Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გრიგოლ გეგელია მაჟორიტარ კანდიდატად განიხილება - რა გეგმები აქვთ მემარცხენე ჯგუფებს

06 იანვარი, 2019 15:22

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად განიხილება - ამის შესახებ „ლიბერალს“ გრიგოლ გეგელიამ განუცხადა და აღნიშნა, რომ მემარცხენე წრეებში მის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობენ.

გეგელია არ აკონკრეტებს, თუ ვინ არიან მემარცხენე ჯგუფები, რომლებიც მასთან დგანან. იგი ამბობს, რომ ისინი თავისუფალი მემარცხენე ჯგუფები და კერძო პიროვნებები არიან, რომლებიც რადიკალურად განსხვავებული დღის წესრიგის შემოტანაზე ფიქრობენ ქართულ პოლიტიკაში. როგორც „ლიბერალმა“ გაარკვია, ამ მემარცხენე ჯგუფებს შორის არიან „მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია 115-ის“ აქტივისტები.

ირაკლი კუპრაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ გეგელიას კანდიდატს მხარს უჭერს და მას ბოლომდე გაყვება ბრძოლაში, რადგან საპარლამენტო მანდატი მაღალი ტრიბუნაა, არსებული პრობლემებისა და მათი იდეების გასაჟღერებლად.  

მისივე თქმით, გარდა „მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია 115-ის“ აქტივისტებისა, გაერთიანებაში სხვა მემარცხენე ჯგუფებიც არიან.

რა გეგემები აქვს ახალ პოლიტიკურ ძალას

გრიგოლ გეგელიას თქმით, მასა და მის თანამოაზრეებს საბოლოოდ განზრახული აქვთ, ფართო პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთონ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ დამოუკიდებელ, არაპარტიულ ფორმატში განიხილავენ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.

გეგელიას თქმით, განიხილება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის მისი კანდიდატურა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის, ქართლი დემოკრატიის დახსნა ამ ორპარტიული ჭაობიდან, რომელშიც მოგვაქციეს. ვფიქრობთ, რომ პარლამენტარიზმი უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული. ვფიქრობთ, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ხმა დაკარგული და წართმეულია და პირველ რიგში ეს პარლამენტარების ვალდებულებაა, რომ ისინი იყვნენ კონკრეტული ადამიანების პრობლემების გადამჭრელები.  ეს საერთოდ არ გვხვდება საქართველოში, ამ პათოლოგიურ პოლიტიკურ კულტურაში, სადაც არც კი იციან ვინ არის პარლამენტარი.

გვინდა, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ. ჩვენ გვექნება  რადიკალურად განსხვავებული დღის წესრიგი. პირველ რიგში ჩვენ ვისაუბრებთ სოციალურ სამართლიანობაზე, ვისაუბრებთ ძალიან კონკრეტულ ქმედით დემოკრატიაზე, რაც არ არის ჩვენთვის ცარიელი სიტყვა, არამედ ეს არის ხალხის მიერ ძალაუფლების განკარგვა, კონტროლი და ფლობა“ - უთხრა გეგელიამ „ლიბერალს“.

მისი თქმით, ისინი ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა „საჯარო სივრცის უკან აღება“:

„საჯარო სივრცეს დღეს ემუქრება დიდი კაპიტალი, ე.წ. დეველოპმენტალიზმი, რომელიც სინამდვილეში სპობა არის. ჩვენ ვისაუბრებთ მშრომელთა უფლებებზე, ვისაუბრებთ სოციალურ სახელმწიფოზე და ვისაუბრებთ გამჭვირვალე სახელმწიფოზე, ინსტიტუტებზე და ჯანსაღ პროგრესულ მომავლზე რომელიც ქვაკუთხედად სახავს ადამიანს

ჩვენი ფილოსოფიური და პრაქტიკული მიდგომა ემხრობა კვლევაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული პრობლემების მკაფიო კვლევის შედეგად ვაწარმოებთ ჩვენს პოლიტიკას. არ გვინდა აბსტრაქტულად რაღაც განყენებული, რაღაც არასახალხო. გვინდა რეალური ადამიანების ნამდვილ პრობლემებს შევხედოთ და ისინი საბოლოოდ გადავჭრათ ერთობლივად.

ვართ ბევრნი. განვიხილავთ ყველაზე კარგ ვარიანტებს და გვაქვს შემართება, რომ ერთად ვიბრძოლოთ სოციალური საქართველოსთვის“ - ამბობს გეგელია.

მისივე თქმით, გაერთიანებული არიან ფართო სპექტრი მემარცხენე ოგრანიზაციებისა და თავისუფალი მემარცხენე კერძო პირებისა, თუმცა მათ მხარეს ასევე არიან დემოკრატიული ცენტრის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ახალი ტიპის პოლიტიკა უნდა დაიწყოს.

„ჩვენი აქცენტები აუცილებლად იქნება მკაფიოდ სოციალური და სოციალ-დემოკრატიული და დემოკრატებიც მხარს გვიჭერენ იმაში, რომ ალტერნატიული აზრი განვავითაროთ ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე“ - ამბობს გეგელია.

პრიორიტეტები

გეგელიას თქმით, სამომავლოდ, მათ განზრახული აქვთ, ფართო პოლიტიკური ბრძოლა აწარმოონ, რათა პოპულარიზაცია გაუწიონ იდეებს იმის შესახებ, თუ როგორი ალტერნატიული მომავალი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოწყობაში.

„ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაგვარებულ პოლიტიკაში აღარ ვხვდებით შინაარსის მატარებელ პროექტებს, იდეათა შეჯახებას, იდეებს არ ვხვდებით საერთოდ.

მთელი რიგი საკითხებისა არის იგნორირებული -  ქვეყანაში, სადაც ამდენი ადამიანი იხოცება მძიმე ინდუსტრიული შრომისას, პარლამენტის დარბაზი ცარიელია ხოლმე, რაც კატასტროფული და ანტიპოლიტიკურია.

ქვეყანაში არის მწვავე ეკოლოგიური პრობლემები. მთაწმინდაზეა ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ეს არის მელიქიშვილის მონაკვეთი.

ეს საკითხები და სხვა სოციალური სამართლიანობის საკითხი, სტრუქტურული უმუშევრობის, დაუსაქმებლობის - ის, რომ ქვეყნის განვითარებაში არ იდება ხარჯები. იმაში, რომ ხალხი განვითარდეს, ასეთ უამრავი თემაა.

ჩვენ ამით დავიწყებთ, გავაპოლიტიკურებთ ბევრ ასეთ სკითხს და იმედი გვაქვს, ბევრად უფრო ფართო ინიციატივად იქცევა ეს, რომელსაც განვითარება ექნება მომავალ ათწლეულში" - ამბობს გეგელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^