Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისელი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები მინისტრს და კომიტეტს მიმართავენ

20 თებერვალი, 2019 15:51

ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინათა მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრსა და პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტს ერთობლივი წერილით მიმართავენ.

წერილის ავტორი მასწავლებლები იმედოვნებენ, რომ წერილი საზოგადოების ფართო მასების დაინტერესებისა და მსჯელობის საგანი გახდება.

წერილს „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რომ განათლება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ფართო განხილვის თემა. ყველანი ვთანხმდებით, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ რეფორმის ყველა მხარე მხოლოდ დიდი განსჯისა და საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს. ჩვენი აზრით, რეფორმის ის ნაწილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა, ნამდვილად იყო ნაჩქარევი და სპონტანური. საყურადღებოა, რომ ამ ცვლილებას სიხარულით არ შეხვედრია არც ერთი მასწავლებელი და მშობელი, აგრეთვე მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინაიდან გამოცდები მნიშვნელოვნად ზრდიდა სწავლის მოტივაციასა და ცოდნის ხარისხს. ამასთანავე მოსწავლეები ინტერესდებოდნენ და მინიმალურ ცოდნას მაინც იძენდნენ იმ საგნებში, რომლებსაც XI კლასის ბოლოს აბარებდნენ, რაც უღვივებდა მათ აღნიშნული საგნებისადმი ინტერესს. თავის მხრივ კი ფაქტობრივი ცოდნა აუცილებელია ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე შესვლის მსურველთა რაოდენობამ.

გამოცდები დამატებითი მოტივაცია იყო პედაგოგებისთვის, რადგან წარმატებული, ჩაჭრილი თუ დაბალქულიანი მოსწავლე მათი პროფესიონალიზმისა და სწავლების მეთოდის ეფექტურობის ინდიკატორია. გაჟღერდა, თითქოს ეს გამოცდები რეპეტიტორის ინსტიტუტის გაძლიერებას უწყობდა ხელს. არადა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მასწავლებელი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ მასწავლებლის რეპუტაციას აყენებს ჩრდილს მოსწავლის არადამაკმაყოფილებელი შედეგი გამოცდაზე. ახლა პედაგოგები უინტერესო სახეებით მსხდომი მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობით დაინტერესებას ცდილობენ, რაც ყველა გაკვეთილზე პრაქტიკულად შეუძლებელია.

ერთი რამ კი აშკარაა, როგორ შეიძლება, კარგი ინჟინერი გაიზარდოს ქვეყანაში, სადაც მოსწავლეს საფუძვლიანად არ ეცოდინება ფიზიკა ან ქიმია, ან როგორ გაიზრდება კარგ ექიმად, თუ არ ეცოდინა ბიოლოგია? იმის დასადგენად თუ როგორ ისწავლა მოსწავლემ ესა თუ ის საგანი, აუცილებლად უნდა იყოს გამოცდები, ოღონდ ისეთი ფორმატით, როგორიც სწორად შეგვაფასებინებს მოსწავლეს. სასურველია, ეს გამოცდები ჩატარდეს ცენტრალიზებულად, თანაც ძალიან ობიექტურად და სწორედ ამ გამოცდების შედეგებით უნდა ჩაირიცხონ აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება გამოცდები ჩატარდეს Х კლასის ბოლოს ანუ საბაზისო განათლება დასრულდეს X კლასში, ხოლო XI და XII კლასები მთლიანად დაეთმოს სააბიტურო პროგრამას.

ვფიქრობთ, არასწორია იმ სტრესზე საუბარი, რასაც თითქოს მოსწავლეები გამოცდებზე იღებენ, არადა მოსწავლე სტრესის დაძლევასაც უნდა მიეჩვიოს და მისი თავიდან აცილებაც უნდა შეძლოს. სტუდენტებს უნივერსიტეტებში ყველა სასწავლო დისციპლინაში უწევთ გამოცდების ჩაბარება, რითაც ფასდება სტუდენტის მიერ შეძენილი და დაგროვილი ცოდნა. არსებული ლოგიკით გამოცდები უნდა გაუქმდეს და პირდაპირ დარიგდეს დიპლომები. ვფიქრობთ, გამოცდა იმისთვის კი არ არის, რომ მოსწავლე დაითრგუნოს და არცოდნაში გამოვიჭიროთ, არამედ იმისთვის, რომ მოსწავლეს გარკვეული პასუხისმგებლობა ჰქონდეს ამ საგნების მიმართ და სახელმწიფოს მიერ მათი განათლებისთვის დახარჯული თანხა ტყუილად არ გაიხარჯოს. ახლა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისთვის ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გაკვეთილები ინტერესს დაკარგავს, რადგან ამ საგნებში მხოლოდ დასწრება და დამაკმაყოფილებელი ნიშანი მისი მინიმალური სურვილი გახდება, რაც საგნის დაკნინებისა და მასწავლებლის პროფესიული შეურაცხყოფის წინაპირობაა. ბოლოს და ბოლოს რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ამ საგნების მასწავლებლებიც აღარ იქნებიან, ხოლო თაობის მოსალოდნელი გაუნათლებელობა ერის უდიდესი ტრაგედია გახდება.

ჩვენი ბევრი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობენ სხვადასხვა საუკეთესო უნივერსიტეტში, თვლის, რომ სწორედ საატესტატო გამოცდები გახდა მათი ამ საგნებით დაინტერესების მოტივატორი და რომ არა ეს გამოცდები, ისინი ვერ გაიგებდნენ, რამდენად საინტერესო და მრავლისმომცველია საბუნებისმეტყველო დისციპლინები. მეტიც, მათ გადაწყვიტეს, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებით გაეგრძელებინათ სწავლა უნივერსიტეტებში, ამას ადასტურებს სტატისტიკაც, რაც საატესტატო გამოცდებამდე ნაკლებად ხდებოდა.

და ბოლოს, ყველა რეფორმა გარკვეულ ინოვაციას ამკვიდრებს და ახალი მოლოდინებითაა სავსე, შეცდომებიც ყოველთვის გარდაუვალია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებლად გაითვალისწინებთ!!!“.

გეოგრაფიის სპეციალისტები განათლების მინისტრს და პარლამენტს მიმართავენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართვ ...

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამი ...
20 მაისი
20 მაისი

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავ ...

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ გან ...
20 მაისი
20 მაისი

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდებ ...

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამო ...
^