Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ების კოალიციამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატი დატოვა

27 თებერვალი, 2019 17:55

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შექმნილი სამუშაო ფორმატი დატოვა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები უნდა შეემუშავებინა.

კოალიციის განცხადებით, ფორმატი არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას. არ უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვას.

„სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაორაზროვნად გამოვლენილი პოზიციით ცხადი გახდა, რომ ის არ აპირებს იმ ტიპის კანონპროექტის შექმნას, რომელიც სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ერთპიროვნულ ნომინირებას გამორიცხავს.

პარლამენტის თავმჯდომარის ეს პოზიცია ცხადად ადასტურებს მისი და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის შეთანხმებულ მოქმედებას, შესაბამისად, ამგვარ ფორმატში კოალიციის მუშაობის გაგრძელება აზრს მოკლებულია“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, მათ სამუშაო ჯგუფს წერილობით წარუდგინეს მოსაზრებები, რომლებიც აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის წარდგენილ მოსაზრებებთან თანხვედრაშია.

„ამავდროულად კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ცალკეული დებულებების დეტალურ განხილვამდე, არსებითად მნიშვნელოვანია პრინციპული შეთანხმება იქნეს მიღწეული 5 ძირითად საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:

  1. არსებითად მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით სათანადოდ იყოს გარანტირებული იმ პირთა მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, რომელთაც არ აქვთ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება, თუმცა სამართლის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ. ღია კონკურსში მონაწილეობის საშუალება მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გარდა პროფესიაში მყოფ სხვა პირებსაც (ადვოკატებს, პროკურორებს და ა.შ.) უნდა მიეცეს, რაც სასამართლო სისტემის ღიაობას უზრუნველყოფს. წარმოდგენილი კანონპროექტის სამუშაო ვერსია სავალდებულო მოთხოვნის სახით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის სავალდებულოობას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს იმ პირთა წრეს, რომელთაც კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ;
  2. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ იმგვარ ნორმებს, რომელიც პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას უზრუნველყოფს. არსებითად მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თავად გადაწყვეტენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას, შეუჩერდეთ საბჭოს წევრის უფლებამოსილება, რათა კონკურსის დასრულებამდე გამოირიცხოს მათი მონაწილეობა როგორც კანდიდატების განხილვის, ასევე საკუთარი თავის ან კონკურენტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  3. შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს ბუნდოვან ფარდობით კენჭისყრას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკურსის ობიექტურად ჩატარებას და საუკეთესო კანდიდატების შერჩევას. აუცილებელია კანონპროექტიდან ე.წ. ფარდობითი კენჭისყრის საფუძველზე „გრძელი სიის“ შექმნის შესახებ დებულებების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული კლანს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე ეტაპზე 45 კანდადატისგან შედგენილ სიაში დატოვოს მხოლოდ მისთვის მისაღები კანდიდატები და გამორიცხოს ის კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა საბჭოს დანარჩენი წევრების მხარდაჭერით ესარგებლა;
  4. განსახილველ პროექტი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს 2/3-ის უმრავლესობით, რაც ვერ უზრუნველყოფს არამოსამართლე წევთა რეალურ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. არსებითად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ითა და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით. ასევე აუცილებელია მიღებული გადაწყვეტილება იყოს სათანადოდ დასაბუთებული;
  5. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა სრულად განახორციელოს ნომინირებული კანდიდატების კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება და ამ მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციაში.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოხატული პოზიცია ცხადყოფს, რომ ის ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ საკვანძო საკითხებს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია რეალური საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად და ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების ობიექტური და ღია პროცესის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, ირაკლი კობახიძის შემოთავაზებული ფორმულა სასამართლოში გაბატონებულ კლანს აძლევს შესაძლებლობას საბჭოს სახელით თავად გადაწყვიტოს კონკრეტული კანდიდატების ნომინირების საკითხი. რაც კლანისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერას ამტკიცებს.

ამის გამო, სამუშაო ჯგუფი ფორმალური ხასიათისაა და კოალიცია უარს აცხადებს ამ სამუშაო ჯგუფში მუშაობის გაგრძელებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^