Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია წერილი თბილისის მერს - NGO-ები და მოქალაქეები ვაკის პარკთან დაკავშირებით მერს მიმართავენ

21 იანვარი, 2019 19:38

არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მოქალაქეები თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ. ისინი თბილისის მერს სთავზობენ, გაიმართოს საჯარო შეხვედრა, სადაც შეთანხმდება ვაკის პარკში მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის თქმის სამართლებრივი არგუმენტები. 

„ლიბერალი“ მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო კახა,

მოგმართავთ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აქტივისტური ჯგუფების საჩივარი არ მიიღო წარმოებაში; ამასთან, თავის გადაწყვეტილებაში, ის დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონთან შესაბამისი პროცესით გასცა მშენებლობის ნებართვა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ „ვაკის პარკი არ მოიცავს იმ ტერიტორიას, რომელზეც სადავო აქტების შესაბამისად დადგენილია სასტუმროს მშენებლობა“ და ხაზი გაესვა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის მნიშვნელობას ტერიტორიის განვითარებისა და ტურისტების მოსაზიდად. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აქტივისტურ ჯგუფებს, არ ადგებათ ზიანი პარკში მშენებლობის განხორციელებით.

სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების საჯარო ინტერესის საწინააღმდეგო განმარტებას, საფრთხეს უქმნის გარემოს დამცველთა მიერ ხუთწლიანი ბრძოლის შედეგად გადარჩენილ სამართლებრივ სიკეთეს- პარკის ერთიანობას და მნიშვნელოვან პრეცედენტულ საფრთხეს ქმნის, ამ ტიპის საქმეებისათვის მომავალში.

მიუხედავად სასამართლოს წინააღმდეგობრივი მსჯელობისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მშენებლობის უფლება ვადაგასულია. სამართალწარმოების მიმდინარეობის პარალელურად, მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად დაწყებული წარმოების ფარგლებში, ინვესტორმა ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა და მშენებლობის უფლების ვადის გაგრძელება.

 ზონალური შეთანხმება მშენებლობის სანებართვო პროცესის ნაწილია. მშენებლობის ვადა, მათ შორის მოიცავს ზონალური შეთანხმების პირობებით განსაზღვრული შენობის კონკრეტულ ვადაში აშენების ვალდებულებას.

მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშაა - „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელი

ვინაიდან, სასამართლოს არ აღუდგენია მშენებლობის ნებართვა, მეტიც, მან უარი თქვა მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ხოლო ინვესტორმა ვერ შეძლო მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, ამ ეტაპისათვის, ინვესტორს აღარ აქვს უფლება აწარმოოს მშენებლობა, მათ შორის ზონალური შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით.

ვიცე-მერი: „სასტუმრო ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

ამიტომაც, მშენებლობის განზრახვის კვლავ არსებობისას, ინვესტორს მოუწევს ხელახლა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და თავიდან გაიაროს მშენებლობის სანებართვო პროცესით დადგენილი ყველა სტადია. თბილისის მერიამ ახალი ნებართვის გაცემის პროცესში უნდა იმსჯელოს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის ივლისში გაიზარდა ვაკის პარკის საზღვრები და მთელს სივრცეს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამას გარდა, ყურადღება გაამახვილოს კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით პირდაპირ დამკვიდრდა მოქალაქეთა უფლება, ისარგებლონ საჯარო სივრცით.

ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის უამისოდაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სადავო ტერიტორია ვაკის პარკის საზღვრებშია, წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მასში მშენებლობის დაშვება, ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო ინტერესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მშენებლობის ნებართვის ხელახლა მისაღებად, ინვესტორის მოთხოვნაზე უარის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს საკითხი.

ვინაიდან, საჯარო განცხადებების თანახმად, თქვენ ეწინააღმდეგებით პარკში მშენებლობის წარმოებას, აუცილებელია საზოგადოებასთან ერთად შეჯერდეთ ხელახალი მშენებლობის ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტაციაზე და განსაზღვროთ სადავო ტერიტორიის ქალაქისათვის დაბრუნების სამართლებრივი ფორმა.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე,  ვაკის პარკის მხარდამჭერი საზოგადოება გთხოვთ, თქვენი დასწრებით გაიმართოს საჯარო შეხვედრა, სადაც შევათანხმებთ მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტებს, ასევე ვიმსჯელებთ სადავო ტერიტორიის ქალაქის საკუთრებაში დაბრუნების სამართლებრივ პერსპქეტივებზე“,-ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

პარტიზანული მებაღეობა- თბილისში

 „მწვანე ალტერნატივა“

 „იარე ფეხით“

„ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“

„ჩემი ქალაქი“- ქალაქის გულშემატკივართა და ქალაქზე მზრუნველთა ერთობა

„ტფილისის ჰამქარი“

„ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი“

„ურბანული ლაბორატორია“’

ღია საზოგადოების ფონდი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC)

ააიპ „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია, თბილისი“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^