Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტს თბილისში მსვლელობა მოეწყობა

20 თებერვალი, 2019 15:55

არ არსებობს უმუშევარი ქალი - 8 მარტს ქალების მსვლელობა მოეწყობა. ქალთა საერთაშორისო დღეს  მსვლელობა 16:00 საათზე  რუსთაველის მეტროდან დაიწყება და დედაენის ბაღში დასრულდება. 

„გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით, რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა. ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის! არ არსებობს უმუშევარი ქალი!" - მსვლელობისას ქალები მანიფესტს წარადგენენ. მსვლელობის ორგანიზატორია სოლიდარობის ქსელი. მანიფესტს მხარს უჭერს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

წარმოგიდგენთ მანიფესტის ტექსტს: 

შრომა

ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა. ჩვენ გვეკუთვნის ორმაგი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. თუმცა, არსებობს ერთ-ერთი მთავრობის მავნებელი დადგენილება, რომელიც 48-საათიან სამუშაო კვირას სპეციფიკური კატეგორიების ნუსხის სახით ადგენს. ჩვენ ვმუშაობთ 48 საათს ნაცვლად 40 საათისა და ვიღებთ იმავე ხელფასს. ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს სასწრაფოდ! ყოველი ასეთი რვა საათი ჩვენი მოპარული ხელფასია. კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში.

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესალებლობა იქნება გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ვითხოვთ არა მინიმალურ, არამედ საცხორებელ ხელფასს, რომელიც იქნება საკმარისი ჩვენი და ჩვენი ოჯახების გადასარჩენად. მინიმალური ხელფასის განუსაზღვრელობა ამცირებს ანაზღაურებას. არსებობს შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც სრულ განაკვეთზე სამუშაოს ანაზღაურებისთვის 40 ლარს ადგენს, რადგან არ არსებობს ზღვარი. ეს დაბალი ხელფასები აქამდე ჩვენი, ქალების წვალებისა და შრომის ხარჯზე შემორჩა. ჩვენ ნერვებს და ენერგიას  ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით  და ჩვენ თვითონ უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა გაგვიფუჭდება, ხელით ვრეცხავთ; როცა ავად გავხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ. როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის მაგივრად დამატებით ჟაკეტს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ვყიდულობთ ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს, ხოლო ჩვენს დახეულ ტანსაცმელს ხელით ვკემსავთ.

თანასწორობა და შრომა

ჩვენ მოვითხოვთ, დასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან და მათ შორის სამუშაო ადგილზე! საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ვალდებულება ჩავერიოთ ასეთ შემთხვევებში და დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან. ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობაში დამნაშავე მსხვერპლი არ არის. ამისთვის ვითხოვთ მომხდარზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას, პროცედურების გამჭვირვალობას, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში. მოვითხოვთერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარ ანაზღაურებას კაცებთან მიმართებით. გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის „ბუნებრივ” მოვალეობებად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვრითის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების გათენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი.

დეკრეტი
ქალებმა უკვე გამოვაცხადეთ გაფიცვა! ჩვენ აღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში; სახელმწიფოსგან კი არანაირი მხარდაჭერა არ ჩანს. დეკრეტული შვებულება ამის ერთ-ერთი მაგალითია: დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს არეგულირებს, სიმბოლურია, და დედებს, მშობლებსა და ახალშობილებს არ სთავაზობს სრულყოფილ სოციალურ დაცვას. განსაკუთრებით პრობლემურია კერძო სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა, ვინაიდან სახელმწიფო კერძო სექტორს კანონით არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და ამის სანაცვლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო სთავაზობს ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ გამოდის კანონით დადგენილი დეკრეტული შვებულების – 6 თვის განმავლობაში.

მით უმეტეს, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს უფრო მეტი ზრუნვა და კვებითი კალორიები სჭირდებათ. დეკრეტის ვალდებულებისგან სრულიად თავისუფლები არიან დამსაქმებლები. ჩვენ მოვითხოვთ ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას! არსებული დეკრეტით გათვალისწინებული ექვსი თვე კი ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო ადგილის გარანტირებულობაზე დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ. . გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუკი შვებულება არ გამოუყენებიათ დედებს, რაც ახალშობილზე 24-საათიანი ზრუნვის ურთულეს ტვირთს უმეტესად დედებს აკისრებს.  

სამუშაო ადგილზე დაბრუნების შემთხვევაშიც კი დედისთვის, ხანგრძლივი გრაფიკებია, რომ 40 საათიც ფუფუნებაა საქართველოში. დიდი ხნით ახალშობილი ბავშვის დატოვების შემთხვევაში მეძუძურ ქალებს გაუჭირდებათ საკმარისი რძის წარმოება, ასევე გასათვალისწინებელია დედის და ბავშვის მიჯაჭვულობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე, ვაწყდებით დედების დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე აყვანისას, რადგან ყველას სჭირდება თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველდღე დამატებითი საათებით შეძლებს სამსახურში დარჩენას.

ჩვენ ვითხოვთ, რომ, როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს, მამებსაც მიეცეთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების უფლება, და სამომავლოდ გაიზარდოს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დრო, 6 თვიდან ორ წლამდე.

ბაღები
რაც შეეხება საჯარო ბაღებს, აქ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საბავშვო ბაღები არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ბაღებში არ არის საკმარისი ადგილები და ყოველწლიურად 10 000-ობით აღსაზრდელი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. 

მასწავლებლებს უწევთ იმაზე მეტი ბავშვის მოვლა ვიდრე ფიზიკურად შესაძლებელია. შესაბამისად, რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ ბაღის მასწავლებლები, რომლებიც უმეტესად ქალები არიან, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ამდენ ბავშვთან გამკლავებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენ, საკუთარ ბავშვებს აღსაზრდელად ვაბარებთ ბაღის თანამშრომლებს, რომელთა ხელფასიც 275 ლარიდან საუკეთესო შემთხვევაში 660 ლარამდე მერყეობს, რაც სრულიად არ შეესაბამება მათ უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციასა და როლს და არ უზრუნველყოფს, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მოვიდნენ კვალიფიციური კადრები. 

უფრო მეტიც, ბაღების და სკოლების გრაფიკი არ ემთხვევა სამსახურების დაწყებისა და დასრულების დროს, რაც კიდევ ერთი დაბრკოლებაა ჩვენთვის. ჩვენ მოვითხოვთ, მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც გვქონდეს – ერთი საათი სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს, რათა შეგვეძლოს ჩვენი შვილების ბაღებში/სკოლებში უსაფრთხოდ მიყვანა და გამოყვანა.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს ბაღების სახელმწიფო დაფინანსება და ბაღები გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამასთანავე, ბაღებში ბავშვები მიღონ 6 თვიდან 6 წლამდე.

სრულად მანიფესტის ტექსტს გაეცანით აქ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართვ ...

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამი ...
20 მაისი
20 მაისი

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავ ...

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ გან ...
20 მაისი
20 მაისი

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდებ ...

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამო ...
^