Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

11 კითხვა მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის საქმის შესახებ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

21 მარტი, 2019 18:14

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ ხაზარაძესთან დაკავშირებული საქმის ირგვლივ ბუნდოვანება რჩება და საზოგადოებამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები, მათ შორის გამოძიებისგან, ჯერ კიდევ ვერ მოისმინა.

ორგანიზაცია მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ საქმის შესახებ 11 კითხვას აქვეყნებს:

  1. რატომ დაინტერესდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური „თიბისი ბანკის“ 2008 წლის აპრილის ტრანზაქციით და დაიწყო მისი შესწავლა მხოლოდ 10 წლის თავზე, 2018 წლის მაისში? 
    უცნობია, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „თიბისი ბანკსა”  და მის კლიენტებს შორის 10 წლის წინ  განხორციელებული არაერთი ტრანზაქციიდან მოცემული საბანკო ოპერაცია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმა, თუ რაიმე ინფორმაცია არსებობდა ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით?  ხომ არ იყო ეს ინფორმაცია შეგნებულად გადანახული, რათა მისი გამოყენება საჭიროების მიხედვით მომხდარიყო? მოცემული საკითხის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, უწყებას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
  2. როგორ გაჟონა მედიაში ინფორმაციამ მონიტორინგის დაწყების შესახებ  2018 წლის ივნისში? 
    საფინანსო სექტორი აღნიშნული საკითხების მიმართ განსაკუთრებით მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შემოწმების განმახორციელებელმა სტრუქტურებმა შემოწმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა უზრუნველყონ. როგორც წესი, მსგავსი ტიპის შემოწმებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ ვრცელდება, კონფიდენციალურობის ვალდებულებას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიც ადგენენ. „თიბისი” ბანკის შემთხვევაში კი ინფორმაცია საეჭვოდ გასაჯაროვდა, რაც ბუნებრივია საზოგადოებაში ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელების შესახებ ლეგიტიმურ ეჭვებს წარმოქმნის. 
  3. რატომ უძღოდა წინ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის მედიაში გავრცელება პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას?  
    ხაზარაძის განმარტებით, ინფორმაციის გამჟღავნებამ ხელი შეუშალა და პრაქტიკულად ჩაშალა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე თანხების მოსაზიდად ხელშეკრულების გაფორმება, ასევე დიდი ზარალი განიცადეს „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა.  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურამ პირველად მხოლოდ 2019 წლის 9 იანვარს დაადასტურა გამოძიების დაწყება მას შემდეგ, რაც წინა დღეს ერთ-ერთმა ონლაინ გამოცემამ ექსკლუზიურად გაავრცელა საქმის დეტალები.  
  4. რა მიზანს ემსახურებოდა პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, მმართველი  პარტია „ქართული ოცნების” საჯარო განცხადება? 
    მოცემული საქმის ირგვლივ პროკურატურის ბრიფინგების შემდგომ იდენტური  შინაარსის განცხადებებით და ასევე,ბრიფინგის გამართვით, „ქართული ოცნება” პრაქტიკულად პროკურატურის ქმედებების დამატებით გამართლებას შეეცადა.
  5. ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული სანქცია: „თიბისი” ბანკის ზედიზედ ორჯერ დაჯარიმება და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის - ხაზარაძე/ჯაფარიძის ბანკის მმართველობიდან გაწვევა, არის თუ არა პროპორციული პასუხისმგებლობა და ხომ არ შეიძლებოდა ამ შემთხვევაში სხვა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენება?
  6. რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებული განცხადებით, როდესაც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე სავარაუდო ზეწოლაში დაადანაშაულა? 
    კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი ამ საჯარო განცხადების შემდეგ, პროკურატურა ვალდებული იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაეწყო და შეესრულებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები.
  7. სადავო ტრანზაქცია რამდენად შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ნიშნებს? 
    არსებობს ეჭვი, რომ სავარაუდო დანაშაულის ასეთი კვალიფიკაცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს მისი გამოძიების 30 წლიან ხანდაზმულობის ვადასთან.
  8. რატომ არ დაიწყო გამოძიება ხაზარაძის მიერ პროკურატურისათვის გამოძიების ეტაპზე მიწოდებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მისივე თქმით, შსს მინისტრის მიერ მასზე მუქარას უკავშირდებოდა? რატომ არ დაიკითხნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მოცემული საქმის სხვა ფიგურანტები? 
    მაშინ როდესაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხულმა ხაზარაძემ შს მინისტრის მხრიდან მიღებულ მუქარის შემცველ წერილზე ისაუბრა, გაუგებარია რატომ არ დაიწყო პროკურატურამ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მოგვიანებით პროკურატურამ ხსენებული წერილიგაასაჯაროვა. 
  9. რატომ ვერ/არ იძიებს დროულად პროკურატურა „თიბისი” ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევას?
    ხაზარაძის განაცხადებით, „თიბისის” თანამშრომლების მიერ დადგენილია IP მისამართი, საიდანაც განხორციელდა კიბერშეტევა, ასევე შესაძლო დამნაშავე პირების სავარაუდო ვინაობა.  ამასთან, „თიბისი” ბანკმა გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში მისწერა  და ყველა მასალა გადასცა. შს მინისტრის მოადგილის 21 მარტის  განცხადების მიხედვით,  რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისიდან,  საიდანაც „თიბისი” ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, კომპიუტერები ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კიბერშეტევის გარემოებების დადგენის ქმედებათა უდიდესი ნაწილი „თიბისი” ბანკის მიერ უკვე შესრულებულია, შს მინისტრის მოადგილის განმარტებით საქმის გაჭიანურებას ადგილი არ აქვს და რთული საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.
  10. რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ  განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა  სავარაუდო ზეწოლას წინასაარჩევნოდ ვალების ჩამოწერის პროგრამაში „თიბისი” ბანკის მონაწილეობასთან დაკავშირებით?
    ხაზარაძის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ,  „ვალების ჩამოწერის“ შესახებ „ქართული ოცნების” დაპირების შესასრულებლად,  ბანკის 120 მილიონიანი ლარის სესხების  „ქართუ ფონდისთვის” 3 მილიონ ლარად გადაცემა (დათმობა) არა ნებაყოფლობით, არამედ გარკვეული ზეწოლის შედეგად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძისვე ცნობით, ბანკებთან მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ, როცა ოფიციალურად ფინანსთა სამინისტრო ამ პროცესში ჩართული არ იყო.
  11. რატომ არ იქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია? 
    ხაზარაძე  „თიბისი” ბანკსა და მის წინააღმდეგ „ორკესტრირებულ” შეტევაზე საუბრისას ასახელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის,  ასევე შსს მინისტრის მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტებს, ბანკზე კიბერთავდასხმის მცდელობას, „ვალების ჩამოწერის” პროგრამაში მონაწილეობის იძულებასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის ხელის შეშლას. მოცემულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაუგებარია კომისიის შექმნაზე უარი, მაშინ როდესაც მისი ფუნქცია სწორედ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლაა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ისტორიის შესახებ იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - საპენსიო პროგრამაში ჩართულთა 57%-ს ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გა ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვე ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
^