ტრანსგენდერ ქალ გაბრიელას, რომელიც ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას პირადი საიდუმლოების უფლების დარღვევის გამო სასამართლოში ედავებოდა, კლინიკამ კომპენსაცია გადაუხადა.
2018 წლის თებერვალში სამ ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო გაბრიელა, რომელიც თავდასხმის შემდეგ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. გაბრიელა ჰყვებოდა, რომ კლინიკაში მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, გულგრილობა გამოიჩინეს და ამასთან, კლინიკის თანამშრომლები ტრანსფობიური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართავდნენ. გაბრიელა იძულებული გახდა, სხვა კლინიკაში წასულიყო.
„მოგვიანებით, კლინიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში (Facebook) განათავსა ფოტო, რომლის აღწერილობა შეიცავდა გაბრიელას პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ: მის სახელსა და გვარს, რომლითაც მას იცნობენ ახლობლები და მეგობრები და მის პირადობის მოწმობაში მითითებულ სახელსა და გვარს; მის განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე პაციენტს თანხმობა არ განუცხადებია.
2018 წლის 12 თებერვალს გაბრიელამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა მისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გამჟღავნების აღსაკვეთად. ინსპექტორის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" ცნეს სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, კლინიკას, ასევე, დაევალა სოციალურ ქსელში გაბრიელას განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი შეტყობინების წაშლა" - უთხრა „ლიბერალს" გაბრიელას ინტერესების დამცველმა ქეთი ბახტაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2018 წლის 30 მაისს გაბრიელამ სასამართლოს თავისი პირადი საიდუმლოების უფლების დარღვევის გამო კლინიკისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით მიმართა.
„სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2018 წლის 5 დეკემბერს. მოსარჩელემ სასამართლოს სთხოვა, სხდომა დახურულად გამოეცხადებინა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მხარეებმა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღეს შეთავაზება მორიგების შესახებ, რაზეც კლინიკის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა. საქმის მორიგებით დასრულება ნამდვილად არ ყოფილა გაბრიელას სურვილი, თუმცა ის შიშობდა, რომ საქმის განხილვის დროს მისი პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების სხვადასხვა ელემენტები გახდებოდა საჯარო. აღნიშნულის გამო შესაძლო იყო, საფრთხე შექმნოდა არა მხოლოდ მისი, არამედ ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა მორიგება და გაბრიელა კომპენსაციის სანაცვლოდ დასთანხმდა მორიგებაზე" - უთხრეს „ლიბერალს" WISG-ში.