Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ქვეყანაში არშემოშვების გამო EMC შსს-ს სასამართლოში უჩივის

11 იანვარი, 2019 12:05

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, ორგანიზაციამ შსს-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საქმე ეხება „რადიო თავისუფლების“ ჩრდილო კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის, ასლანბეკ დადაევისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვას. დადაევი საზღვრის გადმოკვეთას 7 ნოემბერს ცდილობდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მას უარი უთხრა. 

EMC მიიჩნევს, რომ უარი უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.

EMC-ის განცხადებით, ასლანბეკ დადაევი 14 წელია, „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროში მუშაობს და აქტიურად აშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს. მას ხშირად უწევდა საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოსვლაც, აქტიურად წერდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურის საკითხებზე. 2018 წლამდე მას საქართველოში შემოსვლაზე პრობლემა არ ჰქონია.

„2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ასლანბეკ დადევი პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე ამზადებდა მასალას.

საქართველოში ბოლო ვიზიტიდან მალევე, მას კვლავ სურდა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს ის საზღვარზე არ შემოუშვეს. უარის საფუძვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დადაევი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. სამინისტროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი კანონმდებლობის, რა სახის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა დადევი“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, ამკვიდრებს თვითნებურ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც შსს-ს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უკანონო და ზოგჯერ დისკრიმინაციული შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს.

„ამ კუთხით EMC წარმოებაში აქვს კიდევ ერთი ჟურნალისტის, ჯამალ ალის საქმე, რომელიც Meydan TV ჟურნალისტია და აზერბაიჯანის მთავრობის კორუფციულ ინტერესებსა და პრაქტიკებზე კრიტიკულ მასალას ამზადებს. საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული ბოლო კრიტიკული მასალის შემდეგ, ისიც ამავე დასაბუთებით, შსს-მ არ შემოუშვა საქართველოში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ჯამალ ალის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა გამოიწვია იმან, რომ ჟურნალისტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემულ სიაში ირიცხებოდა.

ამავე დავაში სასამართლომ განმარტა, რომ უფლებამოსილი ორგანო მხოლოდ ფორმალურად ამოწმებს პირის სიაში არსებობა/არარსებობის საკითხს, ხოლო ის გარემოებები და დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად უდევს პირის სიაში შეყვანას, არ წარმოადგენს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილებას.

გარდა ამისა, სიებთან დაკავშირებით ის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც პირები ამ სიებში ხვდებიან. აგრეთვე, საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული სიის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო(ები), მისი კომპეტენცია, საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და ამ პროცესში გასათვალისწინებელი სამართლებრივი პრინციპები“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

EMC-ის განცხადებით, არსებული კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრაქტიკა არსებით რევიზიას საჭიროებს, რადგან ის შსს-ს მხრიდან ადამიანის უფლებების თვითნებური დარღვევის იარაღი ხდება. ჟურნალისტებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კი მედია საქმიანობისთვის ხელის შეშლის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიუღებელ პრაქტიკას ქმნის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

9 წლის გოგონას მკვლელობისთვის იაგო ნებიე ...

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა ...
27 მაისი
27 მაისი

ეკონომიკის მინისტრი ჭიათურაში პრემიერის ...

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასახურში განუცხადეს, მინისტრი ნათია თურნავა დღეს ჭიათურაში გ ...
27 მაისი
27 მაისი

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ო ...

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი პირი დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძ ...
^