Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რის გამო აკრიტიკებენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპარლამენტარები

22 იანვარი, 2019 17:58

ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, პოლარიზებული მედიაგარემო, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა - მცირე ჩამონათვალია იმ ნეგატიური შეფასებებისა, რომელიც 21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების განხილვისას გააკეთეს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის მოსმენისას საქართველოს გარდა სომხეთში გამართული არჩევნებიც შეაფასეს. მოხსენების წაკითხვის შემდეგ ევროპარლამენტარებმა კოლეგებს თავიანთი მოსაზრებებიც გააცნეს საქართველოში არჩევნების პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

მათ პოზიტიურად შეაფასეს პრეზიდენტად ქალი კანდიდატის არჩევა. ამავდროულად აღნიშნეს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. ისინი პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტს მოელიან, რაც, მათი აზრით, კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული შენიშვნები გააცნონ.

საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ლიეტუველი დეპუტატი ლაიმა ანდრიკიენე უნდა ყოფილიყო, თუმცა ავადმყოფობის გამო, სესიაზე მისვლა ვერ შეძლო, ამიტომაც მომხსენებლის პოზიცია მისმა გერმანელმა კოლეგამ, იოახიმ ზელერმა დაიკავა.

ზელერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მაგრამ მას სინამდვილეში მმართველი პარტია უჭერდა მხარს. ამასთანავე, ხაზი გაუსვა ამ არჩევნების მნიშვნელობას, რამდენადაც ეს ბოლო არჩევნებია, როცა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ხალხი ირჩევს.

„არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად ორგანიზებული. კანდიდატებს ჰქონდათ თავისუფლება, კამპანიაში მიეღოთ მონაწილეობა, ხოლო ამომრჩეველს - საშუალება, სასურველი კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი. ძალადობრივი ინციდენტები არ მომხდარა, მიუხედავად შიშისა, რომ მოხდებოდა“ - თქვა დეპუტატმა.

მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდი ხშირად ნეგატიურ კამპანიაზე იყო აგებული და პირადი თავდასხმები ხშირად შეიცავდა მკაცრ ბრალდებებს, ნაცვლად მომავლის კონკრეტულ ხედვის ჩვენებისა.

„ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო გაუარესდა მეორე ტურის დროს, რომელშიც მწვავე რიტორიკა შეინიშნებოდა.

მედიაგარემო, კიდევ უფრო პოლარიზებული იყო მეორე ტურში, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ არხებზე, რამაც კანდიდატებს შორის დებატებისთვის მიუკერძოებელი პლატფორმის შექმნას ვერ შეუწყო ხელი.

დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები ინტენსიური სიტყვიერი შეტევისა და მუქარის ობიექტები გახდნენ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ეს თავდასხმები პირველ ტურში დაგმო ევროპარლამენტის დელეგაციამ, რამაც, როგორც აღმოჩნდა, პოზიტიური ზეგავლენა იქონია - ისინი მეორე ტურისთვის განახევრდა.

მიუხედავად საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა, გამოიკვეთა საარჩევნო კამპანიების დაფინანსების იგივე გამოწვევები, რაც 2016 წელს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია უჭერდა, იმაზე მეტი შეწირულობა მოაგროვა, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატმა ერთად. მედიის პოლარიზაციასთან ერთად კანდიდატებისთვის არ არსებობს სამართლიანი კონკურენციის სივრცე.

ყველაზე შემაშფოთებელი მაგალითი არის  მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ვალის ჩამოწერა 600 000 ადამიანისთვის - მთლიანობაში 500 მლნ ევროს ოდენობის თანხის, ბანკის მხრიდან, რომელიც მმართველ პარტიასთან არის აფილირებული.

არჩევნების დღეს დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორებისა და  მხარდამჭერების მხრიდან დაშინებისა და ზეწოლის რიგი ფაქტები. საარჩევნო უბნებზე მათ ყოფნას კანონმდებლობა არ კრძალავს. მმართველმა პარტიამ ტექსტური შეტყობინებისა და სატელეფონო ზარის მასობრივი კამპანია ჩაატარა.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად რიგი პოზიტიური ელემენტებისა, მეორე რაუნდი მთლიანობაში შეფასდა, როგორც რეგრესი პირველ ტურთან შედარებით.

საარჩევნო პროცესმა საზოგადოება გაყო და მასში ანტაგონიზმი შემოიტანა“ - განაცხადა მომხსენებელმა.

ფინელი დეპუტატის, ჰეიდი ჰაუტალას შეფასებით კი, კრიტიკა, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შესახებ საქართველომ მიიღო, „კრიტიკულია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპული მომავალი სურს და რომელიც რეგიონში მოწინავეა“.

მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ელემენტები არ იქცეს ტენდენციად, განსკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი“ - თქვა დეპუტატმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. დეპუტატის განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის გაგრძელება ხაზს უსვამს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე განგრძობად მხარდაჭერას.

ბრიტანელი დეპუტატის, საჯად კარიმის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ რეგიონში დემოკრატიის ჩემპიონის, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყნის სტატუსი მიეღო.

„მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, პრობლემატური იყო ნეგატიური კამპანიის საკითხი ყველა მხრიდან. ის მოიცავდა უხეშ თავდასხმებს სამოქალაქო სექტორზე  ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც.

რა თქმა უნდა, პროცესი, ზოგადად, ინციდენტებით არ ხასიათდებოდა, არ მინდა, ასეთი შთაბეჭდილება დავტოვო. არ უნდა მოექცეს ჩრდილქვეშ ის ფაქტი, რომ კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმართვის საშუალება, თუმცა, ყოველივეს გათვალისწინებით, ვხედავ ნეგატიური ტენდენციის ნიშნებს“ - თქვა კარიმმა.

იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს და ამბობს, რომ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

„იგი დიდ გამოცდილებას მოუტანს პრეზიდენტის ინსტიტუტს, რაც ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ იგი გამოიყენებს თავის გავლენიან მანდატს, რომ გააერთიანოს პოლარიზებული საზოგადოება, თუმცა, როცა ევროპას ვუყურებ, ჩვენ პოლარიზებული ვართ იმ ფონზე, როცა ეს გამყოფი ძალები ძალას იკრებენ. უნდა განვაგრძოთ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება და შესაბამისი დახმარება უზრუნველვყოთ“ - თქვა დეპუტატმა.

პორტუგალიელი დეპუტატი ანა გომესი იზიარებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა დადებითად აფასებს იმას, რომ 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, ძალადობა არ მომხდარა.

„ერთ-ერთი ყველაზე რთული საყურებელი იყო პოლარიზაცია და ბინძური მეთოდი, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ გამოიყენებოდა“ - თქვა დეპუტატმა.

მისივე თქმით, თავდასხმის ობიექტები გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ძალიან, ძალიან შემაძრწუნებელი იყო აშკარა ჩარევა ვალების პატიების საშუალებით“. - თქვა დეპუტატმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ განვითარებული ხალხია, რაც პირველი ტურის შედეგებმაც აჩვენა.

„მეორე ტურში ხალხმა იცოდა, რომ განსხვავებული შედეგის შემთხვევაში, ეს პოლარიზაციის ატმოსფეროში ჯოჯოხეთს გაუტოლდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ხალხის არჩევანი გულწრფელი იყო. ვიმედოვნებ, 2020 წლის არჩევნებში ხელს შევუწყობთ, რომ პოლარიზაცია აღარ განმეორდეს“ - თქვა დეპუტატმა.

ბრიტანელი დეპუტატის, კლერ მუდის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, რეალური იყო“.

„2018 წლის ანგარიშში, რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეთს“ ეკუთვნის, საქართველო გეოპოლიტიკურ კონტექსტში უფრო დადებითად არის შეფასებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი სამი ქვეყანა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა გვახსოვდეს“ - თქვა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ საქართველომ ქალი პრეზიდენტი აირჩია.

„მსოფლიო ლიდერებს შორის ქალი 10%-ზე ნაკლებია. ჩვენ ამ კამპანიაში ისიც დავინახეთ, რომ იგი გამორჩეული პერსონალური თავდასხმის ობიექტი გახდა. ხშირად ვამბობთ, რომ, როცა ქალები მაღალი თანამდებობისთვის იბრძვიან, ისინი პერსონალური თავდასხმის ობიექტები ხშირად ხდებიან. ამიტომ, საქართველოს დამსახურებაა, რომ მოსახლეობის 60%-მა მხარი  დაუჭირა ქალ პრეზიდენტს, რომელიც ძალიან კვალიფიციურია იმ როლისთვის, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ეხება. მოუთმენლად ველი ევროპარლამენტის პოზიტიურ ურთიერთობას მასთან.“ - თქვა დეპუტატმა.

გერმანელი დეპუტატი რებეკა ჰარმსი პოზიტიურად აფასებს იმას, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს, თუმცა არჩევნებით იმედგაცრუებას გამოხატავს.

„საქართველოს შემთხვევაში იმედგაცრუებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი, რაც მეც მომწონს. ვფიქრობ, ეს იმედგაცრუება კარგი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენებაც შეიძლება ახალარჩეული პრეზიდენტის ვიზიტის დროს“ - თქვა დეპუტატმა. მას კონკრეტულად არ უსაუბრია, რაში გამოიხატებოდა მისი იმედგაცრუება.

22 იანვარს ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტვით პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამოვიდა.

მან სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა და „ევროპის სახალხო პარტიას“ მოუწოდა, პარტნიორი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზურაბიშვილის შეურაცხყოფა დაგმონ.

„სამწუხაროდ, ეს კამპანია სიძულვილით იყო სავსე. სავსე იყო შეურაცხყოფით ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამ კვირაში PACE-მა შევიწროების შესახებ კამპანია დაიწყო და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ტანჯვა, რომელსაც პოლიტიკოსი ქალები გადიან. შევიწროების ყველაზე ცუდი ფორმები გამოიყენა ოპოზიციამ, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პარტნიორი პარტიაა. მინდა, რომ კოლეგებს ვთხოვო EPP-დან, ყურადღება მიაქციონ, როგორ ექცეოდა ქალ კანდიდატს მათი პარტნიორი საქართველოში. როგორ ექცეოდა საქართველოში ქალ კანდიდატს თქვენი პარტნიორი პარტიის კუთვნილი მედია. სიძულვილის ენის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის მაჩვენებელი უპრეცედენტო იყო. მჯერა, რომ იგი ამ ტკივილს ძალად გადააქცევს და სხვა ქალებს გაუკვალავს გზას პოლიტიკაში. მინდა, EPP-ის წევრებს მოვუწოდო, დაგმონ უპრეცედენტო შევიწროება და შეურაცხყოფა, რომელიც თქვენი პარტნიორი პარტიის წევრებისგან მოდიოდა ახალარჩეული პრეზიდენტის მიმართ“, - თქვა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^