიხედვით, სასტუმროს ნომრები ექვს სართულზე განთავსდება.

„კინო არის, უბრალოდ სასტუმროც ემატება. ფუნქცია - რაც ხალხს აინტერესებს, ეს არის კინო, კინო უნდა აღდგეს, კინოს თემატიკით, ოღონდ კინოს, როგორც ფუნქცია დაემატება სასტუმრო და რესტორნები, რომლებიც თავის დროზე ქვედა სართულზე ისედაც ჰქონდა“, - ამბობს შარაშიძე. 

ესკიზში შენობის თავზე ახალი კონსტრუქციაა განთავსებული, რაზეც შარაშიძე ამბობს, რომ ეს ჯერ მხოლოდ მოსაზრებაა და არა ჩამოყალიბებული პოზიცია. 

განაცხადის ავტორისთვის უცნობია, რატომ ეთქვა უარი აღნიშნულ ესკიზს. 

შარაშიძე ამბობს, რომ ამჟამად რესტავრატორები მუშაობენ.

„რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამ იდეაზე მუშაობა, მთავარია, ძეგლი აღვადგინოთ, თავზე რამეს დავადგამთ თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იდეაზე, რომ კინო დავაბრუნოთ და დახურული არ იყოს შენობა, ამაზეა ახლა ლაპარაკი, რომ აღვადგინოთ, კინოც დავაბრუნოთ და გავაჯანსაღოთ, პირობები შევუქმნათ, რომ კინოთეატრმა იმუშაოს“, - ამბობს შარაშიძე

„ლიბერალის“ კითხვაზე, რომელიც შემცირებულ დარბაზებს ეხებოდა, შარაშიძე პასუხობს:

„ეს დარბაზები დაამატა დღევანდელმა მფლობელმა. წინა მფლობელის პირობებში შენობაში მოხდა ბევრი არასასურველი ცვლილება - მოაკლდა ის ფართები, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავაბრუნოთ და აღვადგინოთ. დარბაზების დამატება ნიშნავს, რომ ძეგლის რაღაც ნაწილები შეიფუთა და დღეს აღარ ჩანს. ჩვენ გვინდა, რომ დავუბრუნოთ პირვანდელი სახე“.

კითხვაზე - იყო თუ არა პირვანდელ სახეში გათვალისწინებული სასტუმრო - არქიტექტორი გვპასუხობს:

არა, კინოთეატრად იყო, პირვანდელ სახეში არქიტექტურულ ელემენტებს ვგულისხმობ და არა ფუნქციას. არქიტექტურული ელემენტები უნდა დაბრუნდეს თავის ადგილზე.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე - შენარჩუნდება თუ არა სასტუმროს პირობებში არქიტექტურული ელემენტები - ის გვპასუხობს:

კი, სწორედ ამაზეა საუბარი, გვინდა, ისევ გამოვაჩინოთ ის კაპიტელები, რაც ჰქონდა კოლონებს, ჭერი და ა.შ.


საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „კინოთეატრ რუსთაველის“ გენერალური დირექტორია ოთარ ბაბუაშვილი, სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარეა გიორგი ბაზღაძე, თავმჯდომარის მოადგილე - ბაკურ ლაშქარავა, ასევე წევრები არიან: ბესიკ აბესაძე, ოთარ ბუბაშვილი, კონსტანტინე ლუსინიან-რიჟინაშვილი. 

პროექტის ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ კინოთეატრი „რუსთაველი“ მდებარეობს რუსთაველის გამზირის N5-ში, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით 1939 წელს აგებულ შენობაში. ნაგებობას ძეგლის სტატუსი აქვს. 1936 წელს გადაწყდა ამ ადგილზე კინოთეატრის მშენებლობა. პროექტის ავტორად დასახელდა იმ დროს თბილისში სახელგანთქმული არქიტექტორი ნიკოლოზ სევეროვი, რომელსაც უკვე აშენებული ჰქონდა რუსთავლის ქ.#3-ში მდებარე ეროვნული მუზეუმი - ერთ-ერთი გამორჩეული შენობა რუსთაველის გამზირის განაშენიანებაში.

ოთხსართულიან ნაგებობას კუბური მოცულობა აქვს. ფასადთა პირველი სართული რუსტირებულია, ზედა სართულები კი გიგანტური კორინთული პილასტრებით არის დანაწევრებული. მეორე სართულის განაპირა თაღოვან ნიშებში ვ. თოფურიძისა და ს. მიქატაძის მიერ შესრულებული ქანდაკებებია განთავსებული. კინოთეატრის კვადრატული მოცულობა თითქმის თანაბრად არის დაყოფილი ფართო, სადღესასწაულო ფოიესა და უშუალოდ კინოდარბაზის სივრცეებად. ისტორიულ -არქიტექტურულ კვლევას თან ერთვის რეკომენდაციები, სადაც ნათქვამია, რომ შენობის ადაპტაციისთვის აუცილებელი მოცულობის მატება შესაძლებელია ძეგლის სხვენის ნაწილზე რუსთაველის გამზირის თანამედროვე მასშტაბის გათვალისწინებით. დაშენებას უნდა ჰქონდეს თანამედროვე და ამავდროულად ღირებული იერსახე, რომელიც შემოქმედებითად უნდა მიესადაგებოდეს ისტორიული შენობის მოცულობას. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^