.jpg)
დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის გამგეობამ მრავალშვილიან დედათა ავტორბოლის ორგანიზების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 500 ლარია.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით ღონისძიება უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 8 მარტისა.
„მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან ქ. თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებს ესკორტი (ესკორტი გაივლის ყველა წესების დაცვით). ესკორტს წინ გაუძღვება 12 კაციანი ორკესტრი“, - ვკითხულობთ შესყიდვის ობიექტის აღწერაში.
მონაწილე მრავალშვილიანი დედებს შემსყიდველი შეარჩევს.
„ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნება მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი. ღონისძიების ჩატარებამდე, მიმწოდებელმა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალბატონს უნდა ჩაუტაროს საკვალიფიკაციო ვარჯიშები. ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მრავალშვილიან 15 ქალბატონს გადაეცემათ საჩუქრები
მოედანზე უნდა მოეწყოს სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა.
ღონისძიება უნდა ჩაატაროს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ნებართვის მქონე, ან მის მიერ ლიცენზირებულმა ორგანიზაციამ“, - წერია დოკუმენტში.
ტენდერში გათვალისწინებულია 250 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი პირველი ადგილოსნისთვის; 200 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მეორე ადგილოსნისთვის; 150 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მესამე ადგილოსნისთვის (პარფიუმერიის მაღაზია შემსყიდველთან შეთანხმებით) 100 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი 12 მონაწილისთვის; 30 ცალი ყვავილების თაიგული მონაწილეებისთვის (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით).