Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფესორები ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ

05 თებერვალი, 2019 13:43

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს. ქადაგიძე ამტკიცებს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა იყო.

უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ კი განაცხადა, რომ ქადაგიძის გადაყენების მიზეზი რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის სკოლა სხვა პროგრამებთან გაერთიანდა. ახალი დეკანის პოზიციაზე კი კონკურსი გამოაცხადეს და ქადაგიძეს შეეძლო, მასში მონაწილეობა მიეღო.

ქადაგიძის გათავისუფლების მიზეზებზე განცხადება გაავრცელა ილიაუნის აკადემიურმა საბჭომაც და გაიზიარა უნვიერსიტეტის რექტორის პოზიცია. თავად გიორგი ქადაგიძე კი გუშინ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 24 საათი მისცა რეორგანიზაციის გასაუქმებლად და სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ილიას უნივერისტეტში მიმდინარე დაპირისპირებას Facebook-ზე გამოეხმაურნენ უნივერსიტეტის პროფესორებიც.

ლევან ბერძენიშვილი

ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ ბოლო ხანებში მასირებული და კარგად ორკესტრირებული შეტევაა წამოწყებული.

მრავალი წელია, ვთანამშრომლობ ამ უნივერსიტეტთან, ხოლო 2015 წლიდან მისი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორი ვარ. სხვადასხვა დროს მიმუშავია და ახლაც ვმუშაობ რამდენიმე უნივერსიტეტში და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იშვიათად მინახავს ისეთი მრავალფეროვანი, პლურალისტური გარემო, როგორიც ილიას უნივერსიტეტშია შექმნილი.

სხვათა შორის, ეს ეხება როგორც სტუდენტობას, ისე აკადემიურ პერსონალსაც. ეს უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფლების კუნძულია ჩვენს საგანმანათლებლო მართლაც შავ ზღვაში, ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი მონაპოვარია და მას გაფრთხილება სჭირდება.

ნოდარ ლადარია

აღარ გავიმეორებ ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის პერიპეტიებს. ვისაც აინტერესებს, იცის.

როგორ უყვართ ჩვენში ძლიერი გამოთქმები. არა, კი არ უყვართ, ფარულ სურვილებს მალავენ ხოლმე: „გამომაგდეს!" - უნდა წარმოიდგინო კარის ჯახუნის ხმაზე ქუჩაში, მტვერში წაქცეული ფუნქციონერი.

არის ამაში ერთგვარი პომპეზურობა, თუმც კი უარყოფითი, მაგრამ მაინც სანუკვარი - დრამა, ტრაგედია.
სინამდვილეში კი ყველაფერი კანცელარიულად მარტივი და უფერულია: როგორ იქნები იმის დეკანი, რაც უკვე შეიცვალა? ან რისი ხარისხი უნდა უზრუნველყო? თანაც არავინ არსად არ გაგდებს... დრამა და ტრაგედია კი არა, კანონში გაწერილი რუტინაა. ღრმად შეისუნთქე და შეაგროვე საბუთები ახალი კონკურსისთვის - ავტომატურად გადახვალ სხვა პოზიციაზე, თუ, რა თქმა უნდა, საკმარისი თავდაჯერებულობა დაგრჩა.

მაგრამ როგორ უნდა გაუძლო ცდუნებას, როცა მედიასაც ეზარება საქმის გარკვევა და პეტარდების ტკაცუნი ურჩევნია... მაგან, სხვათა შორის, თითების წაცლა იცის ადრე თუ გვიან.

გია ნოდია

შემხვდა რამდენიმე პოსტი, სადაც ილიას უნივერსიტეტს (იგულისხმება, რექტორს, გიგა ზედანიას) არცხვენენ რეორგანიზაციისთვის, რის შედეგადაც ბიზნესის სკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე, დეკანი აღარ იქნება (ამ დროს იგულისხმება, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი ქადაგიძის მოშორება იყო. სიმარტივისთვის ამ ბოლო საკითხზე არ ვიკამათებ).

ჩემთვის გასაკვირია, რატომ უყურებს ეს ხალხი ამ საკითხს მორალის ჭრილში. სირცხვილი მორალის კატეგორიაა, თანაც აბსოლუტური: სამარცხვინო საქციელი დაცვას და განხილვას არ ექვემდებარება. შერცხვენილი ექვემდებარება რეალურ ან ვირტუალურ ბოძზე გაკვრას და რეალური ან ვირტუალური დამპალი პამიდვრების სროლას.

გიგა ზედანიასაც ვიცნობ და გიორგი ქადაგიძესაც, ორივეს პატივს ვცემ, ოღონდ გიგას უფრო დიდხანს და უფრო კარგად, გიორგის - უფრო ცოტა ხანს და უფრო შორიდან. ამავე დროს ილია უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და, წესით, მეტი უნდა ვიცოდე იმაზე, უნივერსიტეტში რა ხდება, ვიდრე ხალხმა, ვინც უნივერსიტეტს გარეთაა. მაგრამ მაინც ვერ მივცემ თავს უფლებას, შევაფასო, რამდენად წარმატებული დეკანი იყო გიორგი ქადაგიძე. შეიძლება, კარგი და ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ საიდან ვიცი, როგორი დეკანი იყო? ან, თუ ზედანიას და ქადაგიძეს ერთმანეთში კონკრეტულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდათ, საიდან ვიცი, რომელი იყო მართალი? რაკი მე გიგას უფრო კარგად ვიცნობ, ალბათ, მის გამკრიტიკებლებს უნდა ვუთხრა: სირცხვილი თქვენ, ვინც გიგა ზედანიას სიბრძნეს ეჭვის ქვეშ აყენებთ! იცით, რა კარგი ბიჭია? იცით, ნიკოლოზ კუზანელი და მიშელ ფუკო რა კარგად იცის? რატომღაც არ მინდა ამის თქმა.

შეიძლება გიორგი ქადაგიძე შესანიშნავი ფინანსისტი, მაგრამ ცუდი დეკანია. შეიძლება გიგა ზედანია მშვენიერი ფილოსოფოსი, მაგრამ ცუდი რექტორია. მაგრამ ან ერთი ან მეორე რომ თქვა, რაღაცა უნდა იცოდე ან ერთის დეკანობაზე, ან მეორის რექტორობაზე. და არა ასე: „სირცხვილი მას, ვინც ჩემს გიორგის, ან ჩემს გიგას, რამეში არ დაეთანხმება".

გიორგი მაისურაძე

დღეს პირველად შევეცადე, თანმიმდევრულად გავცნობოდი ილიაუნის ბიზნესის სკოლის რეფორმასთან დაკავშირებულ ამბებს. მე არ ვარ აკადემიური საბჭოს წევრი და არც რომელიმე მხარის პოზიციას არ გამოვხატავ, არამედ ჩემი აზრის გამოთქმა მინდა.

პირველ რიგში, „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტი არის ტენდენციური და გიორგი ქადაგიძის სასარგებლოდ მიკერძოებული. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფიგურაა და ბუნებრივია, რომ მის უკან კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები დგას.

ეს მიკერძოება ჩანს როგორც შინაარსში, ასევე უფრო მეტადაც გამომსახველობით მხარეში. მაგალითად, გიგა ზედანიასთან ინტერვიუ ისეა ჩაწერილიც და დამონტაჟებულიც, რომ ის ანტიგმირად გამოჩნდეს. ვისაც ოდესმე ტელევიზიასთან ან კინოსთან შეხება ჰქონია, მიხვდება, რასაც ვამბობ.

სიუჟეტიდან ჩანს, რომ სტუდენტებმა, რომლებიც ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ, არ იციან, რომ ფაკულტეტისათვის სახელის გადარქმევა არ ნიშნავს მათთვის კვალიფიკაციის ჩამორთმევას.

ყველაზე ნიშანდობლივი ამ ამბავში ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან საშიში ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც საქართველოში თანდათანობით ნორმად ყალიბდება: რაც უფრო მეტად პროფიტულია, მეტი ფული შემოაქვს, უფლებრივადაც წინ უნდა იყოს და მეტ რესურსებსაც უნდა ფლობდეს, ვიდრე ნაკლებად ფულის შემომტანი.

ეს სოვდაგრული ლოგიკა, რომელიც მთელი თანამედროვე ქართული პოლიტიკისა და სოციალური ცნობიერების ანარეკლიცაა, სრულიად დამღუპველია უნივერსიტეტის ფუნდამენტური პრინციპისთვის, ასევე მთლიანად განათლების სისტემისათვის და სრული მოსპობით ემუქრება განათლებასაც და კულტურასაც.

ბიზნესის ფაკლუტეტზე ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს, შესაბამისად, ყველაზე მეტი სტუდენტური გადასახადი შემოაქვს უნივერსიტეტში. ამიტომაც მისი ფული ფაკულტეტების გაერთიანების შემდეგ სხვა დარგებზეც გადანაწილდება, რაც სრულიად სამართლიანია, რამდენადაც უნივერსიტეტი ერთიანი და თანასწორუფლებიანი ორგანიზმია და არა კომეციული ბანკი ან სავაჭრო ცენტრი.

როგორც სახელმწიფო უნდა იყენებდეს კომერციული სფეროდან მიღებულ თანხას არაკომერციული სფეროების დასაფინანსებლად - მაგალითად, განათლება, მეცნიერება, საავტორო ხელოვნება, ასევე უნივერსიტეტები უნდა იყენებდნენ მომგებიანი ფაკულტეტებიდან შემოსულ თანხას არამომგებიანების ხელშესაწყობად.

უნივერსიტეტი სასწავლოსთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომლის მთავარი ამოცანაც ახალი ცოდნის ჰორიზონტების შექმნაა, რომელიც ხანგრძლივი და სისტემატური კვლევის შედეგად მიიღწევა.

ამდენად, ნებისმიერ საუნივერსიტეტო სფეროს და დარგს სჭირდება მაღალი აკადემიური სტანდარტების მეცნიერები და არა ტრენერები, ბანკირები თუ ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ პროფესიაში საუკეთესოებიც რომ იყვნენ, არანაირად არ ნიშნავს იმასაც, რომ აკადემიური მუშაობისთვის უბრალოდ ვარგისები იქნებიან.

განათლების და მეცნიერების გაბიზნესებამ მიგვიყვანა აკადემიური დონის კატასტროფულ ვარდნამდე და მთლიანად ცნობიერების უკუსვლამდე.

გიგი თევზაძე

როგორც მერი დუგლასი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციოლოგი, ამბობდა, ინსტიტუტები ფიქრობენ და არა ადამიანები.

ჰოდა, ილიას უნივერსიტეტის გარშემო ატეხილი ამბავი, ამის კარგი ილუსტრაციაა:

საქმე ის არის, რომ უმაღლესი განათლების კანონმდებლობა ისეა აწყობილი, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ ყველა გადაწყვეტილების, ყველა მოქმედების ინტერპრეტაცია ლეგიტიმურად შეიძლება, როგორც ერთპიროვნულისა და ტოტალიტარულის. ასეთია კანონმდებლობა, ანუ სახელმწიფო უნი-ების არსებობის წესი და არ აქვს მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილების, თუ პროცესის შინაარსს. ეს ეხება ყველა გადაწყვეტილებას, როგორც რექტორის, ასევე დეკანების, ადმინისტრაცისა და ა.შ.

ამას ისიც ერთვის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები იმდენად არიან სახელმწიფოზე მიბმული (ქონება სახელმწიფოსია, ფული - ხაზინაშია), რომ გადაწყვეტილების მიმღებებისთვის თავისუფალი მოქმედების არეალი ისევ და ისევ, მხოლოდ შიდა საქმეებში, სახელმწიფოს მიერ მკაცრად მოხაზულ ფარგლებში რჩება.

ამიტომაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ შემთხვევას ვინ როგორ აფასებს. დეკანების გადაწყვეტილების შესახებაც გამიგია „დასაბუთებულად ერთპიროვნულობის" დაბრალება, პროგრამის ხელმძღვანელებზეც და რექტორებზეც (ჩემზეც, მათ შორის).

შედეგად, მთავარი ბრალი სახელმწიფოზეა, რომელიც, უკვე ათეულობით წლებია, ცოცხალი თავით არ თმობს სახელმწიფო უნივერსიტეტების კვაზიავტონომიას (რაში სჭირდება, სხვა საკითხია, რაციონალური პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს). ბრალეულთა სიაში კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები, მოტივები და ვნებები ამის შემდეგ მოდის.

აი, ასე ფიქრობენ ჩვენში ინსტიტუტები.

ქადაგიძის მოთხოვნების შესასრულებლად ილიას უნივერსიტეტს 24 საათი აქვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

„რუსთავი 2-ის“ 100 პროცენტიან წილზე პრეტ ...

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ირგვლივ სასამართლო დავების ახალი ციკლი იწყება. ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის 100% ...
18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
^