Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლეები: NGO-ების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია

26 იანვარი, 2019 15:36

მოსამართლეებმა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სპეციალური განცხადება მიიღეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არაჯანსაღი პროცესები ვითარდება, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება.

მათი თქმით, აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით გაღრმავდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და უზენაეს სასამართლოში არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატურები წარუდგინა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია, წარდგენილი კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო შეფასებების გავრცელება იმ განხილულ საქმეებზე, რაზეც მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილებები.

გახშირდა მოსამართლეთა მიმართ აგრესიული და უპატივცემულო დამოკიდებულების ფაქტები. ამასთან, გაჟღერდა მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის მოთხოვნა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს.

2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმით, შეიქმნა მყარი გარანტიები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის: - მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების აკრძალვა სასამართლოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საფუძვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების და მოსამართლეთა ხელშეუხებლობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების გადაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რაც პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად ქმნის სამართლებრივი სტაბილურობის გარანტიას. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობს ხელყოს სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და დასაჯოს სასამართლო იმისთვის, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების პრინციპით იხელმძღვანელა. სასამართლოს განვითარება, საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა შეუქცევადი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია შეწყდეს სასამართლოს, განსაკუთრებით ჩვენს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია.

მოსამართლეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნას არა თუ არ გააჩნია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, არამედ ეწინააღმდეგება თითოეული ჩვენგანის ნებას და საქართველოს კონსტიტუციით და ყველა მოქმედი საერთაშორისო აქტით დეკლარირებულ გარანტიებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა და ისეთი ნაბიჯების არიდება, რომელმაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს მართლმსაჯულების ინტერესები, მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს: ობიექტურად გაანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები, განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა, ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით“, - ნათქვამია მოსამართლეთა განცხადებაში.

ფოტო: IPN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ბერლინში 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცი ...

დღეს, 21 ივნისს ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან აქცია „თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“ გაიმართა. აქციის მონ ...
^