Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილის ინიციატივას არასამთავრობოები რელიგიური ნიშნით დიკრიმინაციად აფასებენ

14 მარტი, 2019 17:09

„კოალიცია თანასწორობისთვის“ კრიტიკულად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას. კოალიციის პოზიციაა, რომ ინიციატივა რელიგიის თავისუფლების სფეროში კანონმდებლობის აშკარა გაუარესებას და მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა, ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

სესიაშვილის კანონპროექტით მღვდელმსახურება ჯარიდან ვეღარ დაიხსნის - რას აპირებს „გირჩი“

კოალიცია აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, რომელიც საკუთარი სინდისის, რწმენისა და რელიგიის საწინააღმდეგო ქმედებისგან ადამიანის დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს, რელიგიის თავისუფლების განუყოფელი ელემენტია და ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის აღიარებული და დაცული უფლება.

„კონკრეტული ჯგუფისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინიციატივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსგავს მდგომარეობაში მყოფ დომინანტური რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს ანალოგიური უფლება უნარჩუნდებათ, შეუძლებელია, მოეძებნოს ლეგიტიმური გამართლება და რელიგიური ნიშნით აშკარა დისკრიმინაციას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კოალიცია შემაშფოთებლად მიიჩნევს ინიციატივის ავტორის განმარტებას, რომლის თანახმად, ცვლილების აუცილებლობა არსებული კანონმდებლობის მოქმედების ხარვეზით არის გამოწვეული და მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის უფლების შენარჩუნება  საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით არის განპირობებული.

კოალიცია კომიტეტის თავმჯდომარეს მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზის რომელიმე ჯგუფისთვის უფლების შეზღუდვის სანაცვლოდ მოწესრიგება.

 „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს

  • კრიტიკულად შეაფასონ და მხარი არ დაუჭირონ ბატონი ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას და დაიცვან და პატივი სცენ თანასწორობის და რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს;
  • სათანადოდ გაიაზრონ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ არსებული სოციალური უკმაყოფილება და პირადი თავისუფლებისა და თვითგანვითარების უფლების, ასევე სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებით მის არსებით რევიზიაზე იფიქროს;
  • სათანადოდ გაიაზრონ რომ უთანასწორობისკენ მიმართული ინიციატივები არღვევს დემოკრატიული, სამართლიანი და პლურალური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში გარიყულობის ღრმა კვალს ტოვებს.

კოალიცია თანასწორობისთვის"

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით  შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^