„ვაპირებ საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ვაპირებ, უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს. დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამის დისკრეციას აძლევს სამინისტროსა და ცენტრს. მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, რომელიც აქ არის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ამ მნიშვნელოვან თემაზე კარგად დაფიქრდნენ ღირს თუ არა ერთი ადამიანის ხუშტურებზე აყოლით, ასეთი კვაზი რეფორმის გატარება,“ - განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძის განცხადებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებისა და უნარების გამოცდისთვის სავალდებულოობის მოხსნა გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რომელიც პარლამენტის გვერდის ავლით გადაიდგა.
„არავის უკვირს თქვენგან გაუაზრებელი ნაბიჯები ბევრი მიმართულებით, მაგრამ როდესაც გაუაზრებელი ნაბიჯი ეხება განათლებას, ეს არის ორმაგად საზიანო ცალკე ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის, მით უმეტეს. კარგად ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მინისტრს, რომელიც დაინიშნა, თავიანთი უცნაური იდეები ჰქონდათ ხოლმე, მათ შორის, ვაშლების სკოლაში შეტანა, ოღონდ ის იდეა, განსხვავებით ამ იდეისგან, მავნე და საზიანო არ იყო.
ეს ნაბიჯები ემსახურება ბოლო წლებში განათლების რეფორმაში განხორციელებული ფუნდამენტის დარტყმას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ნაბიჯები იყო გაუაზრებელი. არავისთან კონსულტაციები არ ყოფილა. პარლამენტს არც კი ჰკითხეს, განათლების კომიტეტის წევრები საქმის კურსშიც არ იყვნენ, ისე იქნა ეს დაანონსებული,“ - განაცხადა კაპანაძემ.