დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე ბავშვთა კოდექსზე საუბრის დროს განაცხადა, რომ „სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში, მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით".
სხდომაზე, რომელსაც მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოს კოდექსით აკანონებენ გარყვნილებას, ან შემოაქვთ „რაღაც სექსუალური აღზრდის გაკვეთილები".
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი „ლიბერალმა" ვებგვერდზე გამოაქვეყნა, დაგვიკავშირდნენ სოფო კილაძის აპარატიდან და გვითხრეს, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო, რადგან სოფო კილაძე სხვა რამეს გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა" დაუმახინჯებლად, სიტყვა-სიტყვით გადმოსცა ციტატა, რომლითაც მან დღეს პარლამენტში საზოგადოებას მიმართა. შესაბამისი გამოსვლის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
რა თქვა კილაძემ:
„სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის, ჩემო მეგობრებო.
მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. და ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურლი ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლეასიას და სხვა კონფესიებს ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით" - თქვა კილაძემ.
როგორ განმარტავენ მის ნათქვამს აპარატში
სოფო კილაძის აპარატში განმარტავენ, რომ ცალკე თემა არის სექსუალური აღზრდა, ხოლო სასულიერო პირები საერთოდ სხვა კონტექსტია.
„როდესაც არის კრიზისული სიტუაციები, ბავშვს რაიმე გარდამტეხი ასაკი აქვს, ან ინკლუზიური ტიპის ბავშვია და მარტო ფსიქოლოგი ვერ მუშაობს მასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სასულიერო პირის ჩართვას თუ მშობელს უნდა. ეს ეხება მხოლოდ კრიზისულ და ფსიქიკურ პრობლემებს" - გვითხრეს სოფო კილაძის აპარატში.
შენიშვნა: გამოქვეყნებული მასალა და სათაური თავდაპირველად ასახავდა მხოლოდ სოფო კილაძის განცხადებას. „ლიბერალმა" მასში ცვლილებები შეიტანა იმისათვის, რომ სრული სიცხადისთვის, მკითხველი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, თუ რა იგულისხმა სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში