Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„წმინდა ილია" - რისთვის სჭირდება ილიას უნივერსიტეტს გემი?

08 თებერვალი, 2019 17:37

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე რექტორ გიგა ზედანიას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუპირისპირდა. მიზეზი რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის სკოლა რამდენიმე პროგრამასთან გაერთიანდა, ქადაგიძეს კი თანამდებობის დატოვება მოუწია.

მოგვიანებით, „რუსთავი 2-ის“ ეთერში გამართულ დებატებზე გიორგი ქადაგიძემ უნივერსიტეტი ფინანსების გაუმჭვირვალედ ხარჯვაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, უნივერსიტეტს აქვს სამი სასტუმრო და გემი და აინტერსებდა, ხომ არ იხარჯებოდა ბიზნესის სკოლის ფული მათ შესანახად.

„მე მაინტერესებს, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს აქვს სამი სასტუმრო და გემი, იქნებ, ბიზნესსკოლის სტუდენტების ფულით სასტუმრო და გემი ფინანსდება. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასე არ არის“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.

რა ტიპის გემს ფლობს ილიას უნივერსიტეტი, უღირს თუ არა მისი შენახვა და რისთვის იყენებს ილიაუნი გემს? „ლიბერალი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანს დავით თარხნიშვილს ესაუბრა.

„წმ. ილია“

ჩვენი გემი, თუ არ ვცდები, უნივერსიტეტმა 2007 წელს შეიძინა ძალიან იაფ ფასში. არ იყო კარგ მდგომარეობაში და იყო ძალიან მომგებიანი შენაძენი. რადგან შემდეგ, წლების განმავლობაში, ამ გემის მიხედვით ხდებოდა დელფინების მონიტორინგი და დაგროვდა ისეთი მონაცემები, რომლებსაც იყენებენ მეცნიერები.

ეს არის ძველი თევზსაჭერი გემი. თუ არ ვცდები, უკანონოდ შემოსვლის და კონფისკაციის შემდეგ გაიყიდა ძალიან იაფად აუქციონზე. ეს არ არის კომფორტული იახტა. რა თქმა უნდა, ზღვაში გასვლის დროს - და ეს გემი წელიწადში რამდენჯერმე გადის ზღვაში - აქვს ხარჯები - იქნება ეს საწვავი, მომუშავე პერსონალის ანაზღაურება, შეკეთების ხარჯები თუ სხვა. მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი მის მნიშვნელობასთან.

რატომ სჭირდება უნივერსიტეტს გემი?

უკრაინასა და თურქეთში არიან მეცნიერები, რომლებიც ინტერესდებიან დელფინებით, მაგრამ მრავალწლიანი დაკვირვება მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ახლაც ექსპედიაციაშია და მასში მონაწილეობს კოლეგა თურქეთიდანაც.

მოგვიანებით, გემს დაემატა სხვა ტიპის კვლევებიც. მათ შორის, დედამიწის შემსწავლელი კვლევები, რომლებიც შავი ზღვის გეოლოგიურ ნაწილს შეისწავლიან.

ასევე არის ორნითოლოგების ჯგუფი, რომელიც შეისწავლის გადამფრენ ფრინველებს. ისინი მუშაობენ ძალიან მნიშვნელოვან და მრავალწლიან პროექტზე კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად.

პროექტზე, რომელიც ეხება ფრინველების გრიპს, მის ეპიდემოლოგიას. რადგან ფრინველის ვირუსი ძირითადად იმ წყლამცურავ ფრინველებს გადააქვთ, რომლებიც მიგრირებენ. გემიდან კი ხდება ამ მიგრაციის მონიტორინგი.

ასევე მიდის იხტიოლოგიური კვლევები და სხვა პროექტები, ზოგი დასრულებული, ზოგიც მიმდინარე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმზიდველი რამ სტუდენტებისთვის, რომლებიც საზღვაო კვლევებით ინტერესდებიან. სტუდენტები არიან ჩართული ნებისმიერ კვლევაში, რომელიც ამ გემზე ტარდება.

კვლევითი დაწესებულებების უნივერსიტეტებში ინტეგრირების მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ აკადემიურ მეცნიერებს უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონოდათ უნივერსიტეტის სტუდენტებთან, მათთვის კვლევებში ჩართულობის მეტი სტიმული მიეცათ. აი ამ ხაზს მივყვებით და ვცდილობთ მეტ ჩართულობას.

გემი არის მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის და მნიშნველოვანია კვლევისთვის, რადგან კვლევა თავისთავად არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უნივერსიტეტისთვის.

კვლევის მნიშვნელობა ილიაუნისთვის

ჩვენთან ბაკალავრიატის სტუდენტებსაც აქვთ საველე გასვლები სურვილის შემთხვევაში. მაგისტრანტებისთვის კი ასეთი კვლევები უკვე სავალდებულოა. სამაგისტრო განათლების ღერძი არის კვლევა. არის საგნები, რომლებიც სწორედ ამაში ეხმარებათ.

ჩვენ საბაკალვროზეც სტრატეგიად გვაქვს, რომ შემოგვაქვს პრაქტიკული კურსები. საგნები, რომლითაც ისინიც ჩაერთვებიან კვლევაში აქტიურად. თუმცა ეს არ არის მარტივი, აქვს საკამოდ დიდი ფინანასური ხარჯიც, მაგრამ მაინც ჩვენი მიზანი არის ეს - კვლევა.

თბილისში არის უამრავი უნივერსიტეტი, რომელიც საგნებს ასწავლის, როგორც კოლეჯი. მაგრამ არ აქვს კვლევითი კომპონენტი, ილიას უნივერსიტეტის კუთხე კი სწორედ ეს არის.

ილიას უნივერსიტეტისთვის ძალიან საამაყოა, რომ კვლევით რეგიონში ლიდერი უნივერსიტეტია. რა თქმა უნდა, არა ყველა, მაგრამ მთელი რიგი მიმართულებით. არის საერთაშორისო მონაცემთა ბაზები: Thomson-ის, Clarivate-ის, Scopus-ის მონაცემთა ბაზა და მათი მიხედვით ნეირობიოლოგიის, ბიოქიმიის, ეკოლოგიის, ასტრონომია-ასტროფიზიკის მიმართულებით  -  ჩვენი უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ლიდერია.

უშუალოდ ეკოლოგიაში, ევოლუციურ ბიოლოგიასა და ასტრონომიაში ილიას უნივერსიტეტი არის აბსოლუტური ლიდერი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელს ამ რეგიონში.

ილიას უნივერსიტეტი ახალგაზრდა უნივერსიტეტია, თუმცა მასში თავიდანვე ჩადებული იყო, რომ ეს არის კვლევითი უნივერსიტეტი. აქ არის ინტეგრირებული მეცნიერება და სასწავლო პროცესი.

მაგისტრანტებისთვის საერთოდაც სავალდებულოა, რომ ჩაატარონ ორიგინალური კვლევა, მისი ან მისი მონაწილეობით მოპოვებული მონაცემების ანალიზი. ამისთვის კი, მაღალი დონის მეცნიერებისთვის საჭიროა ქონება. აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება იყოს ძვირი.

დნმ-ის ლაბორატორია, ობსერვატორია, სტაციონარები

მაგალითად, ჩვენ ასევე გვაქვს დნმ-ის ლაბორატორია. 2007-2008 წლიდან რუტინულად ამ ლაბორატორიაში მონაცემების მიღება მიმდინარეობს. თუმცა ის ლაბორატორიაც, საგრანტო დაფინანსებით შეიქმნა და იმაზე ბევრად იაფი დაჯდა, ვიდრე სხვა მსგავსი დაწესებულებები. ამ, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო ინვესტიციის ხარჯზე, ბევრად უფრო ძვირ ლაბორატორიებთან შედარებით, მეტი პუბლიკაცია გვაქვს.

რაც შეეხება სასტუმროებს, სინამდვილეში ესენია საველე სტაციონარები. ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ჰქონდათ უნივერსიტეტებს, მათ შორის, თსუ-ს.

ეს საველე სტაციონარები ინტენსიურად გამოიყენება. მაგალითად, გრიგოლეთის სტაციონარი განკუთვნილი იყო ზღვის კვლევებისთვის. მაგრამ ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო იყენებს ამ ბაზას. ასევეა დედოფლისწყაროს სტაციონარი და ყაზბეგის ბაზა, რომელსაც ეკოლგები იყენებენ კვლევებისთვის.

გვაქვს აბასთუმნის ობსერვატორია და იქ არის სასტუმროებიც, სადაც პირველ რიგში ცხოვრობენ სტუდენტები, მაგრამ ამავდროულად უნივერსიტეტისთვის პატარა შემოსავლის წყაროც არის.

თუმცა, ის აღჭურვილობა, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს, უკვე მოძველებულია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე სულ უფრო გვიჭირს უმაღლესი დონის სამეცნიერო პუბლიკაციებში ჩვენი ნაშრომების გამოქვეყნება. ვმუშაობთ, რომ მოვიპოვოთ გრანტები უფრო ახალი, თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად.

„ლიბერალთან“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე კი ჰყვება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გემის შესახებ მითქმა-მოთქმა დაიწყო. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2012 წელს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ილიას უნივერსიტეტს ჰყავდა იახტა, რომელსაც ადმინისტრაცია დასასვენებლად იყენებდა. მაშინ,როცა ძველმა, შელახულმა გემმა უნივერსიტეტს დამატებით 500 000 ლარის გარე დაფინანსება მოუტანა.

„შავი ზღვის აკვატორიაში ეს ერთადერთი კვლევითი გემია. ბულგარეთიდან, თურქეთიდან ვიღებთ კვლევაზე დაკვეთებს“, - დასძენს ნინო დობორჯგინიძე. 

მისი თქმით, გემის მეშვეობით ჩატარდა კვლევები გარემოს დაცვის სააგენტოსთვის, დაცული ტერიტორიებისთვის, ახლა კი ამერიკელებისგან მიიღეს კვლევის შეკვეთა ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასატარებლად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^