Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC მოუწოდებს მარნეულის მუნიციპალიტეტს, შექმნას უმცირესობის ენაზე თარგმნის რესურსები

22 თებერვალი, 2019 17:32

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ეთნიკური უმცირესობების ენაზე საჯარო ინფორმაციის თარგმნის პოლიტიკის და რესურსების არ არსებობის პრობლემას და მერიას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისკენ მოუწოდებს.

„რადიო მარნეულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის ანალიზი აჩვენებს, რომ კომუნიკაციის ეს პლატფორმები მხოლოდ ქართულენოვანია. მეტიც, რეგიონში EMC მუშაობა აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია თარჯიმნის რესურსი, რის გამოც ადგილობრივი აზერბაიჯანულენოვანი თემი ვერ ახერხებს განცხადებების/საჩივრებისა და სხვა დოკუმენტების მათ ენაზე ჩაბარებასა და თარგმნილი საჯარო ინფორმაციის მიღებას.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის უმრავლესობას, ხოლო აზერბაიჯანული თემი მარნეულის მოსახლეობის დაახლოებით 83-84 %-ს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემში საკმაოდ დაბალია, რაც არაერთი კვლევით დასტურდება, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის მხოლოდ სახელმწიფო ენაზე გავრცელება, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან იმ პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, რაც მას ნაკისრი აქვს როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ეროვნული კანონმდებლობით.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება, თვითონ დაადგინოს საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის/კორესპოდენციის ოფიციალური ენა, მას აქვს პოზიტიური ვალდებულება, ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, გამოიყენოს უმცირესობის ენა, ამ ადამიანებსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის ურთიერთობაში. ამ ვალდებულებას განუსაზღვრავს წევრ სახელმწიფოებს

„ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩო კონვენცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ძალაშია 2006 წლიდან. გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ლინგვისტურ უფლებებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომლის თანახმადაც, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ეთნიკური უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას (მუხლი 9.3). ასევე ამავე კანონის მე-11 და 12 მუხლები ავალდებულებს სახელმწიფოს ეთნიკური უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის და მასზე გაცემული პასუხის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის უმცირესობის ენაზე თარგმნას.

EMC მიიჩნევს, რომ: ლინგვისტური უფლებების კუთხით თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისიპოზიტიური ვალდებულების დარღვევა, გავლენას ახდენს ეთნიკური უმცირესობების სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ მონაწილეობაზე და მათ იზოლაციას და გარიყულობას აღრმავებს. ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში სახელმწიფო ენის მხარდაჭერის პოლიტიკამ არ შეიძლება მათთვის გამრიყავი გავლენა იქონიოს და სახელმწიფოსთან ბაზისური კომუნიკაციის შესაძლებლობები წაართვას. პრობლემურია თარგმანის რესურსების არ ქონა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების პირველი რგოლია და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პოლიტიკის წარმოებასა და ადგილობრივი საჭიროების გადაწყვეტაზე არის პასუხისმგებელი. ეს მიდგომა არსებითად ართულებს ინტეგრაციის პროცესს და ეთნიკურ უმცირესობათა ბაზისური უფლებების უგულებელყოფას წარმოადგენს.

EMC მოუწოდებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს:

ადგილობრივ დონეზე აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის რესურსის შექმნა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, განცხადებების, საჩივრების და სხვა ტიპის დოკუმენტების, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების და საჯარო ინფორმაციის მათ ენაზე თარგმნა;

ოფიციალური ვებ-გვერდისა და ფეისბუქ გვერდის ორენოვანი (ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე) ოპერირება და მანამდე, აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის სხვა ფორმით გავრცელების უზრუნველყოფა;

მნიშვნელოვანი ნორმატიული დოკუმენტების, ასევე პოლიტიკის დოკუმენტების უმცირესობის ენაზე თარგმნა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

EMC გეგმავს აღნიშნულ პრობლემატიკაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავს, სამართლებრივი დავის წამოწყებას, ადგილობრივების უფლებების დაცვისთვის", - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

საერთო ენის ძიებაში

არაქართულენოვანი სკოლების საკადრო გასაჭირი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
22 მარტი
22 მარტი

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესრ ...

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედე ...
22 მარტი
22 მარტი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული სა ...
^