Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე NGO-ები პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

11 თებერვალი, 2019 12:14

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.  

მათი თქმით, საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ  დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. ასევე, მათივე თქმით, საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.

  • „საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონისმოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდარამაც საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების (დანაშაულის საგნის) ვალიდურობა და სანდოობა ეჭვს ქვეშ დააყენა.  კერძოდ,  მამალაძის დაკავება მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. საქმის მთავარი და ძირითადი მტკიცებულების ამ პირობებში და წესით ამოღება განაჩენის კანონიერების საკითხს არსებითად სადავოს ხდის.   
  • საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონი სწორედ ბრალდების მხარეს (პროკურატურას) აკისრებს მტკიცების ტვირთს. სასამართლო მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.
  • საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. კერძოდ, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და კანონით გაუთვალისწინებელი გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით.
  • პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება მათ შორის ,,ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა  მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის - განზრახვის არსებობას.
  • პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^