Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილის კანონპროექტით მღვდელმსახურება ჯარიდან ვეღარ დაიხსნის - რას აპირებს „გირჩი“

13 მარტი, 2019 19:24

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. კანონპროექტით, მღვდელმსახურება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება.

შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პარტია „გირჩთან“ დაარსებული „ბიბლიური თავისუფლება“ ახალგაზრდებს ჯარიდან ვეღარ დაიხსნის.

სესიაშვილის თქმით, სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებს ვერც ერთი სასულიერო პირი მართლმადიდებელი მღვდლების გარდა. სასულიერო პირებს სამხედროს ნაცვლად ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოუწევთ, რომელსაც კანონი აქამდეც განსაზღვრავდა.

მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის კი სამხედრო სამსახურის გადავადებას ეკლესიასთან დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება უზრუნველყოფს.

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა დისკრიმინაციული არ არის და მიმართულია იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებმაც წვევამდელთა ჯარიდან დახსნა მასიურად დაიწყეს.

სესიაშვილი „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ ასეთია სწორედ „ბიბლიური თავისუფლება“, რომელმაც გაწვევის სისტემა ჩამოშლის საფრთხის ქვეშ დააყენა.

„მაგალითად, ბერს თუ არ აქვს სურვილი, ისევე როგორც სხვა რელიგიის წრმომადგენელს, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქესაც თუ არ სურს ჯარში სამსახური რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის გამო, ის ამბობს გამწვევ პუნქტში, რომ არ სურს სამხედრო სამსახური და წავა ალტერნატიულ შრომით სამსახურში.

ამ სისტემით სარგებლობდა აბსოლუტურად ყველა. ერთადერთი გამონაკლისი იყო მღვდელმსახური. თუმცა, კანონში ეს იყო გაუგებარი ტერმინი, რადგან ყველა რელიგიაში სასულიერო პირს მღვდელმსახური არ ჰქვია.

ამავდროულად ზოგიერთმა ორგანიზაციამ ისარგელბა ამ ჩანაწერით და ხელოვნურად შექმნა ფონი გაწვევიდან თავის ასარიდებლად. მეტიც, მე მგონია, რომ ეს კორუფციის ელემენტებსაც შეიცავს, რადგან ამ ცნობებში ახდევინებენ ფულს.

მაგალითად, „გირჩთან“ ასოცირებულმა რეგლიურმა ორგანიზაციამ, როგორც ის თავისთავს უწოდებს, 6500 წვევამდელს მისცა ასეთი ცნობა, რომელშიც გადაახდევინა 20-დან 100 ლარამდე. ეს ჯამში 300 000 ლარამდე გამოდის. დღეს ასეთი ორგანიზაციები კიდევ გამოჩნდნენ. ასე თუ წავალთ, გაწვევის სისტემა მთლიანად იქნება ჩამოშლილი.

ჩემი ინიციატივაა, რომ ამოვიღოთ ეს მუხლი, გადავადების საფუძველი აღარ იქნება მღვდელმსახურება. ვისაც არ უნდა იარაღის ხელში აღება გინდა რელიგიური იყოს და გინდა არ იყოს რელიგიური, მიმართავს გამწვევ კომისიას, წაიყვანენ ალტერნატიულ შრომით სამსახურში და სადაც გაანაწილებენ იქ იმსახურებს“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი „ლიბერალთან“.

დეპუტატის თქმით, რელიგურ კონფესიებს საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამთ და არც დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. სესიაშვილის თქმით, სასულიერო პირები მიმართავენ ალტერნატიულ შრომით სამსახურს, ასეთ სამსახურად კი თავიანთ კონფესიებში მსახურება ეთვლებათ.

„რაც შეეხება მღვდლებს, ეს რეგლურდება საკონსტიტუციო შეთანხმებით. თუმცა, წარმოიდგინეთ, 6500 წარმოადგინა „გირჩმა“ და მართლამდიდებელმა ეკლესიამ 80 მღვდელზე გააკეთა მოთხოვნა. არც სხვა კონფესიებს არავითარი პრეტენზია არ აქვთ. აქ დისკრიმინაცია ნამდვილად არ არის. ჩვეულებრივად მიმართავენ ალტერნატიულ შრომით სამსახურს და ითხოვენ იმ კონფესიაში მსახურს, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

მაგალითად მორჩილი მიდის ალტერნატიულ შრომით სამსახურში. მერე ითხოვს, რომ იმსახუროს მონასტერში, რომელშიც მიდის და მსახურობს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და არამარტო ჩვენთან. იქ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა და ჩვენ ვერ დავუშლით.

თუმცა, პერიოდულად ხდება გადამოწმება და თუ ვინმე იტყუება, არის შესაბამისი სანქციები გათვალისწინებული. მოკლედ, კეთილსინდისიერებაზე ვსაუბრობთ. ხარ სასულიერო პირი, შენ ამის უფლებას გაძლევს სახელმწიფო, არ ხარ და უნდა მოიქცე, როგორც რიგითი მოქალაქე“, - ჰყვება „ლიბერალთან“ სესიაშვილი.

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას გაწვევის სისტემა სჭირდება. მაგალითად ბალტიის ქვყენები მოჰყავს, რომლებშიც დეპუტატის თქმით, გაუქმებული სისტემა დააბრუნეს, რადგან „მიხვდნენ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს“. სესიაშვილის თქმით, გაწვევის სისტემა უნდა არსებობდეს, მთავარი გამოწვევა მისი სწორი ფორმაა.

„ბიბლიურ თავისუფლებაში“ მიიჩნევენ, რომ სესიაშვილის კანონპროექტი დისკრიმინაციულია და მის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ. ლევან ჯგერენაიას თქმით, ისინი სავალდებულო სამსახურის მთლიანად გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლას გააგრძელებენ, მათ შორის ამ ინიციატივის წინააღმდეგაც.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური საერთოდ უნდა გაუქმდეს. არ უნდა ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი და ამას ვამბობდით მაშინ, როცა დავაარსეთ ეს ორგანიზაცია. რაც შეეხება ამ კანონპროექტს არის ჩვენს წინააღმდეგ მიმართული და დისკრიმინაციული. ამბობენ, რომ არ შეეხებიან მართლმადიდებლებს და შეგვეხებიან ჩვენ.

ბრძოლის ბევრი გზა არსებობს. იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, სტრასბურგის სასამართლოში წასვლა, შეიძლება ვიმსჯელოთ აქციის ფორმაზეც. ასევე ვაპირებთ ვნახოთ ყველა დეპუტატის და მათი შვილების სია, ვნახოთ რომელმა მათგანმა გაიარა ჯარი“, - ამბობს ჯგერენაია „ლიბერალთან“. 

ჯგერენაია ჰყვება, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ იარაღის ხელში დაჭერას არ კრძალავს, თუმცა კრძალავს მონობას, რომლის ერთ-ერთი სახეცაა ადამიანების იძულება მათი ნების წინააღმდეგ წაიყვანონ სამხედრო სამსახურში.

ჯგერენაიას თქმით, აბსურდულია სესიაშვილის ბრალდება, რომ მოწმობის სანაცვლოდ საფასურის აღებაში კორუფციის ნიშნები ჩანს, რადგან კორუფცია სრულიად სხვანაირად განიმარტება და საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს, პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^